ხშირად და-ძმა ერთ პროფესიას ირჩევს. ზოგი ვარსკვლავი ხდება, ზოგს კი ეპიზოდური გაელვებაც კი ჰყოფნის.
ისე, საინტერესოა, მათ შურთ თუ უხარიათ პოპულარული და-ძმების?..
ერიკ რობერტსი/მსახიობი, 61 წლის
რობერტსების ცხოვრება სერიალივითაა. მშობლების განქორწინების შემდეგ ერიკი მამასთან დარჩა, დედამ კი ორი გოგონა წაიყვანა და სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. და-ძმებს მტრული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ. როცა ჯულიამ მსახიობობა გადაწყვიტა, რობერტი, იმ დროის ჰოლივუდის ვარსკვლავი, სიამოვნებით დაეხმარა. ჯულია ვარსკვლავი გახდა, ერიკი კი დიდების ზენიტიდან ჩამოვარდა და წარუმატებლობის გამო ნარკოტიკებს მიეძალა. ჯულია დაეხმარა ერიკის ცოლ-შვილს, სახლი უყიდა და ძმისშვილს საკუთარი შვილივით პატრონობდა. და-ძმას შორის ურთიერთობა მაშინ დარეგულირდა, როცა ჯულიას ტყუპი ეყოლა.
დანი მინოუგი/მომღერალი, მსახიობი, ტელეწამყვანი, 46 წლის
კაილის მსგავსად, დანისაც მომღერლობა სურდა. 1991 წელს ალბომი - Love and kisses ჩაწერა. პარალელურად, სერიალებში მონაწილეობდა. ახლა კი დიზაინერობა დაიწყო, თუმცა სიმღერისთვის თავი არ მიუნებებია და მაყურებლის სიყვარული X-Factor-ში წამყვანის ამპლუაში მონაწილეობით დაიმსახურა.
ჯეიმს ჰეივენი/მსახიობი, 44 წლის
ჯოლის უფროსი ძმაც მსახიობია, თუმცა კინოში სულ 15 როლი აქვს შესრულებული. ისიც, ხან ბარმენის, ხან - მცველის. და-ძმას იდეალური ურთიერთობა აქვს. ისინი არ ერიდებიან გრძნობების სახალხოდ გამოხატვას და ერთხელ მათმა ვნებიანმა კოცნამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. იმასაც ამბობენ, რომ ბრედ პიტთან დაშორების მიზეზი ანჯელინას ძმასთან მიჯაჭვულობა გახდა.
ალექს უოტსონი/მსახიობი, მოდელი, 25 წლის
პოპულარული დის წყალობით გახდა. ჰარი პოტერის ერთ-ერთ სერიაში ეპიზოდური როლიც კი შეასრულა. ისინი ხშირად ერთად ესწრებიან ელიტურ თავშეყრებს. ალექსს სარეკლამო კლიპებშიც იღებენ და სერიალებშიც, მაგრამ დის პოპულარობამდე ჯერ შორია.
ბრენდი საირუსი/მსახიობი, მუსიკოსი, 30 წლის
"ჰანა მონტანაში" მაილი საირუსი მამასთან, ბილი რეი საირუსთან ერთად თამაშობს. ეს ყველამ იცის, მაგრამ ის, რომ სერიალში გიტარისტი გოგონას როლს ბრენდი ასრულებს, რატომღაც ყველას "დაავიწყდა". მაილის ჩრდილში მყოფი ბრენდი შოუბიზნესისკენ ეკლიანი გზის გაკვალვას დამოუკიდებლად ცდილობს. მათ კიდევ ჰყავთ ერთი და, 18 წლის ნოა, რომელიც ასევე შოუბიზნესში აპირებს მოღვაწეობას.
ლუკ ჰემსვორტი/მსახიობი, 37 წლის
ლუკი კრისისა და ლიანის უფროსი ძმაა. ის სამშობლოში - ავსტრალიაში პოპულარული მსახიობია. უფროსი ჰემსვორტი ჰოლივუდის სექს-სიმბოლო ძმების ერთგული გულშემატკივარია. თავად კი უკვე 10 წელია დაქორწინებულია და ოთხ გოგონას ზრდის.
მონიკა კრუსი/ მსახიობი, მოცეკვავე, 40 წლის
სანამ პენელოპას ფილმებში იღებდნენ, მონიკა ჰოაკინ კორტესის დასში ცეკვავდა. პარალელურად, კინოებში ეპიზოდურ როლებს ასრულებდა. დის დუბლიორი იყო ფილმში "კარიბის ზღვის მეკობრეები: საოცარ ნაპირებზე", სადაც პენელოპა 5 თვის ფეხმძიმე თამაშობდა. მონიკა თეთრეულის, Agent Provocateur-ის დიზაინერი და საკმაოდ წარმატებულია. კინოში თამაშს კი პენელოპას გამო თანხმდება.
ჯეიმი ლინ სპირსი/მსახიობი, მომღერალი, 26 წლის
ბრიტნის უმცროსი და მონაწილეობდა სერიალში Zoey 101, საბავშვო შოუ მიჰყავდა და სიმღერებსაც წერდა. 2005 წლამდე გოგონები პოპულარულები იყვნენ. იმ წელს კი ბრიტნი მოცეკვავე კევინ ფედერლაინს გასცილდა (მთელი მსოფლიოს ყურადღება ბრიტნიზე იყო მიპყრობილი) და მათმა დედამ ლინ სპირსმა, რომელიც შვილების მენეჯერია, ერთ-ერთ ჟურნალს განუცხადა, რომ არასრულწლოვანი ჯეიმი ფეხმძიმედ იყო. კარგა ხანი დები სპირსების ცხოვრებისეული დეტალები ჟურნალ-გაზეთების პოპულარული თემა იყო. სხვათა შორის, გულახდილი ინტერვიუსთვის ქალს ჟურნალის რედაქციამ 1 მლნ დოლარი გადაუხადა. ასე დასრულდა 16 წლის ჯეიმი სპირსის კარიერა. ახლა მას ბიზნესმენი ქმარი და ორი შვილი ჰყავს.