გოგოლა კალანდაძეს კინომოყვარულები კარგად იცნობენ, მას არაერთ ცნობილ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობა ფილმმა „ნუცას სკოლა“ და სერიალმა „ძილის წინ“ მოუტანა. წარმატებული კარიერის პარალელურად, გოგოლა კალანდაძეს დიდი ოჯახი აქვს და 46 წლის მსახიობი 4 შვილს ზრდის.
გოგოლა კალანდაძე ადრეულ ასაკში დაქორწინდა და პირველი ურთიერთობიდან მას ერთი შვილი, 21 წლის ელენე ზურაბიშვილი ჰყავს. ელენეს განსაკუთრებული გარეგნობა სოციალურ ქსელში მუდმივად იქცევს ყურადღებას და მას ხშირად დედასაც ამსგავსებენ. მოგვიანებით მსახიობმა ირაკლი ფერაძეზე იქორწინა და მათ სამი შვილი, დათუკა, ანა-მარია და დარია შეეძინათ.
წყვილს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პროფესიები აქვთ - გოგოლას აქტიური და დატვირთული სამსახიობო კარიერის პარალელურად, ირაკლი მეღვინეობითაა გატაცებული. ამ საქმეს სერიოზულად 2008 წლიდან მოეკიდა, დღეს კი უკვე წარმატებული მეღვინეა: „მე დღეს სიღრმისეული ცოდნა მაკავშირებს მეღვინეობასთან. არის წიგნები, რომლებსაც პერიოდულად ვუბრუნდები ხოლმე. ეს არის ჩემი ოჯახის ბიზნესი და ძალიან მსიამოვნებს, რომ ამაში მე მარტო არ ვარ ჩართული. მშობლები, ძმა, ძმისშვილები, შვილები, ყველანი ჩართულები არიან მასში და ამაშია ბედნიერება” - აღნიშნავდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
სულ ცოტა ხნის წინ გოგოლა კალანდაძე ტრაგიკული შემთხვევის შესახებ საუბრობდა, როცა ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. როგორც თავად იხსენებს, წინა ღამით ისეთი სიზმარი ნახა, რომ იცოდა, რაღაც მოხდებოდა. შემთხვევის დროს მანქანაში შვილებთან ერთად იმყოფებოდა: „მანქანაში რომ ჩავსხედით, ვიცოდი, რომ რაღაც უნდა დამმართნოდა. ღვედი გადავიჭირე. ბავშვებსაც გადავუჭირე, მაგრამ მე დამემართა, მოხდა საშინელი ავარია. მართლა არავის ჰქონდა იმედი, რომ გადავრჩებოდი“ - ამბობდა გოგოლა კალანდაძე.
მეოთხე შვილი მსახიობს რამდენიმე წლის წინ შეეძინა. მას შემდეგ ის ძირითადად ოჯახზეა გადართული და საკუთარი დროის დიდ ნაწილს სწორედ შვილებს უთმობს. მიუხედავად ამისა, მსახიობი მაინც ახერხებს და ტელეწამყვანადაც მოგვევლინა. გოგოლა სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ოჯახურ ფოტოებს გულშემატკივრებსა და გამომწერებს ხშირად უზიარებს. მისი მეგობრები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ მას და ირაკლი ფერაძეს ულამაზესი, ჰარმონიული ოჯახი აქვთ.