„რვა წლის შვილი დავტოვე და ემიგრაციაში წავედი“ – ქართველი ქალის წარმატება იტალიაში, რთული გზა და ქართულ-იტალიური ოჯახი - Marao

„რვა წლის შვილი დავტოვე და ემიგრაციაში წავედი“ – ქართველი ქალის წარმატება იტალიაში, რთული გზა და ქართულ-იტალიური ოჯახი

2022-10-21 10:31:23+04:00

„იქიდან გამომდინარე, რომ იტალიელი მეუღლე მყავს და მაქვს ქართულ-იტალიური ოჯახი, მიჭირს თქმა, რა იქნება წლების შემდეგ, მაგრამ ემიგრაციამ იმდენად გამიმძაფრა ეროვნული იდენტობის განცდა, გაცნობიერებულად თუ უნებლიეთ, ჩემი ყოველი ნაბიჯი იმდენად უკავშირდება და უახლოვდება ჩემს სამშობლოს, რომ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ფიზიკურად სად ვიქნები“, - ამბობს ნინა მამუკაძე, რომელიც გვიამბობს, როგორ შეძლო ყველა დაბრკოლების გადალახვა, როცა იქ ჩასულმა იტალიურად სალამიც არ იცოდა, დღეს კი ერთ დროს მისთვის უცხო ქვეყანაში წარმატებულ ჟურნალისტად მიიჩნევა...

- კლასიკური გაგებით, 90-იანების თბილისელი ბავშვი ვიყავი. „ნახალოვკაში“ დავიბადე და გავიზარდე. გამოვიარე ყველა ის პრობლემა, რაც იმდროინდელ საქართველოში აწუხებდათ: უშუქობა, უგაზობა, უწყლობა, უტრანსპორტობა, ბუნდოვანი მომავალი, ყოფილი საბჭოთა და უკვე დამოუკიდებელი საქართველოს გარდამავალი, ქაოსური და ლიანდაგიდან გადასული განათლების სისტემის მათრახი; პერიოდი, როდესაც სკოლა სრულიად აცდენილი იყო მთავარ დანიშნულებას, ყოფილიყო ბავშვის განათლებასა და აღზრდაზე ორიენტირებული. თითქოს ყველა თვითგადარჩენისთვის იბრძოდა. მოგვიანებით მივხვდი, რომ მასწავლებლის დანიშნულება მხოლოდ გაკვეთილის გამოკითხვა და ნიშნის დაწერა არ იყო. როგორც კი ამას ჩავწვდი, გაუცნობიერებლად, თვითგანათლებასა და განვითარებაზე გადავერთე. მივხვდი, საკუთარი თავისთვის უნდა მეშველა. ახლა რომ ვუფიქრდები, ჩემი და-ძმაც სწორედ ასე მოიქცა. სრულიად დამოუკიდებლად, ნეპოტიზმისა და ქრთამის გარეშე შეძლეს მიეღოთ შესანიშნავი განათლება და დღეს მაღალ პოზიციებზე, სხვა ადამიანების სამსახურში არიან...

პირადად ჩემთვის, ტელევიზია და ზოგადად ჟურნალისტიკა ჯადოსნური სამყარო იყო, რომელზეც მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო, მაგრამ როგორც ჩანს, იდეა, ვყოფილიყავი მეოთხე ხელისუფლების ნაწილი, იმდენად ღრმად მქონდა ჩაბეჭდილი, რომ შევარდნაძის დროს გამეფებულმა უმაღლესში მისაღები გამოცდების "მაფიამაც" ვერ შემაშინა და მოხდა ისე, რომ პროფესია - ჟურნალისტი, ჩემი ორგანული ნაწილი გახდა, რომელმაც ემიგრაციაში ბოლომდე შეისხა ხორცი. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უმაღლესში განათლების მიღებაც, ფაქტობრივად, მხოლოდ სტუდენტებზე იყო მინდობილი. ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ვსწავლობდი და მომეცა საშუალება დამენახა განსხვავება, თუ რას ნიშნავს მოსწავლესა და სტუდენტზე მორგებული განათლების სისტემა.

- საქართველოში სად მუშაობდით და როგორ აფასებთ იმ პერიოდს დღევანდელი გადმოსახედიდან?

