ქეთი წიქვაძე მაყურებელმა სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ის ჩიკას დაქალის, ლეკას როლს თამაშობს. ქეთი ხელოვანი ადამიანების ოჯახში გაიზარდა. ის ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილი და მსახიობი ნანა ლორთქიფანიძის შვილია. ქეთი თავადაც მსახიობია და ტელეეკრანებზეც ხშირად ჩნდება.
ქეთი 22 წლის იყო, როცა ოჯახი შექმნა, თუმცა ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და მეუღლეს მალევე დაშორდა. მას ორი შვილი, ილია და გიორგი ჰყავს:
„ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ძმები არიან. უფროსი უფრო კონტაქტური, ოდნავ აზიატი, მაგრამ გულწრფელი და ცოტა მიამიტი ბიჭია, როგორიც მე ვიყავი ბავშვობაში და ამის გამო დავიჩაგრე. მიფიქრია ხოლმე, ცხოვრებაში თავის დროზე რომ გამოვფხიზლებულიყავი, უკეთესი იქნებოდა-მეთქი. რაც შეეხება მეორეს – ილუშა, პირიქით, ძალიან მხიარული და ცოტა სნობია. თუ ვინმე არ მოეწონება, შეიძლება, საერთოდ არ მიესალმოს. იმიტომ კი არა, რომ უზრდელია, უბრალოდ, არ აინტერესებს ეს ადამიანი, თუმცა, ორივე ძალიან მხიარულია და ჩვენს სახლში ყოველთვის დიდი ამბებია” - ამბობს ქეთი.
როგორც ქეთი აღნიშნავს, შვილები მისთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა და მათთან დიდ დროს ატარებს. გიოსა და ილიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს კი სოციალურ ქსელშიც აზიარებს: „ყოველ წელს ჩავდივართ თეთრი წყაროში, სტუმრად "მამუ"-სთან, ანუ მამიდაჩემთან.. უკვე ტრადიცია გვაქვს, იქიდან წამოსულები, სადღაც მინდორში ვჩერდებით და ვიღებთ ფოტოებს.. ეს ფოტო წინა წლის ფოტოს გამეორებაა. გიო მგონი დამეწია და მე შარშანდლის მერე შევიცვალე თუ არა, არ ვიცი. მოკლედ, მიყვარს ეს ტრადიცია, მამუსთან სტუმრობა და უკანა გზაზე ჩემს შვილებთან ერთად ფოტოსესიით გართობა“ - წერს ქეთი.