„შეიძლება ახლა მიყურებ და საერთოდ ვერ ხვდები, რომ შენი შვილი ვარ, ის ბავშვი ვარ, რომელმაც 1984 წლის რომელიღაც თვის რამდენიმე დღე შენთან გაატარა. მე საკუთარ თავს ვერ ვპატიობ იმას, რომ ჩემს მეხსიერებას არ შემორჩი. ან იქნებ ზუსტად იცი, რომ მე ვარ ის ბავშვი, რომელიც კომუნისტურმა რეჟიმმა ახლებურად შეფუთა, ხალხს რამე რომ არ ეთქვა. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც სიმშვიდეს გირღვევს და რომლის გამოჩენაც შენი ბედნიერი ოჯახის დანგრევის საწინდარია“ - ამ სიტყვებით დაიწყო თამუნა მუსერიძემ საავტორო გადაცემის პირველი ეპიზოდი, რომელიც გაყიდული თუ გაშვილებული ადამიანების შესახებ იქნება. პირველი გადაცემის მთავარი გმირი თავად თამუნა იყო, რომელმაც საკუთარი ისტორია კიდევ ერთხელ გაიხსენა.
თამუნა მუსერიძემ ის ინფორმაციაც გაიხსენა, რაც მას ახლობლებმა და ნათესავებმა უამბეს: „29 წლის მარინა კუხიანიძემ და 45 წლის შოთა მუსერიძემ 1981 წლის ივნისში იქორწინეს. ქორწინებიდან ორი წლის თავზე გაირკვა, რომ წყვილი უშვილო იყო. რამდენიმეთვიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ბავშვი აეყვანათ. მე ისიც კი არ ვიცი, რა სახელით უნდა ვეძებო საკუთარი თავი სამშობიაროს ე.წ. სიმართლის წიგნში, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი დაბადების წელი 1984-ია“ - ამბობს თამუნა მუსერიძე.
როგორც გადაცემიდან ირკვევა, თამუნამ ყველაფერი 2016 წელს შეიტყო, როცა იუსტიციის სახლში ვადაგასული საბუთის შესაცვლელად მივიდა, ბაზაში კი ერთის ნაცვლად ორი დაბადების მოწმობა აღმოჩნდა. თამუნა მას შემდეგ აქტიურად ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს. მან ამის შესახებ სხვადასხვა გადაცემაშიც არაერთხელ ისაუბრა, თუმცა მათ კოორდინატებს ჯერ ვერ მიაკვლია. ამჯერად ის მშობლების მოძებნას საკუთარი გადაცემის საშუალებით ეცდება და სხვებსაც დაეხმარება, რომ დაკარგული, გაშვილებული თუ მოპარული ნათესავები იპოვონ.