ჯერ კიდევ ბევრ ქვეყანაში დომინირებს ოჯახთან დაკავშირებული სტერეოტიპები და დოგმები. თუ ოჯახი არ აკმაყოფილებს „დადგენილ სტანდარტებს“, მისი წევრები მზად უნდა იყვნენ საჯარო კრიტიკისა და გაკიცხვისთვის. მიუხედავად ამისა, „წესებიდან გადახვევა“ ზოგჯერ დიდი ბედნიერებისა და ჰარმონიის მომტანია. ამის ნათელ მაგალითებს კი აქ ამოიკითხავთ:
"ჩემი უმცროსი ძმა 6 წლის წინ დაქორწინდა. ქორწილში, ცხადია, პატარძლის დედა, ნატალიაც იყო. ის მაშინ 44 წლის იყო, მე კი - 30-ის. ჩვენ თავიდანვე სასიამოვნო ურთიერთობა ჩამოგივყალიბდა, ყოველგვარი ფლირტის გარეშე. ჩემი ძმის ცოლი მაშინ ახალგარზდა იყო, სულ რაღაც 20 წლის, სწავლობდა, მუშაობდა, თუმცა ოჯახში კონფლიქტი ხშირად მოსდიოდათ. მე ჩემს რძალს ვუთხარი, რომ ჩემი ძმა კარგი ბიჭი იყო და ნუ მისცემდა დედამისს უფლებას, მათ ურთიერთობაში ჩარეულიყო. მოგვიანებით, როცა მე ჩემს მეგობარ გოგოსთან ერთად, ჩემი ძმა მეუღლესთან ერთად, დედაჩემი და ჩემი რძლის დედა ერთად წავედით თურქეთში დასასვენებლად, ჩემმა ძმამ და მისმა ცოლმა კვლავ იჩხუბეს. ჩემმა რძალმა, ანამ, ბარგი ჩაალაგა და წავიდა. მე და დედამისი ერთად წავედით ანას მოსაძებნად და 6-7 საათი ერთად გავატარეთ. ისე მოხდა, რომ ჩემი ძმა და ანა დაშორდნენ, დედაჩემი ჩემს ძმასთან გადავიდა საცხოვრებლად და მე ბინაში მარტო დავრჩი. ნატალია ჩემთან ხშირად მოდიოდა. ურთიერთობას ორი წლის განმავლობაში ვმალავდით. ნატალიას აზრით, ვერავინ გაგვიგებდა და პრობლემები არ შეგვექმნებოდა, თუმცა მე გადავწყვიტე, რომ მეტის მოთმენა არ შეიძლებოდა და ხელი ვთხოვე.
სამი წელია, რაც სამოთხეში ვცხოვრობ. ახლა მე 36 წლის ვარ, ის - 49-ის. ჩვენ უკვე ვიმოგზაურეთ რამდენიმე ქვეყანაში, ვტკბებით ცხოვრებით და ბედნიერები ვართ, თუმცა დედაჩემი თვლის, რომ ეკლესიურად ძმის სიდედრზე დაქორწინება არ შეიძლება, ჩემი ძმა კი არ მელაპარაკება და მოღალატედ მთვლის. ხშირად მეკითხებიან, არის თუ არა ჩემი ცოლი მდიდარი, მაგრამ მე უბრალოდ ვცხოვრობ ქალთან, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს!".
"მე ჩემს ქმარს მეოთხედ მივყვები ცოლად. ყველას ეცინება, ჩემს ძმებს, მშობლებს, სტუმრებს, რომლებიც მეოთხედ დავპატიჟეთ ქორწილში და დავპირდით, რომ ეს ბოლო იქნება. ჩვენ პირველად 2000 წელს ვიქორწინეთ, ერთ წელში კი პირველი შვილი გვეყოლა. მალევე დავშორდით. ალექსი კარგი მამა აღმოჩნდა და ბავშვი ყოველ კვირას მიჰყავდა თავისთან, ატარებდა ცურვასა და მასაჟზე. საბავშვო ბაღშიც მან მიიყვანა. ამასობაში ჩვენ ურთიერთობა დავალაგეთ და ერთად ცხოვრება დავიწყეთ, გადავწყვიტეთ, ჩვენი ოცნების ქორწილი გადაგვეხადა გემზე.
