„ყოველ წელს სილამაზე სულ უფრო ძვირი მიჯდება. რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო დაკვირვებით ვაკონტროლებ იმას, რასაც ვჭამ“ - განაცხადა ჰოლი ბერიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.
მსახიობმა არაერთხელ აღნიშნა, რომ დიეტაზე არასდროსაა და ნაცვლად ამისა, სწორად იკვებება. ჯანსაღი ცხოვრების წესი ჰოლი ბერისთვის არა უბრალოდ გართობა, არამედ აუცილებლობაა. 19 წლის ასაკში მას დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს და მომავალ ვარსკვლავს სასწრაფოდ რაციონის გაკონტროლება მოუხდა. უკვე 20 წელზე მეტია ჰოლი ცხიმიან საკვებს, წითელ ხორცს, პურსა და შაქარს არ ეკარება, სანაცვლოდ კი რეგულარულად მიირთმევს ბოსტნეულს, ჩიტის ხორცსა და თევზეულს - თანაც, მცირე ულუფებად, დღეში 5-ჯერ.
გადაღებებისას მსახიობი პროტეინების კოქტეილს სვამს, რაც ენერგიით იდეალურად ავსებს.
შესანიშნავ სხეულს ჰოლი ბერი მხოლოდ ქათმის ფილესა და სალათის ფოთლებს არ უმადლის, ეს რეგულარული ვარჯიშის დამსახურებაცაა. ვარსკვლავი გამოტყდა, რომ წონაზე მუშაობა არ უყვარს, მაგრამ კარგი როლისთვის გამონაკლისს დაუშვებს.
2018 წლის თებერვალში მსახიობმა საკუთარ Instagram-ზე რეგულარული რუბრიკა „ფიტნეს-ხუთშაბათი“ წამოიწყო: კვირაში ერთხელ ჰოლი გამომწერებს საკუთარი ვარჯიშიდან ფოტოებსა და ვიდეოებს უზიარებს.
„ბევრი მეკითხება, როგორ ვახერხებ, ჩემს ასაკში ასე გამოვიყურებოდე. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ეს გენეტიკის დამსახურებაა. ამასთან, ბავშვობიდან ტანვარჯიშით ვარ დაკავებული, ამიტომ ძალიან სპორტული ადამიანი გავიზარდე. მრავალი წლის მანძილზე სხვადასხვა მწვრთნელთან მიმუშავია და თითოეული მათგანისგან ბევრი რამ ვისწავლე. ახლა კი მსურს, ჩემი საყვარელი მწვრთნელი გაგაცნოთ, რომელსაც ჩემს საიდუმლო იარაღს ვუწოდებ - პიტერ ლი ტომასი. ამ ადამიანმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. იმის გარდა, რომ ის არაჩვეულებრივი ადამიანი და მწვრთნელია, ასევე გახლავთ მსახიობი, საბრძოლო ხელოვნების ოსტატი და სწორი კვების სპეციალისტი. მან მასწავლა კრივი, თავდაცვა და სხვა ბევრი რამ. ახლა არა მხოლოდ საუკეთესო ფორმაში ვარ, არამედ ასევე შემიძლია დავიცვა საკუთარი თავი და ახლობლები“ - ჰყვება ჰოლი ბერი.
გულწრფელად რომ ვთქვათ, ბევრი 20 წლის გოგონა ვერ დაიკვეხნის ისეთი იდეალური და სუფთა კანით, როგორიც 52 წლის ასაკში აქვს ჰოლის. ყოველდღიურ ცხოვრებაში მსახიობი მაკიაჟს თითქმის არ ატარებს, რათა კანს საშუალება მიეცეს, იმ მძიმე მაკიაჟისგან დაისვენოს, რასაც გადასაღებ მოედანზე უკეთებენ. სანაცვლოდ კი ჰოლის უყვარს სპა-სალონები. მისი საყვარელი პროცედურებია: პილინგი, ინტენსიური დატენიანება და ჟანგბადის შემცველი ნიღაბი. ასევე, ჰოლი რეგულარულად იწმენდს კანს ვარდის წყლით და სახლიდან გასვლის წინ არასდროს ავიწყდება მზისგან დამცავი საშუალების წასმა.