ოჯახი

"რაც ცოლად მოვიყვანე, მერე სცენაზე აღარ უმღერია... ერთი შვილთაშვილი გვყავს და იმედია, სხვებსაც მოვესწრებით, არ მინდა, ამ ქვეყნიდან ისე წავიდე..." - ვახტანგ ტატიშვილი მეუღლესა და ოჯახზე

"რაც ცოლად მოვიყვანე, მერე სცენაზე აღარ უმღერია... ერთი შვილთაშვილი გვყავს და იმედია, სხვებსაც მოვესწრებით, არ მინდა, ამ ქვეყნიდან ისე წავიდე..." - ვახტანგ ტატიშვილი მეუღლესა და ოჯახზე
"აქაურობა ყველაფერს მირჩევნია! უცხოელები საქართველოში რომ ჩამოდიან, აღფრთოვანებულნი რჩებიან და მე უცხო ქვეყანაში რა გამაძლებინებს?!"

"სხვებზე ადრე ვბერდებით, თურმე, მუსიკოსები!" - სევდიანი ღიმილით ამბობს ანსამბლ "ივერიის" წევრი, მთელი საქართველოსთვის საყვარელი მომღერალი - ვახტანგ ტატიშვილი, რომელსაც 24 ნოემბერს 81 წელი შეუსრულდება. ბატონი ვახტანგი ნოსტალგიით იხსენებს თავისი ცხოვრების გზას, რომელსაც ქართული სიმღერის და მეგობრების სიყვარული ალამაზებდა:

- ჩემი ბავშვობით დავიწყებ, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე თბილ და კოლორიტულ ქალაქში - ბათუმში გავატარე. ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ ქართული სიმღერის
სიყვარულს ადრეული ასაკიდან ვეზიარე, მაგრამ ასე არ ყოფილა. რატომ?.. რუსულ ბაღში დავდიოდი და რუსული სკოლა დავამთავრე. ეს მაშინ ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ამიტომ ქართული მუსიკის სიყვარული ჩემს გულში ცოტა მოგვიანებით გაჩნდა. ჩემი მშობლები ბოტანიკოსები იყვნენ და შეიძლება ითქვას, ჩემს და-ძმასთან ერთად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გავიზარდე. ჩვენი მშობლები მეცნიერები იყვნენ და მუშაობდნენ, ჩვენ კი ამქვეყნიურ სამოთხეში ვიზრდებოდით. მახინჯაურის სკოლაში ვსწავლობდი, იქამდე 5 კილომეტრი იყო, რომელიც ფეხით უნდა გამევლო, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვიყავი. ბოტანიკურ ბაღში ხილი ბლომად იყო, ხან რა მწიფდებოდა და ხან - რა, თუმცა ზოგჯერ დაუმწიფებელსაც სიამოვნებით მივირთმევდით: ყველანაირი ციტრუსი, ვაშლი, მსხალი, ხურმა - ვინ იცის, რა არ მოდიოდა ამ მშვენიერ ბაღში, რომელიც დღემდე ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელ მოგონებად რჩება. 1941 წელს ვარ დაბადებული, ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში საკვები ძალიან ჭირდა, მაგრამ ჩვენ ეს არ გვიგრძნია. ამიტომაც ვამბობ, რომ მე ყველაზე ბედნიერი ბავშვობა მქონდა.

- ესე იგი, ბათუმთან ყველაზე თბილი მოგონებები გაკავშირებთ...

