ჯორჯ კოლინზი 32 წლის იყო, როცა სამსახურის ძიებისას ერთ-ერთ კომპანიაში დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე აიყვანეს. მაშინ მან ჯერ არ იცოდა, რომ ეს დღე მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა.
აღმოჩნდა, რომ დირექტორი 92 წლის მარია ალტმანი იყო, რომლის სახელი ისტორიკოსებმა კარგად იციან. ალტმანი ჰოლოკოსტის მსხვერპლი და ცნობილი ავსტრიელი მწერლის, ფერდინანდ ბლოხ-ბაუერის მემკვიდრეა. მარიამ მემკვიდრეობით არაერთი ძვირფასი ნივთი, მათ შორის, გულტავ კლიმტის ნახატებიც მიიღო.
იცოდა თუ არა ჯორჯმა მარიას წარმომავლობის შესახებ გასაუბრებაზე მისვლისას, უცნობია, თუმცა, როგორც თავად იხსენებს, ქალი ერთი ნახვით შეუყვარდა: „მახსოვს, პირველად რომ შევხვდით, თავიდან ფეხებამდე ჟრუანტელმა დამიარა. ეს იყო სიყვარული ერთი ნახვით. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ მოხდებოდა“ - იხსენებს ჯორჯი The Guardian-თან საუბრისას.
სიმპათია ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ მარია ალტმანსაც პირველივე დანახვისას გაუჩნდა. როგორც თავად იხსენებდა, ჯორჯის გვერდით თავი 30 წლის გოგოდ იგრძნო. „თითქოს სხვა ცხოვრებაში აღმოვჩნდით. ეს ორივესთვის ზღაპრული სამყაროა, სადაც ციფრები არაფერს ნიშნავს“ - ამბობდა მარია.
ჯორჯ კოლინზს სიამოვნებდა ურთიერთობა დახვეწილ, განათლებულ და ჩამოყალიბებულ ქალთან, რომელიც, როგორც თავად განმარტავდა, მისთვის დედაც იყო, ბებიაც და მეგობარიც. მან ამ გრძნობების ფურცელზე გადატანა გადაწყვიტა და დაწერა წიგნი, სახელწოდებით „როგორ შევხვდი, მიყვარდა და დავკარგე ჰოლოკოსტის გმირი მარია ალტმანი“ (How I Met, Loved and Lost Legendary Holocaust Refugee Maria Altmann). ამ წიგნის მიხედვით 32 წლის ჯორჯისა და 92 წლის მარიას სიყვარულის შესახებ ნიუ-იორკში სპექტაკლიც კი დადგეს, მარია ალტმანის ცხოვრებაზე კი ფილმი გადაიღეს, თუმცა სიუჟეტი მთლიანად მის ახალგაზრდობაზეა და მასში ჯორჯ კოლინზი არ ფიგურირებს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>