ბოლო დროს ამ ქვეყნიდან უამრავი ადამიანი წავიდა, მათ შორის, ბევრი ცნობილი და საზოგადოებისთვის საყვარელი პიროვნება. ვის გახსენებასაც ახლა ვაპირებთ, მათ ბევრი რამ აერთიანებთ - ერთი თაობა, თავის საქმეში გამორჩეულობა, ხალხის სიყვარული და ცხოვრების ბოლო თვეებიც ერთნაირი ერგოთ. სამწუხაროდ, თითოეული მძიმე ავადმყოფობასთან ბრძოლაში დამარცხდა - 60 წელს ვერც ერთმა მიაღწია. ისინი ახლა თავიანთი ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის და საზოგადოებისთვის დიდ ტკივილიან მოგონებად არიან ქცეული.
ზურა ვადაჭკორია
პირველი ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია წავიდა. ავად რომ გახდა, მის გადარჩენას არავინ პროგნოზირებდა, თუმცა ერთი წლის განმავლობაში უკან ჩამოიტოვა სირთულეები, წარმოუდგენელი შეძლო, ორგანიზმმა პრობლემები დაძლია, შეიძლება ითქვას, სიცოცხლე თავიდან დაიწყო და როცა უკვე მის გარდაცვალებას არავინ ელოდა, მოულოდნელად წავიდა... ავადმყოფობისას, ერთი წლის განმავლობაში, გვერდიდან არ მოსცილებია მეუღლე, ია ვადაჭკორია. დიდი მონდომებით და დაუღალავად იბრძოდა იმისთვის, რომ ქმარი რამენაირად ფეხზე წამოეყენებინა...
ია ვადაჭკორია: "ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ზურიკოს გარეშე გატარებული ყოველი დღე. ტკივილი კი არ ქრება, თითქოს მატულობს".
იამ და ზურამ ერთმანეთი წლების წინ, გოგოლის, ახლანდელი გოგი დოლიძის ქუჩაზე, გოგი ლოლაძის ეზოში გაიცნეს. ზურა 22 ნომერში ცხოვრობდა, ია - 43-ში... ილუზიონისტს მომავალი მეუღლე თავისი ფოკუსებით გაუოცებია.
"ფოკუსების გარდა, თბილი და კარგი ადამიანი იყო და მასში სწორედ ეს მომეწონა... გაცნობიდან ერთი წლის მერე გავყევი. შეყვარებულობის პერიოდში მუდმივად სიურპრიზებს მიწყობდა. ყვავილები არ მიყვარს, მხოლოდ ყოჩივარდები და გამოულევლად მოჰქონდა ისინი... გასტროლიდან აუცილებლად რაღაც საჩუქარს მომიტანდა. მუდმივად რეკავდა, მომიკითხავდა. ამასთან, უკეთილშობილესი, ოჯახის მოყვარული იყო...
არ მახსოვს, ოდესმე დაეწუწუნოს, რაღაც დაეჩივლოს ან ჩვენ, ოჯახს მისი რაიმე პრობლემის შესახებ გვეგრძნო... 100 ლარი რომ ჰქონდა, 80 სხვებისთვის ჰქონდა.
უფლის მადლობელი ვარ, თუნდაც იმისთვის, რომ ის ერთი წელი, ავადმყოფობისას, საშუალება მომცა, მისთვის მომევლო. ბედნიერი ვიყავი, რომ ყოველ წუთში მეძახოდა - ია! რაღაცებს მეკითხებოდა, თავის ნაცნობებს კითხულობდა, მათით ინტერესდებოდა.
ბოლოს უკეთესობა იყო, ლაპარაკი დაიწყო, ტელევიზორსაც უყურებდა. ექიმები იმედს გვაძლევდნენ, მაგრამ რაც უფრო გონზე მოდიოდა, მეტად დეპრესიული ხდებოდა. რამდენჯერმე მითხრა, რად მინდა სიცოცხლე, თუ "პლეხანოვზე" ვერ გავივლიო?! უყვარდა ფეხით სიარული და "პლეხანოვზეც" ხშირად დადიოდა... ჟურნალისტები რომ რეკავდნენ და მას კითხულობდნენ, ვეუბნებოდი, ინსულტი გადაიტანა და საუბარი უჭირს-მეთქი. ეს რომ ესმოდა, ამბობდა - კარგი, რა, ნუ "მიბაზრებო“...
გარდაცვალების დღეს, ის იყო, უნდა გვესადილა და უეცრად დამიძახა, ია, ნახე, აქ ვიღაც არის, მივყავარ, გაუშვი აქედანო - მთხოვა. ზურიკო, რას ამბობ, არავინ არ არის-მეთქი. როგორ არა - მითხრა, ხელი დაარტყა სკამს და ყველაფერი დამთავრდა"...
მთელი ცხოვრება ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მისი მეუღლე ვიყავი და ამით სულ ვიამაყებ, რადგანაც ღირსეული პიროვნება იყო, უნიჭიერესი, საქმის ერთგული. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. მასზე ვგიჟდებოდი, დღემდე ასეა, შეყვარებული ვარ... ძალიან მენატრება, მიყვარს და უყვარს მთელ ოჯახს - შვილებს, შვილიშვილებს".
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>