ახალმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ შავგვრემან ქალბატონებს მეტი შანსი აქვთ, ხელი გამოჰკრან მილიარდერს, ვიდრე ქერათმიანებს.
კომპანია Lycos-ის ექსპერტებმა იმ მდიდარი ადამიანების ცოლებისა და საყვარლების თმის ფერი გადაამოწმეს, რომლებიც მსოფლიოს 100 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში არიან შესულები.
ამ ქალების უმეტესობა (62%) შავგვრემანი აღმოჩნდა, ხოლო მილიარდერების ქერა თანამგზავრების რაოდენობა პროცენტულად ბევრად ნაკლებია – 22%.
მესამე საპატიო ადგილი ჟღალთმიანმა ქალებმა დაიკავეს – 16%, თუმცა მათი ქმრები თუ საყვარლები მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ბოლო ადგილებს იკავებენ.
Lycos-ის დირექტორმა სემ კეიუმ ამის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა: "ეს კვლევა ყველას დააფიქრებს იმის შესახებ, რომ, მაგალითად, გახდებოდა თუ არა კარლა ბრუნი საფრანგეთის პირველი ლედი, ქერათმიანი რომ ყოფილიყო? შესაძლოა, სარკოზიმ ისიც გათვალა, რომ ხმის მიმცემი საზოგადოება ბრუნის მეტად სერიოზულად აღიქვამდა, რადგან ის მუქ ფერებშია".
სხვათა შორის, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის, Microsoft-ის მფლობელის, ბილ გეიტსის ცოლი, მელინდა ფრენჩი შავთმიანია.