მომღერალი ნინი წიკლაური ჟურნალ „სარკესთან“ ამერიკულ ცხოვრებასა და ოჯახზე საუბრობს:
ჩემი შვილები ამერიკაში დაიბადნენ. მათთვის იქ არის სახლი, ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. ენაც ინგლისურად აიდგეს, თუმცა მე კატეგორიულად გადავწყვიტე, სახლში მხოლოდ ქართულად ვისაუბროთ. ჩემს შვილებს ქართული ვასწავლე. უფროსი მოსამზადებელ კლასში დადის, ვუთხარი, რომ სკოლაში საკმარისია ინგლისურად საუბარი და სახლში მშობლიურ, ანუ ქართულ ენაზე ილაპარაკოს. ნამდვილად ვახერხებ ამას, ორივეს შეუძლია ქართულად ლაპარაკი, თუმცა აქცენტი აქვთ.
ძალიან მოსწონთ აქ ყოფნა. პატარები არიან, მაგრამ მაინც აღიქვამენ, რომ ბებიებთან არიან,.ზოგჯერ, ეზოში როცა ჩამყავს ან ვასეირნებ, მეუბნებიან, დედა, ნახე, როგორი ქვაა, როგორი ხეა, როგორი ყვავილი, ასეთი ხომ ჩვენს ეზოშიცაა, ჩვენს სახლშიც გვაქვსო. რას იზამ, რეალობას ვერსად წაუხვალ, მათთვის სახლი ამერიკულ ყოფასთან ასოცირდება, იქ ჰყავთ თავიანთი პატარა მეგობრები, რომლებიც უყვართ, თუმცა აქაურ ბავშვებსაც იოლად შეეწყვნენ.
ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიშრომო ჩემს მეუღლესთან ერთად, რომ თბილისში დავბრუნდე და მშვიდი, კეთილმოწყობილი ცხოვრება შევიქმნა. ჩემი შვილები იქ გაიზრდებიან, იქ მიიღებენ განათლებას. ვერ გეტყვით, ისინი რას აირჩევენ, მათთვის ამერიკა, რა თქმა უნდა, სამშობლო იქნება. რასაკვირველია, ჩვენ, მშობლები, ჩავუნერგავთ მათ საქართველოს სიყვარულს, ყოველთვის ჩამოვიყვანთ აქ, არ დავავიწყებთ დედა ენას, მაგრამ გადაწყვეტილებას გაზრდილები თავად მიიღებენ.
ჩვენ კი, მე და ჩემი მეუღლე, აუცილებლად დავბრუნდებით. ჩემთვის არ არსებობს სხვა სამშობლო, სხვა ქალაქი, თბილისის გარდა, სადაც თავს ბედნიერად ვიგრძნობ” - ამბობს ნინი წიკლაური.
