გასულ წელს ეკა ბესელიას ვაჟმა იქორწინა. უკვე ერთი წელია, რაც პოლიტიკოსმა დედამთილის ამპლუა მოირგო და რძილს შესახებ არაერთ ინტერვიუში ისაუბრა. ეკა ბესელიას ვაჟმა რატი მილორავამ მეუღლე ქეთი ყრუაშვილი სამსახურში გაიცნო. რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა, წყვილმა მალევე გადაწყვიტა შეუღლება.
ოჯახური ცხოვრებისა და რძალთან ურთიერთობის შესახებ ეკა ბესელია „პრაიმ ტაიმს“ ესაუბრა: „ჩემს შვილს, რატის, ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს და მეგონა, ოჯახს იოლად ვერ შექმნიდა. კლასელის შემდეგ მისგან ფლირტები და ურთიერთობები საერთოდ არ მახსენდება. ქეთი იყო პირველი სერიოზული ურთიერთობა. ქეთი და რატი სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერთ ოთახში აღმოჩნდნენ. მათი სასიყვარულო ურთიერთობა უცებ დაიწყო და რატიმ ქეთი მეც მალევე წარმიდგინა. მახსოვს, პირველად, როგორც ბიჭის დედა, როგორ ვაკვირდებოდი. ქეთის შემოსვლა ჩემს ცხოვრებაში ბუნებრივად მოხდა. რძალ-დედამთილის ურთიერთობა ჩვენ არ გვაქვს, მის მიმართ ისეთი განცდა მაქვს, როგორც საკუთარი შვილების მიმართ და ეს დედაშვილური ურთიერთობა ძალზე კომფორტულია.
დილით რომ ვიღვიძებ, პირველად ქეთის ვკითხულობ - „დე, როგორ ხარ-მეთქი“. თავიდან ჩემი შვილები ეჭვიანობდნენ, მერე მიეჩვივნენ. როგორც ჩემი შვილების მიმართ ვარ სუბიექტური და მიკერძოებული, ასე ვარ ქეთის მიმართაც, უფრო მეტადაც.
ქეთის მშობლები არ ჰყავს და ჩემი მისდამი ასეთი დედობრივი ზრუნვა ბუნებრივი და ძალიან ემოციურია. სიკეთით და სიცოცხლით სავსე, ხალასი გოგოა. მოსწონს ჩვენი ასეთი ურთიერთობა. მოკლედ, არ ვარ კლასიკური გაგებით დედამთილი. ქეთი ჩემი მესამე შვილია, მართლა იშვიათია ასეთი ურთიერთობა. მე ხომ ახლა მართლმსაჯულების ცენტრი გავაკეთე და მის მენეჯმენტში ქეთი ჩავრთე, ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს. ასე რომ, სამსახურშიც ოჯახური ტანდემი გვაქვს. ერთადერთი, რასაც ვსაყვედურობ, არის ის, რომ მინდა, მალე მაჩუქონ შვილიშვილი.
რატის ძალიან უყვარს ქეთი და მომწონს, რომ ამას რომანტიკულად გამოხატავს. იცის ქეთის ფასი. ქალთან ურთიერთობაში ბიჭს ყოველთვის ეტყობა, როგორი დედის გაზრდილია. სულ ვცდილობდი, რომ რატი რაინდული თვისებების ყოფილიყო. გული დამწყდა, რომ პანდემიის გამო ქორწინება ვერ აღვნიშნეთ, მინდა, ჯვრისწერა დავაჩქაროთ, გაგვეწელა“ -ამბობს ეკა ბესელია.