კომპოზიტორი მანანა იმედაძის რძალი - სალომე ქალიშვილი, სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ ღორის გრიპმა იმსხვერპლა. მანანა ტრაგედიის შემდეგ კვლავ იმავე ემოციებით იხსენებს რძალს და ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას მათ ურთიერთობაზე საუბრობს:
“მე და ჩემმა ქმარმა სიყვარულით გავზარდეთ ორი ვაჟიშვილი. ისინიც შესანიშნავად მღერიან. ასე სიმღერით ვიარეთ, სანამ ცამოწმენდილზე ჩემს ოჯახში დიდი ტრაგედია არ დატრიალდა.
მე და სალომეს დედაშვილური სიყვარული გვქონდა. როგორც კი დავინახე, გულში ჩამივარდა. გამორჩეული იყო თავისი გარეგნობით, ხასიათით, სათნოებით, ნიჭიერებით, ბრწყინვალედ მღეროდა, ხატავდა.
სულ მისი ცქერა მინდოდა, თვალს ვერ ვაცილებდი. როცა მისი მეუღლე ირაკლი სადმე მივლინებით წავიდოდა, ღამე ჩემთან წვებოდა, ჩამიხუტებდა და ასე იძინებდა. არ ვიცი, რა მაგიური კავშირი გვქონდა, მიყვარდა ძალიან და ახლაც სიგიჟემდე მიყვარს. მე რძალი კი არა, ქალიშვილი დავკარგე.
ელენიკო 4 წლისაა. რაც უფრო იზრდება, მეტად ემსგავსება დედას. სალომეს დაკრძალვამდე ელენიკოს მაღალი სიცხეები ჰქონდა. პაწაწინა ბავშვი დედის გარდაცვალებას აზრობრივად ხომ ვერ გაიგებდა, მაგრამ დედა-შვილური კავშირი ისეთი ძლიერია, მან იგრძნო ეს.
ელენეს მე ვზრდი. დედას მეძახის. როგორ გავბედავდი, მეთქვა, შენი დედიკო ვარ-მეთქი. ერთ დღესაც დედა დამიძახა. გული მომიკვდა, მაგრამ არ დამიშლია. სანამ გაიაზრებს, რომ დედიკო არა ვარ, დაე, დამიძახოს, არ იგრძნოს ობლობის სიმწარე, უდედობა. ხშირად ვაჩვენებ სალომეს სურათს და ვეუბნები, ესეც შენი დედიკოა, ციდან გიყურებს-მეთქი. სასაფლაოზეც დამყავს, იცის, რომ სტუმრად მიდის დედიკოსთან…
როცა ქორწილისთვის ემზადებოდნენ, სალომემ მთხოვა, მე და ირაკლი ვიმღერებთ თქვენს რომელიმე სიმღერას სიყვარულზეო. ასეთი სამი სიმღერა მქონდა, აქედან ორი ბედნიერ სიყვარულზეა, მესამე ტერენტი გრანელის ტრაგიკულ ლექსზეა შექმნილი. მაინცდამაინც ის აირჩია. ვუთხარი, არ გინდა, ბედნიერი სიყვარულის ჰიმნი არ არის-მეთქი, მაგრამ არ დაიჯერა. არ ვიცი, იქნებ რაიმე წინათგრძნობამ აარჩევინა” - იხსენებს კომპოზიტორი.
"გამიფრინდა ჩემი ანგელოზი..." - კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალი, სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსით გარდაიცვალა
"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც მძიმე ქრონიკული დაავადება..." - მანანა იმედაძის განცხადება