"კვირის პალიტრა" სამტყუპიან ოჯახებზე წერს, რომელთაგან ერთ-ერთი ნემსწვერიძეების ოჯახი იყო, სადაც 3 ტყუპი გოგონა ცხოვრობდა. მათგან თეკო ნემსწვერიძე იყო ერთ-ერთი ტყუპი, რომელსაც შვილებიც ტყუპები ჰყავს. ტყუპისცალი თეკო ტყუპი ვაჟის დედა გახდა.
თეკო ნემსწვერიძე: - მე და ირაკლიმ ერთმანეთი 12 წლის წინ ეროვნულ გამოცდებზე გავიცანით. შშმ პირებისთვის ცალკე ტარდებოდა გამოცდა. მე დაბადებიდან შშმ პირი ვარ, ცერებრალური დამბლა მაქვს. ირაკლი კი ფეხბურთს თამაშობდა და 19 წლის ასაკში ფეხი დაიშავა, რამაც ქვედა კიდურების პარალიზება გამოიწვია 6 თვით. ახლა ჩვეულებრივად დადის. გამოცდების შემდეგ ვკონტაქტობდით. თავიდან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. 4 წლის წინ ჩამოვედი თბილისში და ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მეოთხე კურსის შეჭრილი ჯგუფის კურატორი ვარ. მოკლედ, ჩემი და ირაკლის ურთიერთობა ნელ-ნელა სიყვარულში გადაიზარდა. სამსახურში როდესაც გაიგეს ჩემი და ირაკლის სიყვარულის ამბავი, ყველა გვგულშემატკივრობდა. 2 წლის წინ შევქმენით ოჯახი, მაშინ ორივე 28 წლისანი ვიყავით.
- როგორ შეხვდნენ თქვენი ოჯახები ამ გადაწყვეტილებას?
- ჩემებისთვის მოულოდნელი იყო, მეუღლის ოჯახში თბილად მიმიღეს. როგორც ყველა ოჯახურ წყვილს, მე და ირაკლისაც ძალიან გვინდოდა შვილი გვყოლოდა, მაგრამ არ მეგონა, თუ დედა გავხდებოდი. არაერთხელ უთქვამთ, რომ ვერ შევძლებდი ნაყოფის შენარჩუნებას, მაგრამ ღვთის წყალობით უკვე 2 პატარა მყავს.
- გაგვაცანით თქვენი ტყუპი...
- უფროსი სანი გაბრიჭიძეა, უმცროსი - დანი. ერთი შავგვრემანია, მეორე - თეთრი. ორივე სრულიად ჯანმრთელია. ღორმუცელები არიან. 7 სექტემბერს დაიბადნენ.
- რთული ორსულობა გქონდათ?
- რომ გავიგე, ორსულად ვიყავი, სიხარულისგან გული ისე მიცემდა, მეგონა მთელ ქვეყანას ესმოდა. პირველად ჩაჩავას კლინიკაში მივედი კახა ტატიშვილთან. კახა ექიმმა რომ მითხრა, ტყუპი გყავსო, თავიდან გამიხარდა, მერე, რომ გავიაზრე, შემეშინდა და ლამის აბორტის გაკეთება გადავწყვიტე, მაგრამ კახა ექიმმა გადამაფიქრებინა. შემდეგ ღუდუშაურის კლინიკაში წავედით და ექიმების წყალობით ორსულობის 35-ე კვირაში საკეისრო კვეთით ვიმშობიარე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა დედაც და შვილებიც შესანიშნავად ვგრძნობთ თავს. საერთოდ, ჯოხით დავდიოდი, მაგრამ ორსულობის მესამე თვიდან, ექიმების რეკომენდაციით, ეტლში ჩავჯექი. ისე მივეჩვიე, ცოტა არ იყოს, მიჭირს უკვე ხელჯოხით გადაადგილება, მაგრამ ვვარჯიშობ, ირაკლიც გვერდში მიდგას და ალბათ მალე დავძლევ.
გააგრძელეთ კითხვა