ოჯახი

„საერთოდ არ მიფიქრია რომანტიკულ ამბებზე... წინასწარ წერდა ბარათებს და მახვედრებდა; მივხვდი, რომ სხვა გრძნობა გაუჩნდა“ – ვინ იყო პატიმარი, რომელსაც ეკა ბესელია შეუყვარდა და რომანი, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა

„საერთოდ არ მიფიქრია რომანტიკულ ამბებზე... წინასწარ წერდა ბარათებს და მახვედრებდა; მივხვდი, რომ სხვა გრძნობა გაუჩნდა“ – ვინ იყო პატიმარი, რომელსაც ეკა ბესელია შეუყვარდა და რომანი, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა
ეკა ბესელიამ გადაცემაში „ია ფარულავას კონვერტი“ საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ისაუბრა. განსაკუთრებული სიყვარულით კი ბებია გაიხსენა:
,,ბოლო წლებში ყველაფერზე ვსაუბრობდით, ბევრ საიდუმლოს ვანდობდი. 17 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, საჩუქარი გამეკეთებინა. მთელი მისი ცხოვრება ავკინძე და ვაჩუქე. ამას განსაკუთრებით ინახავდა. როდესაც გარდაიცვალა, ბევრი წელი მე აქ ვერ ჩამოვდიოდი. მოვასწარი და სიკვდილის წინ, წინა დღეს ვნახე. მითხრა, რომ ყველაზე მეტად იმაზე ვდარდობ, შვილები და შვილიშვილები როგორ გააგრძელებენ ცხოვრებასო. შენ ისეთი ძლიერი ხარო, შეგიძლია ყველას თავი მოუყარო
და თქვენი ოჯახური იდილია შენარჩუნდესო, ეს გააკეთე ჩემი ხათრითო. ამას ვცდილობდი ყოველთვის. როგორ გამომივიდა, ამას სხვები გვეტყვიან”, – თქვა ეკა ბესელიამ.

პოლიტიკოსმა ერთ-ერთი შემთხვევაც გაიხსენა, როცა ჯერ კიდევ ადვოკატი იყო და მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან სასიყვარულო წერილებს იღებდა:
,,მკვლელობის საქმე იყო. კონფლიქტი ორ ნაცნობ ბიჭს შორის მოხდა. გარდაცვლილმა ბიჭმა აიყვანა შემდეგ, ვინც გახდა მკვლელი ბიჭი. საქმის გარჩევა იყო. დანა ამოიღო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დაასწრო და მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. ამ გარდაცვლილი ბიჭის დედა ანგრევდა ყველაფერს. შვილმკვდარი დედა ისედაც წარმოუდგენელი ტრაგედიის მატარებელია, მაგრამ მისთვის, მე რომ ვიცავდი ამ ბიჭს, მეც საშინელება ვიყავი. პროცესებზე ძალიან აგრესიული იყო. ეს ბიჭი, ბრალდებული, ძალიან ადამიანური იყო. პიროვნულად დანგრეული იყო. რა თქმა უნდა, კვალიფიკაციაზე ვდავობდით, ეს იყო განზრახ მკვლელობა თუ აუცილებელი მოგერიება. ამ ამბავში ისე შევედი როლში, რომ ალბათ, თავადაც იგრძნო ადამიანური თანაგრძნობა. ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთი პროცესის წინ, ფურცელი გამომატანა. მეგონა, თავისი პოზიციის განმარტება ეწერა. ვკითხულობ ოფისში, რომ ეს არ არის პროფესიული ტექსტი და პიროვნული სიმპათიების გამოხატვაა. არადა, საერთოდ არ მიფიქრია რომანტიკულ ამბებზე, რა დროს ეგ იყო, როცა ასეთ საქმეზე ვმუშაობდი. შემდეგ ციხეში ძალიან ტაქტიანად ვუთხარი, რომ ის წერილი არ მომეწონა, ხელი მეშლება, მაცადე, გავაგრძელო შენი დაცვა-მეთქი. წინასწარ წერდა ბარათებს და მახვედრებდა, ამაში გამოხატავდა თავის ემოციებს. მივხვდი, რომ სხვა გრძნობა გაუჩნდა და შემდეგ მისვლაზე მკაცრად ვუთხარი, თუ გინდა ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო, შეწყვიტე ამ ბარათების წერა-მეთქი. პატიმრის ფსიქოლოგიას კარგად ვიცნობ, ალბათ, თავისი ემოციები ასე გადმოიტანა. მოკლედ, მე განვაგრძე მისი დაცვა. უმძიმესი საქმე იყო. მახსოვს, უზენაესი განიხილავდა. საქმეს კვალიფიკაცია შევუცვალეთ და მკვლელობიდან მუხლი გადავიტანეთ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაზე და შედარებით დაბალი სასჯელი მიიღო. მალე გამოვიდა ციხიდან.

შემდეგ მახსოვს, ოფისში თაიგული მხვდებოდა ნაცნობი ხელნაწერით, ოღონდ არ ეწერა, ვისგან იყო. ასე მხვდებოდა მთელი თვე თაიგული, ბარათები. შემდეგ მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა ამ ამბის გაგრძელებას. ამ საქმეზე დაზარალებული დედა რამდენიმე წლის წინ შემხვდა სამების ტაძარში, მოვიდა და ჩამეხუტა”, – თქვა ბესელიამ.
ბეჭდვა
e87a93