მოგვიანებით, ჩვენ საერთო ბიზნესი წამოვიწყეთ და მთლიანად მასზე გადავერთეთ. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსები საერთო იყო, ისე გამოვიდა, რომ ჩვენ ცალ-ცალკე სალარო გვქონდა და მე მას ვეღარ ვაკონტროლებდი. ამის გამო ურთიერთობა ისევ დაგვეძაბა. კვლავ დავშორდით. ბავშვის გამო ხშირი ურთიერთობის ფონზე, ვხედავდი, როგორ ზრუნავდა ის ჩემზეც, იჩენდა სითბოსა და ყურადღებას. ახალი წელი ახლოვდებოდა, გვინდოდა, ახალ წელს ახალი იმდებით შევხვედროდით და შევრიგით. რატომ დავშორდი კიდევ ერთხელ? აღმოჩნდა, რომ მას ჩვენი ცალ-ცალკე ყოფნის პერიოდში ურთიერთობა სხვა ქალთან ჰქონდა და გოგონა შეეძინა. მე ბავშვს ღალატად არ ვთვლი, უბრალოდ მას ეს ყველაფერი უნდა ეთქვა! ვერ ვაპატიე და კვლავ განვქორწინდით და ალქესი თავისი შვილის დედასთან წავიდა. ორ თვეში დაბრუნდა და მითხრა, რომ ჩვენ, ერთმანეთის გარდა, ვერავისთან ვიცხოვრებთ და, აი, ერთ თვეში მეოთხედ ვქორწინდებით! ხალხი ამბობს, რომ უცნაურები ვართ, მაგრამ ბედნიერები!"
"ეს ჩემი დეიდის, ვიოლეტას ისტორიაა. მე მშვენიერი ოჯახი მყავდა - დედა, მამა და ორი პატარა ძმა. დეიდა ვიტა მეზობლად ცხოვრობდა. მისი ამბავი პირველად 16 წლის ასაკში მოვისმინე და მისდამი პატივისცემა და სიყვარული გამიორმაგდა. დეიდა ვიტას ერთი კაცი შეყვარებია, სახელად ნიკოლა. მათ იქორწინეს და ერთად 12 წლის განმავლობაში იცხოვრეს, თუმცა შვილი არ ეყოლათ. ნიკოლამ დეიდაჩემი მიატოვა და სხვა ქალთან წავიდა, რომელმაც მას ზედიზედ ორი შვილი გაუჩინა.
დეიდა ვიტა კაცებისკენ აღარ იხედებოდა, უბრალოდ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა. ჩვენს ოჯახში კი ცუდი ამბავი დატრიალდა, დედა უკურნებელი სენით გარდაიცვალა, მამამ სმა დაიწყო და ჩვენ ყურადღებას აღარ გვაქცევდა. დეიდამ საკუთარი ბინა გააქირავა და საცხოვრებლად ჩვენთან გადმოვიდა. დეიდაჩემსა და მამაჩემს, დედაჩემის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, ერთმანეთი შეუყვარდათ და იქორწინეს. უამრავი ჭორი ისმოდა, ბევრ ცუდსაც ამბობდნენ, თუმცა, დეიდა მამას ნამდვილად დაეხმარა ცხოვრების გაგრძელებაში. მამა და დეიდა ამბობდნენ, რომ მათ უცნაური ოჯახი ჰქონდათ, რომ ნორმალური ხალხი ასე არ იქცევა, თუმცა ვიტამ ყველა ფეხზე დაგვაყენა და სიცოცხლის ხალისი დაგვიბრუნა. მე ვფიქრობ, რომ დედა ზეციდან დეიდა ვიტას მხოლოდ მადლობას ეუბნება.
ახლა დეიდა ვიტა 77 წლისაა, მამა - 81-ის. ოთხი შვილი და ექვსი შვილიშვილია ოჯახში და ჩვენ, ყველას, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს.