„ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა ტატა, მისი წყალობით დავიწყეთ ცხოვრება თავიდან და მერე ისევ იმ ტრაგედიაში დავბრუნდით, რაც გავიარეთ“ - მოდელი თიკო ჩხეიძე ძმისა და შვილის გარდაცვალებაზე - Marao

„ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა ტატა, მისი წყალობით დავიწყეთ ცხოვრება თავიდან და მერე ისევ იმ ტრაგედიაში დავბრუნდით, რაც გავიარეთ“ - მოდელი თიკო ჩხეიძე ძმისა და შვილის გარდაცვალებაზე

2021-09-16 11:42:02+04:00


მოდელ თიკო ჩხეიძისა და ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის ოჯახში სამი წლის წინ ტრაგედია დატრიალდა. მათ 9 წლის გოგონას დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. მას შემდეგ თიკო ჩხეიძისთვის ტკივილთან გამკლავების ერთადერთი გამოსავალი წიგნის დაწერა აღმოჩნდა: „ჩემი წიგნი არ არის სიკვდილზე, ტატას ეს არ მოუხდებოდა... ჩემი წიგნი არის იმაზე, როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება დიდი ტრაგედიის შემდეგ“, - ამბობდა მოდელი.

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში სტუმრობისას თიკო ჩხეიძემ შვილის გარდაცვალებასთან ერთად ძმის, კოსტას ტრაგიკულ ისტორიაზეც ისაუბრა: „ჩვენი ქორწილი იყო, მეოთხე დღეს მეგობრები წავიდნენ აგარაკზე ორი მანქანით. მეორე მანქანაში ერთი გოგო შეუძლოდ გახდა და ის მანქანა, რომელშიც ჩემი ძმა იჯდა, დასახმარებლად მიბრუნდა. ამ დროს კლდეს შეასკდნენ და ჩემი ძმა გარდაიცვალა“ - ამბობს თიკო ჩხეიძე.

როგორც მოდელი იხსენებს, ძმის გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილის, ტატას დაბადებამ მას და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა: „დედაჩემს შავები ტატამ გახადა, კოსტას შემდეგ, თავიდან დააწყებინა ცხოვრება, გააღიმა და მერე ისევ იქ დავბრუნდით, რაც გავიარეთ. თუმცა მე ისევ აქ ვარ და ამაყი ვარ, რომ 9 წლის განმავლობაში ღმერთმა მაჩუქა ტატა, მისი ემოციებით ვიცხოვრებ სულ...“ - ამბობს მოდელი.