ალბათ ყველას გახსოვთ მულფტილმი "ზოლიანი ბანანები", მე მის ახალ, ზრდასრული ადამიანებისთვის განკუთვნილ ადაპტაციას გთავაზობთ სახელად - "ცოლიანი ბანანები".
ზოლიანი ბანანების ცოლიან ბანანებად გენერირება ჩემს გონებაში მას შემდეგ განხორციელდა, რაც უკვე მესამედ დავინახე სოციალური ქსელის ჩატში ახალდაქორწინებული მამრობითის მონაწერი, რომელმაც ცოლ-შვილი (სავარაუდოდ დედასთან ერთად) დასასვენებლად გაუშვა და დაიგულა რა ისინი შორს, "მეგობრულ შეხვედრაზე" მიმიპატიჟა.
როგორ ძალიან მინდა იმ წუთას ეგრძნოთ ჩემი სიძულვილი მათი არ, თუ ვერ შემდგარი პიროვნების, არასწორი დამოკიდებულების მიმართ და დაენახათ ის დამცინავი, ცინიკური ღიმილი, რომელიც მათი მიპატიჟების შემდეგ გადამეფინა ჩემს ჯერ კიდევ დაუნაოჭებელ სახეზე.
ჰა, როგორია, ბიჭებო? კარგია, როდესაც ზაფხულში ერთი წლის მოყვანილ ცოლს, მცირეწლოვან შვილთან ერთად დასასვენებლად უშვებ, სადაც შენი დახმარების გარეშე უნდა გაართვას თავი ბავშვის მოვლასა და სააგარაკო საქმეებს და სადაც იმის გამო, რომ შენ შვებულება არ, თუ ვერ აიღე, იმაზე უფრო მეტად უნდა დაიღალოს, ვიდრე გამზაგვრებამდე?
კარგია, ხომ ქალაქში მარტო დარჩენა, ქალაქში, რომლის ქუჩებშიც, ახალგაზრდა, გარუჯული, მოკლე შორტებში გამოწყობილი გოგონები დასეირნობენ. და თან მხოლოდ სეირნობას როდის სჯერდებიან? ისინი ყოველ 2 წუთში ერთხელ ათავსებენ ფეისბუქზე, ინსტაგრმის ფილტრებით დამუშავებულ ფოტოებს ბათუმის ჯეოსელის სანაპიროდან (მათ შორის მეც), რომელზეც საცურაო კოსტიუმში არიან გამოწყობილნი და თქვენი აზრით ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი მამაკაცური გონების საწყისები კიდევ უფრო გაფხორონ. თქვენი თავდაჯერება მაოცებს, ძალიან მაოცებს.
ცოლის გამზავრებიდან 1 კვირის თავზე, ასეთი მამაკაცი აცნობიერებს, რომ ნანატრი მცირეოდენი "თავისუფლება ეღირსა" და იხსენებს ყველა გოგოს, რომელიც ადრე მოსწონდა, შემდეგ კი მათთან "მეგობრული ურთიერთობის" აღდგენაზე იწყებს ფიქრს. მე კი რატომღაც, მეტ-ნაკლებად ვიცნობ რა მამრობითი ჰომოსაპიენსების გონებას, ვფიქრობ, რომ მათ ან "უწყინარი ფლირტით" სურთ თავშექცევა, ან უარეს შემთხვევაში გოგო თუ აყვება, იმედი აქვთ, რომ რაიმე "უფრო მასშტაბურს" გამოჰკრავენ ხელს. ყოველ შემთხვევაში მათ ამ ინიციატივაში, ვერაფერ მეგიბრულს ვერ ვხედავ.
ცოლიან ბანანებს თამაში უნდათ - ეს არის და ეს.
ვიღაც ალბათ შემედავება და იტყვის, რომ ჩემი სარკაზმი უადგილოა და შესაძლოა, სამივეს მართლაც მხოლოდ მეგობრული გრძნობები ამოძრავებდა. მაგრამ ზემოთ რომ ავნვიშნე, ჩემი სახე უნაოჭოა-თქო მოვიტყუე, რამდენიმე ნაოჭი მეც მაქვს თვალის გარშემო, რაც ადასტურებს ორ რამეს - 1. დაკვირვება ჩემი ჰობია. 2. უკვე აღარ ვარ იმ ასაკში, რომ მიამიტობის უფლება მივცე თავს.
გარდა ამისა, მსგავსი შემოთავაზებები ჩემმა რამდენიმე მეგობარმაც მიიღო, რაც ადასტურებს იმას, რომ მარტის თვე ზაფხულში უნდა გადმოვიტანოთ და გადავიღოთ ახალი ფილმი სახელად "მარტის კაცები". ტოტალურად აიწყვიტეს!