- დიახ, ბედნიერი ვარ, რომ ამ მშვენიერ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. სხვათა შორის, ომი რომ დამთავრდა, მხოლოდ 4 წლის ვიყავი. როცა გავიგე, ომი დამთავრდა, მეგონა, რომ ღომი გათავდა და ტირილი დავიწყე. გუშინდელივით მახსოვს, დედაჩემმა ძლივს დამამშვიდა და ამიხსნა, რომ ღომი არაფერ შუაში იყო... ბათუმთან არის დაკავშირებული ჩემი პირველი სიყვარული, რომელიც მეათე კლასში მეწვია. რაც შეეხება პირველ "არაფორმალურ სიყვარულს", ეს უკვე 17 წლისამ გამოვცადე: მაშინ ბათუმში ბევრი ტურისტული ბაზა და დასასვენებელი სახლი იყო. სწორედ ასე გავიცანი სვეტა. ღამის 2 საათზე ვიპარებოდი სახლიდან და მასთან მივდიოდი მწვანე კონცხზე. ამ ყველაფერს დღემდე დიდი სიყვარულით ვიხსენებ. ბათუმში გატარებული ბავშვობა და ახალგაზრდობა მართლაც დაუვიწყარი იყო. სკოლის დასრულებისთანავე ინსტიტუტში მოვეწყვე, 21 წლის ასაკში უკვე ფიზიკის მასწავლებელი ვიყავი და თბილისის ერთ-ერთ რუსულ სკოლაში ვასწავლიდი. სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო ჩემი გატაცება მუსიკით.

- თავდაპირველად სად მღეროდით?

- თავიდან ჯემალ ბაღაშვილმა შემომთავაზა, მარეხ გოძიაშვილის ტრიოში შევსულიყავი. ამ ტრიოში მე, ჯემალი და მარეხ გოძიაშვილი ვმღეროდით. სწორედ ასე გავხდი ფილარმონიის მომღერალი. ამ ტრიოთი მთელი საბჭოთა კავშირი და უცხოეთი მოვიარეთ. მასწავლებლობას თავი დავანებე და მუსიკოსის ურთულესი გზა ავირჩიე. ტრიომ 3 წელი იარსება, მერე კი, ბუთხუზ ბასილაიასთან, ჯემალ ბაღაშვილსა და გოგი ლეონიძესთან ერთად კვარტეტი ჩამოვაყალიბეთ. ეს 1968 წელს მოხდა და ანსამბლ "ივერიას" საფუძველი სწორედ მაშინ ჩაეყარა. იმის შემდეგ ჩვენს გუნდში ბევრი ნიჭიერი ადამიანი მოვიდა და წავიდა, მაგრამ ძირითადი ბირთვი ყოველთვის რჩებოდა ბუთხუზ ბასილაიას ხელმძღვანელობით. პირველ რიგში რა გამოარჩევდა "ივერიას"?.. ჩვენთვის მაყურებლის სიყვარული და პატივისცემა პირველ ადგილზე იყო. მეც ამდენი ხანია ვმღერი და როცა სცენაზე გამოვდივარ, მაინც ვღელავ. მაყურებელს ვერ მოატყუებ, მან შეიძლება თავიც დაგიქნიოს, ტაშიც დაგიკრას, მაგრამ ყოველთვის ამჩნევს, როდის იყავი გულწრფელი და როდის - ყალბი. ვაღიარებ, რომ განსაკუთრებული ხმა მე არ მქონია, შეიძლება კარგი სმენა მქონდა, მაგრამ ისეთი გამორჩეული ხმით, როგორიც თემურ წიკლაურს ჰქონდა, როგორიც ნუგზარ კვაშალს ან მანანა თოდაძეს აქვთ, მე ვერ დავიკვეხნიდი, თუმცა ყველა ანსამბლში ასე ხდება: 1-2 კაცს აქვს განსაკუთრებული ხმა, დანარჩენები კი სულ სხვა ფუნქციას ასრულებენ. "ივერიელებმა" რასაც მივაღწიეთ, მუდმივი წვის და დიდი შრომის ფასად მივაღწიეთ. გული მტკივა, როცა მახსენდება, რამდენი ნიჭიერი ხელოვანი წავიდა "ივერიიდან" და იმქვეყნიურ საუფლოში გადასახლდა!

წაიკითხეთ სრულად


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ლია
დიდხანს იცოცხლეთ! და მარადიული სასუფეველი გარდაცვლილებს...
10:26 / 01-12-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93