რუსკა მაყაშვილი ბევრისთვის საყვარელი ტელეწმყვანი და მსახიობია. მისი კარიერა და პირადი ცხოვრება კი მუდმივად ინტერესის საგანია. რუსკა ოჯახზე იშვიათად საუბრობს, რადგან, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მის მეუღლეს, სანდრო ნიჟარაძეს, კამერებთან გამოჩენა არ უყვარს.
რუსკამ და სანდრომ ერთმანეთი 14 წლის ასაკში გაიცნეს, წლების შემდეგ დამეგობრდნენ და ეს მეგობრობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში. სანდრომ მომავალ მეუღლეს ხელი 2015 წელს სთხოვა. წყვილს უკვე ორი შვილი, ილია და კატო ჰყავს.
რუსკა მაყაშვილმა პირად ცხოვრებასა და მეუღლესთან ურთიერთობაზე გადაცემა „სთორის“ ეთერში ისაუბრა. როგორც მსახიობი განმარტავს, მისი ხასიათი შვილების გაჩენის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის, მეუღლესთან მიმართებითაც: „ძალიან ეჭვიანი ვარ. ადრე მამაკაცის მიმართ ვიყავი ეჭვიანი, თუმცა ეს გრძნობა ახლა მეგობრებისა და შვილებისკენაა მიმართული. მე თვითონაც მიკვირს, როგორ შევიცვალე ასე. კოშმარია მამაკაცის მიმართ ეჭვიანი ქალი, არასდროს არ მომწონდა ჩემი თავი ასეთი, მაგრამ იმ მომენტში სხვას ვერაფერს ვხედავდი. „სად იყავი?“, „რატომ მოხვედი გვიან?“ - ამის შემდეგ ჩემს თავს გვერდიდან რომ ვუყურებდი, მრცხვენოდა. საოცრად ეჭვიანი ვიყავი და უსაფუძვლოდაც ვეჭვიანობდი, მაგრამ ახლა ჩემს ქმართან ამ მხრივ ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს და ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს“ - ამბობს რუსკა.
მსახიობმა მეუღლესთან ურთიერთობის პირველი წლებიც გაიხსენა და თქვა, რომ თავიდან ვერც კი წარმოიდგენდა, რომ შეიძლებოდა მათ რომანი ჰქონოდათ, რადგან სანდრო საზღვარგარეთ სწავლობდა და სხვა ინტერესები ჰქონდა: „ვერც კი ვიხსენებ, როდის გადაიზარდა ჩვენი მეგობრობა სიყვარულში“ - აღნიშნავს რუსკა.
რუსკა მაყაშვილმა შვილებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ძიძის ყოლის კატეგორიული წინააღმდეგია, ის და მისი მეუღლე, სანდრო ნიჟარაძე, თავად ზრდიან შვილებს და ცდილობენ, მათ მაქსიმალურად თავისუფალი გარემო შეუქმნან. ძიძის ნაცვლად კი, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას მშობლებს სთხოვენ. მსახიობმა დის, ნინუცა მაყაშვილის სკანდალურ აღიარებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ძალადობაზე საჯაროდ საუბარი მის დას ცხოვრების უფრო ლაღად გაგრძელებაში დაეხმარა: „ნინუცა, ფაქტობრივად, თავიდან დაიბადა“ - ამბობდა რუსკა.