საყვარელი ადამიანის დაკარგვა დიდი ტრაგედიაა. ყველა ქალი ვერ პოულობს ძალას, გადადგას ნაბიჯი ახალი ცხოვრებისკენ. ასეთ დროს თითქოს სამყაროც იშლება და იცვლება. ვიღაც პოულობს ძალას, იცხოვროს და აღადგინოს პირადი ცხოვრება, მაგრამ ბევრი ქალი ცხოვრების ბოლომდე უდროოდ გარდაცვლილი მეორე ნახევრის ერთგული რჩება.
ნატალია და სერგი
ნატალიასა და სერგის ურთიერთობაზე გარშემომყოფები დიდხანს საუბრობდნენ, მათი გრძნობა ნამდვილ დღესასწაულს ჰგავდა. „ბავშვობიდან ვიცოდი, როგორ იქნებოდა ჩემი ცოლი. ამაზე ბევრს ვიფიქრობდი და როცა მას შევხვდი, მალევე ვიქორწინეთ“ - ამბობდა სერგი ერთ-ერთ ინტერვიუში. ხანდახან ისეთი გიჟური განცდა მაქვს, რომ მე და შენ ერთი და იგივე ადამიანის ორი განსხვავებული პერსონაჟი ვართ“ - წერდა ის ცოლისადმი მიძღვნილ წერილში. სერგი და ნატალია ნათელი მაგალითია იმისა, რომ სიკვდილს შემდეგ სიყვარული არსად მიდის, არ ქრება. „თუ სიყვარული დამთავრდა, მაშინ ის არც არასდროს ყოფილა“ - სწერდა ცოლს სერგი გარდაცვალებამდე.
სერგი და ნატალია 1998 წელს დაქორწინდნენ. იმავე წელს შეეძინათ ქალიშვილი ნინა, 2002 წელს კი - ვაჟი ალექსანდრე. მეორე შვილის დაბადებიდან რამდენიმე თვეში სერგი სამსახურებრივი მიზნით სხვა ქალაქში გაემგზავრა. ის მსახიობი იყო და ერთ-ერთ ფილმში მონაწილეობდა. გამგზავრებაც გადაღებების გამო მოუწია. გადაღების დროს საშინელება მოხდა, მთიდან ზვავი ჩამოწვა და იქ მყოფები 60 მეტრის ქვეშ ჩაიტანა. 19 წელი გავიდა და მსახიობის ქვრივმა მხოლოდ ერთი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს: „ის ჩიტივით შემოფრინდა ჩემს ცხოვრებაში და ჩიტივითვე გაფრინდა. ჩემს გულსა და გონებაში მის მეტი არავინ ყოფილა. ეს ბედნიერებაა, რომელიც მე გამოვცადე, ზოგი კი ისე კვდება, ამას ვერასდროს გრძნობს“ - თქვა ნატალიამ.
ირინა და ალექსანდრე
ალექსანდრეს გაცნობამდე ირინას ერთი ბიჭი უყვარდა, თუმცა მომავალ მეუღლესთან შეხვედრის პირველივე დღეს მან დაურეკა შეყვარებულს და უთხრა, რომ შორდებოდა, რადგან ნამდვილი სიყვარული იპოვა. წყვილს საერთო ინტერესი, სპორტი აკავშირებდა. მათ ხელი ისევე სპონტანურად მოაწერეს, როგორც ერთმანეთს შეხვდნენ. 1999 წელს შეეძინათ ქალიშვილი ანა. ოჯახმა ერთად 12 ბედნიერი წელი გაატარა, სანამ ერთ დღეს ალექსანდრემ გულის არეში ძლიერი ტკივილი არ იგრძნო. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა თქვეს, რომ ის ინფარქტით გარდაიცვალა. ირინასთვის საყვარელი ქმრის სიკვდილი ტრაგედიაზე მეტი აღმოჩნდა: „სიცოცხლის ხალისი დავკარგე, აღარც შვილი მაინტერესებდა, აღარც გათენება მიხაროდა, ცხოვრება ჩემთვის უბრალოდ დეკორაციად იქცა. მან აღიარა, რომ სპეციალისტების დახმარების გარეშე ცხოვრებას ვერ უბრუნდებოდა, თუმცა ძალები მოიკრიბა და მან ეს შეძლო. მოგვიანებით ფიტნესინსტრუქტორის კარიერაც გააგრძელა და შვილზე ზრუნვაც დაიწყო. ირინა გათხოვებაზე არც კი ფიქრობს: „მე მყავს ქმარი და ის იქნება ერთადერთი ჩემს ცხოვრებაში“ - ამბობს ის.
ნატალია და ანდრია
19 წლის ნატალიამ თეატრალური აკადემიის შენობაში ნახა პირველად 32 წლის ანდრია, რომელიც იქ სამსახიობო დასში ასისტენტად მიიწვიეს. ისინი ერთმანეთს სპექტაკლის რეპეტიციაზე შეხვდნენ და სწორედ მაშინ გაჩაღდა ამ ორს შორის სიყვარულის ცეცხლი. ნატალია ამბობდა, რომ ის და ანდრია ორი რადიკალურად განსხვავებული პიროვნებაა, მაგრამ მათ შეძლეს, 20 წლის განმავლობაში ბედნიერი ოჯახი ჰქონოდათ და ორი ვაჟი აღეზარდათ.
2013 წელს ანდრია ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი კი ვერ დაადგინეს. იმისთვის, რომ ამ ტრაგედიას გამკლავებოდა, ნატალიამ დაიწყო სამსახური და თავდაუზოგავად მუშაობდა, თითქმის არასდროს ისვენებდა. ის საყვარელი ქმრის ერთგული დარჩა და ახლა მისი მთავარი საზრუნავი შვილები არიან.
სოფია და ანტონი
ანტონი მუსიკოსი იყო. მას ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა მან საკუთარი სიცოცხლე მხოლოდ ერთ ქალს, სოფიას მიუძღვნა. სოფია მან ჟურნალის გარეკანზე ნახა და გადაწყვიტა, რადაც უნდა დაჯდომოდა, ეპოვა ის. ორი წელი დასჭირდა, რომ მისგან უბრალოდ პასუხი მიეღო, თუმცა ანტონი არ დანებდა და, საბოლოოდ, საყვარელი ქალის გული მაინც მოიგო. 35-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ანტონს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. სოფია ყველაფერს აკეთებდა, რომ ქმარი გამოჯანმრთელებულიყო და შედეგს მართლაც მიაღწიეს, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ ანტონმა ორი ინსულტი გადაიტანა, 2002 წელს კი გული გაუჩერდა. „35 ბედნიერი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ყველაფერი ზღაპარი იყო და მომენტალურად გაფრინდა. ძალიან გამიჭირდა მის სიკვდილთან შეგუება, -ამბობდა სოფია. - ჩემი გული სიყვარულითაა სავსე და მას ვერასდროს ვერავინ ჩაანაცვლებს“.