საქმე ისაა, რომ მე ქორწინების ინსტიტუტს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვერასდროს წარმოვიდგენ, თუნდაც ხსენებულ "უწყინარ ფლირტს" ცოლიან მამაკაცთან. სწორედ ამიტომ სამივე შემოთავაზებაზე მკაცრი უარი განვაცხადე. ორ მათგანს სერიოზული სკანდალი მოვუწყე და წავუკითხე მორალი იმის შესახებ, რომ მათსავით, მხოლოდ ორგული, ობიანი გონების და ამაზრზენი მორალის მქონე მამრობითები იქცევიან. მესამე შემოთავაზების დროს შედარებით კორექტული ვიყავი. ამ პიროვნებას საკმაოდ დიდ პატივს ვცემ და განვუცხადე, რომ მეგობრული საღამო მხოლოდ მაშინ გვექნება, როდესაც მისი მეუღლე დაბრუნდება, მე მას გავიცნობ და სამივე ერთად შევიკრიბებით. მართლა არ მიდნა დავიჯერო, რომ მას ცუდი განზრახვა ჰქონდა, როდესაც შეხვედრა შემომთავაზა და ტრადიციულ ქალურ საქციელს ჩავიდენ და ვიფიქრებ, რომ მაგალითად, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და სათანადოდ ვერ შეაფასა ჩემი მორალური პრინციპები.
ყოველ შემთხვევაში სამივემ მიიღო ჩემი უარი და თან იმდენად გარკვევით და მკაცრად, რომ სხვა დროს კარგად დაფიქრდებანა, სანამ თუნდაც უბრალოდ მომიკითხავენ.
მაგრამ ყველა ქალი ჩემნაირად რომ არ უყურებს მსგავს საკითხს, ეს არ არის ახალი ამბავი. ვიღაც ალბათ შეხვედრაზეც დასთანხმდებოდა და ვინ იცის, მათი ურთიერთობა რა სახეს მიიღებდა საბოლოოდ. ამის წარმოდგენაზე ამაზრზენი ჟრუანტელი მივლის ტანში. რა უდნა იყოს უფრო მდაბიო საქციელი ქალის მხრიდან? თუმცა, ქალების შეცდომებს ცალკე პოსტს დავუთმობ.
ახლა კი ცოლიან ბანანებს დავუბრუნდები და რამდენიმე რჩევას მივცემ:
1. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ქალი იმდენად გიყვართ, რომ მის ზურგს უკან, მისთვის უცნობ გოგონებთან შეხვედრის სურვილი არ გაგიჩნდებათ, ნუ მოიყვანთ მას ცოლად.
2. თუ მოიყვანთ ცოლად და სხვა ქალებთან მართლაც მეგობრობა გსურთ, ჯერ მეუღლეს გააცანით ის. ეს სწორი და კორექტული საქციელი იქნება.
3. მე თავი დამანებეთ, დავიღალე თქვენთვის მორალის კითხვით.
4. გამონახეთ თუნდაც ერთი კვირა, მოსწყდით სამსახურს და დაისვენეთ მეუღლესთან ერთად. მოუარეთ ბავშვს და მიეცით მეუღლეს კარგად დასვენების საშუალება.
5. ნუ ფიქრობთ, რომ ყველა გოგოს, რომელიც ფეისბუქზე მოკლე შორტებიან და ბიკინებიან ფოტოებს აქვეყნებს, თქვენთან ფლირტი სწყურია. მათ უფრო მეტად სწყურიათ ბოლო ფოტოზე აღბეჭდილი კოსმოპოლიტენი.
6. თუ მაინც დაითანხმეთ რომელიმე ქალი შეხვედრაზე, ერთი წუთით დაფიქრდით, როგორც ეტკინებოდა გული თქვენს მეუღლეს, ეს რომ გაეგო. იქნებ ბოლო წუთას მაინც გადაიფიქროთ.
ძალიან მინდა, რომ ეს პოსტი ბევრმა მამრობითმა ჰომოსაპიენსმა წაიკითხოს და საკუთარი თავი მასში ცოტამ აღმოაჩინოს. ხოლო მათ, ვინც თავის თავს მაინც დაინახავს და თავის გამართლებას დაიწყებს (რაც იმის ალბათობას ზრდის, რომ კიდევ მოიქცევა ასე), ვეტყვი, რომ მათი საქციელი ამაზრზენია და იმასაც ვეტყვი, რომ ჩემს რუბრიკას "ყავასთან მისაყოლებელი პოსტები" ჰქვია და იმედი მაქვს, მომავალში როდესაც ყავას მიირთმევთ, ეს მწარე სასმელი, კიდევ უფრო მწარედ მოგეჩვენებათ.
ქეთო პატარქალიშვილი.
ავტორის სხვა ბლოგები:
როგორ (არ) იქცევიან ქართველი კაცები პირველ პაემანზე?
კიდევაც დათხოვდებიან - ანუ ახალ საფეხურზე ნახმარი ფეხსაცმლით!
მოწევა და პატარა ბიჭი აბერებს - პროვოკაციული პოსტი
აპკთაყვანისმცემლობა, ანუ დასხედით, ქალებო, ყოფაქცევაში - მსუბუქი