წარმატებულ ქართველ მომღერალს, თაკო გაჩეჩილაძეს, ქვეყნის საზღვრებს მიღმაც ბევრი იცნობს. ის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელში, სადაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს.
თაკო გაჩეჩილაძემ წლების წინ იქორწინა რჩეულზე, დათო სალაძეზე, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში უყვარდა, თუმცა მათი ურთიერთობა ქორწინებიდან რამდენიმე თვეში დასრულდა. მას შემდეგ თაკომ აქტიური მუსიკალური კარიერა გააგრძელა. 2017 წელს საქართველოში „ევროვიზიისთვის“ შესარჩევ კონკურსში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და საქართველოს სახელით კიევში კონკურსზე გაემგზავრა.
მიუხედავად იმისა, რომ "ევროვიზიამ" მას გამარჯვება ვერ მოუტანა, სწორედ იქ გაიცნო მომღერალმა მომავალი მეუღლე, წარმოშობით ბულგარელი პროდიუსერი ბორისლავ მილანოვი. წყვილის ურთიერთობა მალევე აეწყო და მათ 2018 წელს იქორწინეს. საყვარელმა მამაკაცმა მომღერალს ხელი ვენაში სთხოვა, 2019 წელს კი მათ ახლობლების გარემოცვაში, საქართველოში, ქორწილიც გადაიხადეს. რასაკვირველია, სტუმრების სიაში თაკოს უახლოესი მეგობრები: ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე და სტეფანეც მოხვდნენ.
ქორწილამდე თაკო გაჩეჩილაძესა და ბორის მილანოვს პირველი შვილი, გაბრიელა შეეძინათ. „მადლობა, გაბრიელა, იმისთვის, რომ მოხვედი ჩემთან და ამირჩიე დედად და რომ ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქციე! შენ შეცვალე ჩემი ცხოვრება და შემცვალე მე! სიტყვებით ვერ გადმოგცემ, როგორ მიყვარხარ“ - წერდა თაკო „ინსტაგრამზე“.
მოგვიანებით, 2020 წელს კი, ისინი მეორე შვილის, ელიას მშობლები გახდნენ. წყვილი შვილებს ავსტრიაში, ვენაში ზრდის, თუმცა მომღერალი სამშობლოსაც ხშირად სტუმრობს და დროს მეგობრებსა და ოჯახთან ერთად ატარებს.
თაკო გაჩეჩილაძემ ქორწინებიდან ძალიან მალე გვარი შეიცვალა და მილანოვა გახდა, ეს ცვლილება კი მალევე აისახა მის „ინსტაგრამგვერდზეც". ამიერიდან ოფიციალურად მილანოვა ვარ" - წერდა ის. როგორც ჩანს, წყვილს ბედნიერი და ჰარმონიული ოჯახი აქვს და ეს არც მათ გამომწერებს რჩებათ ყურადღების მიღმა.
თაკოს ოჯახური ფოტოების ქვეშ არჩევანს ხშირად უწონებენ და აღნიშნავენ, რომ ის და ბორისლავი ერთმანეთს ძალიან უხდებიან: „მიხარია, ასეთი ლამაზი ოჯახი რომ შექმენი, ყველაზე სიმპათიური სიძეა“, „როგორ მომწონს ეს ოჯახი“, „გრან-პრი შენ მოგიგია იმ ევროვიზიაზე!!! ეს არის ნამდვილი ბედნიერება და ნამდვილი წარმატება“ - წერენ სოციალურ ქსელში.
ბორის მილანოვას მიმართ სიყვარულს თავად თაკოც დაუფარავად გამოხატავს: „მე მყავს ყველაზე სექსუალური ქმარი, გილოცავ დაბადების დღეს და მადლობას გიხდი ყველაფრისთვის“ - წერდა მომღერალი მეუღლის დაბადების დღეზე.
ხელოვანთა ოჯახში გაზრდილ გოგონას, თაკო გაჩეჩილაძეს, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ეს მოლოდინი გამართლდა. მან მსოფლიოს მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან კონკურსსა თუ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, დღეს კი სცენაზე ნაკლებად ჩანს და დროს უფრო მეტად შვილებსა და ოჯახს უთმობს.