საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გადაცემა „პოსტ ალიონში“ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. „მეორე კურსზე ვიყავი, როცა გავთხოვდი, მეყოლა ბავშვი და სწავლასა და ოჯახს ვუთავსებდი ერთმანეთს. ჩემი მეუღლე უნივერსიტეტში გავიცანი, თანმიმდევრული იყო ძალიან, ცოტა ხანში მივხვდი, რომ ყველა სხვა თაყვანისმცემელი ჩამომაცილა, თავის ირგვლივ კონკურენცია მოსპო. ამ თავისი თანმიმდევრულობითა და მონდომებით მომხიბლა. ალბათ, მთლად კომფორტული მეუღლე არ ვარ, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის მანძლზე, რაც მთავრობის წევრი გავხდი. ჩემი მეუღლე ყოველთვის მეხმარება, რომ გადავიტანო რთული მომენტები, ყოველთვის ჩემ მხარესაა და მხარში მიდგას“.
როგორც აღმოჩნდა, ნათია თურნავა სპორტის არაერთი სახეობითაა დაკავებული: „მიყვარს ყველაფერი, რაც ბუნებას და სპორტულ აქტივობას უკავშირდება. ცხენით ჯირითი ძალიან მიყვარდა, ეპიდრომზე ყოველ დილით დავდიოდი. მიყვარს სნოუბორდი, თხილამურები და ვსრიალებდი.“
მინისტრმა სამომავლო გეგმებისა და მიზნების შესახებაც ისაუბრა: „სახლში ძალიან გვიან ვბრუნდები და ვცდილობ, რომ მოკლე დროში დავაკომპენსირო ის დანაკლისი, რასაც ჩემი ოჯახი წევრები გრძნობენ. ბედნიერება ხომ ეფემერული განცდაა, რაღაც მომენტში მოდის და მერე სადღაც ქრება. ასეთი მომენტია, როცა მშვიდად ვარ, ოჯახის წევრები ჩემთან არიან და შეგვიძლია, ერთად გავატაროთ დრო. ჩემი მთავარი მიზანი თავად ცხოვრებაა. მიყვარს ცხოვრება ყველა თავის გამოვლინებაში და ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ ნაკლები საყვედური დავიმსახურო. მინდა, რომ 20 წლის შემდეგაც მოთხოვნადი ვიყო და რაც შეიძლება დიდხანს ვემსახურო ადამიანებს.“