 

- პირველი ყველაზე დიდი გარდამტეხი თარიღი 2005 წელი აღმოჩნდა. სწორედ ამ წელს დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და დავიწყე ახალგაზრდულ ჟურნალში მუშაობა. ამავე პერიოდში დავშორდი მეუღლეს და დავრჩი მარტო ორი წლის გოგონათი. მიუხედავად იმისა, რომ პრესის ჟურნალისტს მიზერული ანაზღაურება მქონდა, წამითაც არ მიფიქრია ამ საქმისთვის თავის დანებება. გამომცემლობა „სამშობლოს“ ნახევრად დანგრეული შენობიდან სულ მალე მოვხვდი ჰოლდინგ „პალიტრა მედიაში“, სადაც შევიძინე ძალიან დიდი გამოცდილება, რადგან ჰოლდინგის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან თანამშრომლობამ, განსხვავებულ თემებზე მუშაობა მომიწია, რაც ემიგრაციაში ჟურნალისტიკის „კეთებაში“ ძალიან გამომადგა. აქ ჩვენ არ გაქვს ფუფუნება, თითო რუბრიკაზე თითო ჟურნალისტი გვყავდეს მიმაგრებული. ვმუშაობთ ყველა თემაზე, რაც საქართველოს პოპულარიზაციისა და ემიგრანტებისთვის საჭირო, საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება.

- აქ უკვე წარმატებული კარიერა გქონდათ, გყავდათ პატარა შვილი და როგორც ვიცი, იტალიური ენა ჯერ კიდევ არ იცოდით. დამაინც, საცხოვრებლად იტალია რატომ აირჩიეთ?

 

- მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაციაში წამოსვლის ბოლო დღემდე პროფესიით ვმუშაობდი, ჟურნალისტის ანაზღაურება არ მაძლევდა შვილის დამოუკიდებლად რჩენის საშუალებას. ამიტომ, რვა წლის ქეთა ჩემს მშობლებთან დავტოვე და ემიგრანტების უზარმაზარ არმიას შევუერთდი. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მონატრების ტკივილს დაემატა ის, რომ ჟურნალისტი, რომლის გონებაც და სამეტყველო აპარატიც სინქრონში, აქტიურ რეჟიმში მუშაობას იყო მიჩვეული, ერთბაშად დაადუმეს. გონება ისევ იმ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას, ენა კი ვეღარ ეწეოდა, რადგან როდესაც აქ ჩამოვედი, ერთი სიტყვაც არ ვიცოდი იტალიურად. საშინელი სტრესი მივიღე. ზუსტად სამ დღეში მივხვდი, რომ ენის შესწავლის გარეშე აქ ვერაფერს გავხდებოდი და ინტენსიურად დავიწყე ჯერ დამოუკიდებლად, შემდეგ უკვე, როდესაც ბინადრობის ნებართვა მივიღე, უნივერსიტეტში კურსების გავლა. ჩამოსვლიდან ორწელიწად-ნახევარში უკვე ოფიციალურ უწყებებში თარჯიმნად ვმუშაობდი.

მთელი ეს პერიოდი, დიდი თუ მცირე დოზით, დისტანციურად ვთანამშრომლობდი ქართულ გამოცემებთან და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ გამოცემების რედაქტორებს.

- რამდენად რთული იყო იტალიაში კარიერის აწყობა?

 

- მაგრამ ზუსტად ერთი წლის წინ მოხდა კიდევ ერთი გარდატეხა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ასევე ემიგრანტი ჟურნალისტის, ხათუნა შარაძის ინიციატივით, რომელიც მანამდე, ერთი წლის განმავლობაში აკეთებდა ემიგრაციაში ამ საქმეს, გავხდი მედიამაუწყებელ ExclusiveTV-ის ჟურნალისტი და იტალიის ბიუროს ხელმძღვანელი, ანუ ისევ თავით გადავეშვი ჩემს პროფესიაში. შედარება რომ გავაკეთო, მანამდე ვიყავი თევზი პატარა აუზში და ამ გზით საშუალება მომეცა შემეცურა ოკეანეში. მოგვიანებით, ჩემი და ხათუნას ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზარდა. არ გადავაჭარბებ, თუ გეტყვით, რომ მისნაირ პროფესიონალ და მართალ პიროვნებასთან თანამშრომლობა და ახლა უკვე მეგობრობაც, უდიდესი კომფორტია. თავიდან საქმემ გაგვაერთიანა და ბოლოს ოჯახად ვიქეცით. ვფიქრობ, რა ძალით და ენერგიითაც იბრძვის ადამიანი მიზნის მისაღწევად, ისეთ შედეგამდე მივა. ძალიან დიდი ენერგია ჩავდეთ საქმესა და ურთიერთობაში, ფაქტიც სახეზეა. ჩვენი ყოველდღიურ რეჟიმში საქმიანობით შეიქმნა ახალი ფენომენის პრეცედენტი - ცოცხალი ჟურნალისტიკა ემიგრაციაში. ჩვენი ტანდემი გახდა საფუძველი, ერთობლივი საქმეც წამოგვეწყო. ეს არის ტურისტული კომპანია „არგონავტების ოქრო“, რომელიც შემომყვან ტურიზმზე მუშაობს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ბევრი იტალიელი ტურისტი ეწვიოს საქართველოს.

წიკითხეთ სრულად