"ერთი დღეც არ მიძებნია ბიოლოგიური ოჯახი, ვინც ჩემზე უარი თქვა, მეც არ მჭირდება" - ნაშვილები გოგონას ოჯახის საოცარი ამბავი - Marao

"ერთი დღეც არ მიძებნია ბიოლოგიური ოჯახი, ვინც ჩემზე უარი თქვა, მეც არ მჭირდება" - ნაშვილები გოგონას ოჯახის საოცარი ამბავი

2022-10-29 15:13:33+04:00


სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 29 წლის ნინი ნარიმანიძეს თბილისიდან, რომელიც შვილად აყვანისა და ნაშვილები ადამიანების ტაბუდადებულ თემაზე საუბრობს. ახალგაზრდა ქალი პირადი მაგალითის მიხედვით გვიყვება, თუ რა ემოციური გზის გავლა უწევთ ნაშვილები ბავშვების მშობლებსა და თავად ნაშვილებ ადამიანებს.

„ჩემი ოჯახი რომ არა, არ ვიცი, სად ვიქნებოდი, ვინ ვიქნებოდი, სახელიც კი არ ვიცი, რა მერქმეოდა. ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, რომ მათთან მოვხვდი.

დიდ ოჯახში გავიზარდე. ბებიას პედაგოგიური ჰქონდა დამთავრებული, ბაბუა სამხედრო იყო, ომის ვეტერანი. სამი ქალიშვილი გაზარდეს და საკმაოდ კარგი განათლება მისცეს, დედაჩემი იურისტია, ერთი დეიდა მუსიკისმცოდნე, მეორე - გერმანული ენის სპეციალისტი. ყოველთვის სწავლასა და კარიერას იყვნენ გადაყოლილი და გათხოვების სურვილი არასდროს ჰქონიათ. რაღაც ეტაპზე, დედაჩემი მიხვდა, რომ მარტო ყოფნა არ უნდოდა და შვილის აყვანა გადაწყვიტა. ეს არ იყო მარტივი ნაბიჯი, მით უმეტეს, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა მაშინ და ძალიან დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა. იმ პერიოდში კიდევ უფრო განიკითხავდნენ ნათესავები, მეზობლები, მეგობრები... 7 დღის ვიყავი, როცა ამიყვანეს, სამშობიაროდანვე გამაშვილეს. როგორც ვიცი, დედამ ძალიან ბევრი იშრომა ამისთვის, ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული, დეტალები არ მიკითხავს, მისთვის მძიმე იყო ამის გახსენება. მაშინაც არ იყო მარტივი და დღეს კიდევ უფრო რთული პროცესია შვილად აყვანა. მახსოვს, დედამ მითხრა და ხშირად ამბობს ამას, პირველად რომ ჩაგხედე თვალებში, იმ წამიდან შემიყვარდი, ისეთი დიდი თვალები გქონდაო. ეს რას ნიშნავდა, მაშინ გავაცნობიერე, როცა მე თვითონ მეყოლა შვილი. ორსულობის პერიოდში, კი, დადებითი ემოციები გაქვს, მაგრამ ერთი დანახვით შეყვარება რა იყო, მეც მაშინ მივხვდი.

ძალიან გამათამამეს, არაფერი მაკლდა. მიუხედავად ე.წ. “ბნელი 90-იანებისა” “პამპერსი” რომ არსად იშოვებოდა, ჩემთვის თურქეთიდან ჩამოჰქონდათ, ჩემს მეგობრებს რომ დიდი ზომის ტანსაცმელი ეცვათ, მე ტყავის ჩექმებითა და “დუბლიონკით” დავდიოდი. ხანდახან მეთაკილებოდა კიდეც, უფრო სწორად, მრცხვენოდა ამის გამო. არაფერი დაუკლიათ, არც სითბო და არც რამე მატერიალური. მაქსიმალურად შეძლეს ყველაფერი, ფაქტობრივად, სიცოცხლე მაჩუქეს.

წაიკითხეთ სრულად