„მივედი ხატებთან, სანთელი დავანთე და ღმერთს შევთხოვე, თუკი რაიმე საშიშროება იყო, ჩემი შვილი დაეცვა...“ - რა ისტორიას იხსენებს ეკა ჩხეიძე - Marao

„მივედი ხატებთან, სანთელი დავანთე და ღმერთს შევთხოვე, თუკი რაიმე საშიშროება იყო, ჩემი შვილი დაეცვა...“ - რა ისტორიას იხსენებს ეკა ჩხეიძე

2022-05-06 14:05:26+04:00


ყველასთვის საყვარელი მსახიობი ეკა ჩხეიძე ჟურნალ „სარკესთან“ შვილის, ინანო მუშკუდიანის შესახებ ისტორიას იხსენებს:

„ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა, როცა ჩემი შვილი ინანო ერთი წლით გერმანიაში სასწავლებლად მიდიოდა. პირველად უწევდა საზღვარგარეთ მარტო ცხოვრება. თანაც ისეთ ქალაქში მიდიოდა, სადაც ნაცნობი არავინ გვყავდა. ძალიან ნერვიულობდა. გაფრენამდე ინანომ სახლში ცოტა ხანს დაიძინა და შეშინებულმა გაიღვიძა. აცრემლებული თვალებით მომიყვა, როგორ დაესიზმრა თვითმფრინავის ჩამოვარდნა. დავამშვიდე და ვუთხარი, ასეთი სიზმარი იმიტომ ნახე, რომ ნერვიულობ-მეთქი.

ინანო და ჩემი მეუღლე აეროპორტში გავაცილე, მე კი მოსვენება დავკარგე, სულ ამ სიზმარზე მეფიქრებოდა. მივედი ხატებთან, სანთელი დავანთე და ღმერთს შევთხოვე, თუკი რაიმე საშიშროება იყო, ჩემი შვილი დაეცვა. ამის მერე დავიძინე და ლაპარაკმა გამაღვიძა. თავზე ინანო მედგა, რომელმაც მითხრა, რომ ნისლის გამო ფრენა გადაიდოო.

ტანში ჟრუანტელმა დამიარა, რადგან ხატის წინ ზუსტად ეგ ჩავუთქვი, რომ, თუ ცუდი რამ ელოდა, მაშინ იმ დღეს სულ ნუ გაფრინდებოდა. ეს არის ჩემთვის სასწაული, რომ იმ ღამეს ღმერთმა ჩემი შვილი განსაცდელისგან დაიფარა. მსგავსი უცნაური თუ აუხსნელი მოვლენები ჩემს ცხოვრებაში ხშირად ხდება. ეს ყველაფერი უფლისგან მოვლენილი სასწაულები მგონია.

მჯერა, რომ არსებობს მფარველი ანგელოზი და ის არასდროს მტოვებს. ასე მგონია, უფლის ნებით ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. შეიძლება ზოგჯერ ისე არ ხდება რაღაცები, როგორც მე მინდა, მაგრამ გადის დრო და ვხვდები, რომ ასე იყო საჭირო. რაც კი უარყოფითი ხდება, ყველაფერს აქვს დადებითი მხარეც. უფალი განსაზღვრავს, რა უფრო უკეთესია ჩვენთვის და გვმფარველობს. ხშირად მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ რაღაც ძალა ბევრი შეცდომისგან მიცავს” - ამბობს ეკა ჩხეიძე.