მომღერალი ნინი წიკლაური 6 წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს: საქართველოდან ახალდაოჯახებული, ორსული გაემგზავრა... რა იყო ამერიკაში მისი გამგზავრების მოტივაცია და როგორც ცხოვრობს უცხო ქვეყანაში, ამის შესახებ სამშობლოში დაბრუნებული მომღერალი თავად გვესაუბრა...
- 6 წლის შემდეგ საქართველოში პირველად ჩამოვედი. უკვე 3 კვირა გავიდა, მაგრამ ჩემთვის საქართველოში, განსაკუთრებით, სახლში დაბრუნება ისეთი მნიშვნელოვანია (რადგან ენით აღუწერელი ნოსტალგია მქონდა), რომ ემოციებიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვედი. აღმოჩნდა, რომ 6 წელი საკმაოდ ბევრი დრო ყოფილა... ვნერვიულობდი. არ ვიცოდი, აქაურობა როგორი დამხვდებოდა, მეგობრები როგორ შემხვდებოდნენ და ა.შ.
- საქართველოში დაბრუნებულმა რამე მკვეთრი ცვლილება თუ შენიშნეთ?
- ბევრი რამე შეცვლილი დამხვდა, პირველ რიგში - ინფრასტრუქტურა: თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ვცხოვრობ. აქაურობა ძალიან გადასხვაფერებულია. მშენებლობები, მაღალი კორპუსები არ იყო, როცა გავემგზავრე... ყველაზე მეტად ამან გამაოცა. რაღაცნაირად, ჩემი უბნის გადასხვაფერებასთან ერთად, თითქოს ისტორია, ჩემი ბავშვობის ნაწილიც გაქრა...
- რამდენი ხნით დაბრუნდით? საქართველოში შემოქმედებითი მიმართულებითაც ხომ არაფერი დაგიგეგმავთ?
- სამწუხაროდ, მხოლოდ თვე-ნახევრით ჩამოვედი, რადგან იქ აწყობილი საქმის, სამსახურის დიდი ხნით დატოვება ძალიან რთულია. ამიტომ არის, რომ ვინც ემიგრაციაში მიდის, სამშობლოში მცირე დროით ბრუნდება, რადგან იქ სამსახურების დიდი ხნით დატოვება გამორიცხულია... აქაურ სიტუაციას რაც შეეხება, ჯერ კიდევ ახლობლების, ნათესავების, მეგობრების მონახულების პროცესში ვარ - ბოლოში ვერ გავედი (იცინის). ყოველი დღე დაგეგმილი მაქვს. მეგობრები მირეკავენ ხოლმე, - ჩვენი რიგი როდის მოვაო?.. პლუს, თითქმის დღეგამოშვებით (ზოგჯერ ყოველდღეც) ტელეგადაცემებს ვსტუმრობ, ღონისძიებებში ჩავერთე... ასე რომ, საქართველოში ჩემს პროფესიულ ცხოვრებასაც დროებით დავუბრუნდი...
- ამერიკაში რა პასუხისმგებლობები გაკისრიათ, რას საქმიანობთ?
- ქართული კულტურის ცენტრთან - "ფესვები" არსებული საბავშვო ვოკალური სტუდიის - "ციცინათელა" მუსიკალური ხელმძღვანელი ვარ. ჩემი მთავარი სამსახური სწორედ ეს სტუდიაა, სადაც ვოკალისტადაც ვმუშაობ. რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფი მყავს. საკმაოდ ბევრი ბავშვი სწავლობს. თამამად ვამბობ, რომ ბრუკლინში ყველაზე დიდი ქართული ბავშვთა ვოკალური სტუდია მაქვს. ამერიკის ტერიტორიაზე ქართული საქმის პოპულარიზაციას ვახდენთ... ასევე, ჩემი ბენდი მყავს, რომელთან ერთადაც საღამოობით 2 ადგილას ვმუშაობ. მოკლედ, ჩემს კარიერულ საქმიანობას გარკვეულწილად, ვაგრძელებ, თუმცა ისე - ვერა, როგორც საქართველოში, რადგან იქ სხვანაირი სიტუაციაა, ემიგრანტს დიდი ფუფუნება არ აქვს, რომ რამეს მიაღწიოს... 6 წლის განმავლობაში, 2 საუკეთესო ადგილას, ცოცხალ ბენდთან ერთად სიმღერა იქაც დიდი მიღწევაა…გაგრძელება