„მახსოვს, სულ ველოდებოდი, აი, დღეს მოვა ან ხვალ, ან ზეგ... ნინუცა რომ მშობიარობდა, მაშინ მოვიდა და ბევრი ვილაპარაკეთ... ვაპატიე“ - რუსკა მაყაშვილი მამასთან ურთიერთობის დეტალებს იხსენებს - Marao

„მახსოვს, სულ ველოდებოდი, აი, დღეს მოვა ან ხვალ, ან ზეგ... ნინუცა რომ მშობიარობდა, მაშინ მოვიდა და ბევრი ვილაპარაკეთ... ვაპატიე“ - რუსკა მაყაშვილი მამასთან ურთიერთობის დეტალებს იხსენებს

2021-12-07 12:02:37+04:00


მსახიობმა თამარ მაყაშვილმა ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნა. მან კოკა ცხვედიანზე იქორწინა და ორი გოგონა, რუსკა და ნინუცა შეეძინა. ქორწინება 5 წელს გაგრძელდა. კოკა ცხვედიანს მეორე ქორწინებიდან კიდევ ორი გოგონა, ელენე და მარიამ ცხვედიანები ჰყავს, ხოლო თამარ მაყაშვილს ვაჟი შეეძინა.

როგორც რუსკა მაყაშვილმა არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, მშობლების დაშორების შემდეგ მას და ნინუცას მამასთან ურთიერთობა აერიათ. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი დედისა და ბიძის გვარზე გადასვლა გადაწყვიტეს:

„მე მამა მყავდა დაბადებიდან 5-6 წლამდე. მერე მამაჩემი გაქრა ჩემი და ჩემი დის ცხოვრებიდან და მერე ისევ გამოჩნდა. როცა იყო, კარგი მამა იყო. რაღაც პერიოდში, როცა დედაჩემი და მამაჩემი გაშორდნენ, მოდიოდა, გვაკითხავდა და მივყავდით. მერე მოვიდა პერიოდი, როცა მხოლოდ მოკითხვით შემოიფარგლებოდა. მახსოვს, სულ ველოდებოდი, აი, დღეს მოვა, ხვალ მოვა, ზეგ მოვა... მერე უკვე აღარც გვკითხულობდა და თინეიჯერი ვიყავი, როცა ვთქვი, რომ ვინც მზრდის, ის უნდა იყოს ჩემი მამა. ბიძაჩემი აღვიქვი მამად, ყველაფერს გვიკეთებდა, სწავლა, ჩაცმა, ჭამა... 11 თუ 12 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე, რომ დედაჩემისა და ბიძაჩემის გვარი მინდოდა მქონოდა. ბოლო წერტილი იყო, როცა მამა დათანხმდა ამას და მაშინ პირველად გამისკდა გული. მჯეროდა, რომ ოდესმე მიხვდებოდა ყველაფერს და მიხვდა კიდეც, ნინუცა რომ მშობიარობდა, მოვიდა სამშობიაროში და მივხვდი, რომ როგორც მამა, ისე მოვიდა იქ. მერე ბევრი ვილაპარაკეთ და მივხვდი იმასაც, რომ ის ამ ყველაფერს ძალიან ნანობს. ახალ გადასარევი ბაბუაა, ცდილობს, რომ ის დაკარგული წლები აინაზღაუროს. ვაპატიე, თუმცა ჩემი მხრიდან დასჯაა ის, რომ როცა მეძლევა საშუალება, ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობ“ - ამბობს რუსკა მაყაშვილი.