„ჩემი ზაფხული 2021“ - ანასტასია ბენდუქიძე ახალ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - Marao

„ჩემი ზაფხული 2021“ - ანასტასია ბენდუქიძე ახალ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

2021-09-01 11:03:29+04:00


2017 წელს ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენისა და ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის ქალიშვილი ანასტასია ბენდუქიძე გათხოვდა. მისი რჩეული ასევე ბიზნესმენი ივანე მხეიძე გახდა. ანასტასიას მეუღლემ, ივანე მხეიძემ, რუსეთში საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ანასტასია კი ფიქრობს, რომ მამა მის არჩევანს აუცილებლად მოიწონებდა, რადგან თვლიდა, რომ ფიზიკოსები ჭკვიანი ხალხია. წყვილმა ქორწილი საბერძნეთში, მეგობრებისა და ახლობლების თანხლებით გადაიხადა.

2020 წელს ანასტასიასა და ივანეს შვილი შეეძინათ და მათი ცხოვრებაც შეიცვალა. „6 წლის განმავლობაში, 13 ნოემბერი კალენდარში ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემთვის. ეს იყო დღე, როდესაც კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა და მე სამუდამოდ დავკარგე ჩემი გულის ნაწილი. ბედის ირონია, ეს მაშინ გავიფიქრე, როდესაც ექიმმა შვილის დაბადების თარიღად 13 ნოემბერი დამისახელა. ჩემმა ბიჭმა გადაწყვიტა, 3,5 საათით ადრე მოვლინებოდა სამყაროს. ასე რომ, 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე, ალექსანდრე მხეიძე დაიბადა. 2014 წლის 13 ნოემბერს ჩემი გულის ნაწილი დავკარგე, მაგრამ 6 წლის შემდეგ, ჩემი გული აივსო სიყვარულითა და სიხარულით. დარწმუნებული ვარ, კახა თვალყურს გვადევნებს და შვილიშვილს უღიმის” - წერდა კახა ბენდუქიძის ქალიშვილი.

შვილის დაბადების შემდეგ ანასტასიას ცხოვრების სტილი მართლაც შეიცვალა, რაც მისი სოციალური ქსელის გვერდებზეც აისახა - ახლა ყველაზე ხშირად ის სწორედ შვილის, ალექსანდრეს ფოტოებს აქვეყნებს. ამჯერად კი მეგობრებსა და გულშემატკივრებს ვიდეოკოლაჟს უზიარებს, სადაც ჩანს, როგორ ატარებს პატარა ზაფხულს ოთხფეხა მეგობართან ერთად. ვიდეოს უამრავი კომენტარი და დადებითი შეფასება მოჰყვა: „მეოჯახე ბიჭი“, „როგორ მიყვარს“, „საოცარი ბიჭია“ - წერენ „ინსტაგრამზე“.