მერილინ მონროზე 600 წიგნია დაწერილი... ცოტაა...
სრული სახელი: ნორმა ჯინ მორტენსონი. ნათლობის შემდეგ ნორმა ჯინ ბეიკერად იქცა.
დაბადების თარიღი: 1926 წლის 1 ივნისი (სამშაბათი). ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ.
გარდაცვალების თარიღი: 1962 წლის 4 აგვისტო. ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ.
სიკვდილის მიზეზი: ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა.
სიმაღლე, წონა: 165 სმ, 52 კგ.
ვერ იტანდა მტვერს. ამიტომ სახეს დღეში 15-ჯერ იბანდა.
გაიკეთა რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია. ქირურგებმა შეუსწორეს ცხვირის, ნიკაპის ფორმა და მოაცილეს შუბლზე ამოზრდილი თმა.
მისი გარდაცვალების მიზეზი დღემდე უცნობია...
...ბევერლი ჰილზზე მდებარე ლამაზი, არცთუ დიდი სახლის კარზე ლამის 20 წუთი რეკავდნენ ზარს. როგორც იქნა, გასაღები გაჩხაკუნდა, კარი გაიღო და ვიღაცამ უხეშად იკითხა:
- რა ჯანდაბა გინდათ?
- ყვავილები მოვიტანე, ქალბატონ... ერთი წუთით... ნორმა ჯინ ბეიკერისთვის. მეგობრები დაბადების დღეს ულოცავენ.
კარი უფრო ფართოდ გაიღო და კურიერს გაოგნებისგან კინაღამ გული წაუვიდა - ზღურბლზე მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ქალი, ყველასთვის სათაყვანებელი და ღვთაებრივი მერილინ მონრო იდგა. მსახიობმა ბიჭის რეაქცია აინუნშიც არ ჩააგდო, თაიგულს ალმაცერად დახედა და წარბაწეულმა წარმოთქვა:
- არანაირი ნორმა აქ არ ცხოვრობს. არც მეგობრები ჰყავს... და არც არასდროს ჰყოლია!
ამ სიტყვებით პატარა სახლის დიდმა დიასახლისმა კარი ცხვირწინ მიუჯახუნა კურიერს, სასტუმრო ოთახში გავიდა, ვისკის მორიგ სირჩას წამოავლო ხელი, სარკეში საკუთარ გამოსახულებას შეხედა და საზეიმო ტონით შესძახა:
- დაბადების დღეს გილოცავ, მერილინ! ბედნიერებას გისურვებ!
იმ დღეს სხვას არავის მიულოცავს მისთვის, გარდა იმ ერთისა, რომელმაც იგი ნამდვილი სახელით და გვარით მოიხსენია. საინტერესოა, ვინ იყო? ნუთუ ეგონა, რომ ბავშვობის გახსენება სასიამოვნო მოგონებებს აღუძრავდა?
ეჰ... ვისაც დედა ფსიქიატრიულში არ გარდაცვლია, ობლობა არ გამოუცდია და უპატრონო ბავშვთა სახლში თეფშები არ ურეცხია ლუკმაპურის მოსაპოვებლად, ვერასდროს გაიგებს, რატომ გაურბოდა იგი ამ მოგონებებს და ყოველ ახალ ეტაპზე რატომ იწყებოდა მისი ბიოგრაფია სუფთა ფურცლიდან. ახლა კი, როგორც ჩანს, მოვიდა დრო, ამ ფურცელსაც გადაუსვას ხაზი.
დილის 10 საათი
- ერთი, ორი, სამი, ოთხი... საკმარისია? არა! რაც მეტი, მით უკეთესი!.. ხუთი, ექვსი, შვიდი... - მერილინმა ფლაკონიდან აბების გადმოყრა დაამთავრა. ახლა მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა - მართალი იყო თუ არა, რომ ამბობდნენ, თვითმკვლელობის ბოლო წუთებში ადამიანს მთელი ცხოვრება თვალწინ გაურბენსო.
ქალი მოშორდა მაგიდას, სადაც მისი ყველაზე ერთგული "ვარდისფერი" მეგობრები - ტრანკვილიზატორის აბები იყო მიმოფანტული და შამპანურის კიდევ ერთი ბოთლი გახსნა. ჩვევად ჰქონდა - თუნდაც ათი ბოთლი ყოფილიყო გახსნილი, მაინც ახალს გახსნიდა...
იმიტომ, რომ მას ახალი, შუშხუნა შამპანური უყვარდა....
იმიტომ, რომ ეს იყო ერთადერთი სიამოვნება, რაზეც თავს უარს არასდროს ეუბნებოდა.
12 საათი და 40 წუთი
დღეს მას შეუსრულდა... ჰმ, რამდენი წლის გახდა? ღმერთო, 36-ის! ეგ არაფერი. ჯერ ყველაფერი წინ აქვს... რა უცნაური დაბადების დღეა. ტელეფონი დუმს, თაიგულები არ არის. იმ ერთის გარდა, იდუმალმა ვითომ მეგობარმა რომ გამოუგზავნა. თუმცა გასაკვირი არც არაფერია - როგორი ცხოვრებაც აქვს, მეგობრებიც ისეთი ჰყავს.
14 საათი
მონრომ ნახევრად გამოცლილი ბოკალი მაგიდაზე დადგა და შამპანურის კიდევ ერთი ბოთლი გახსნა. აი, ნამდვილი დაბადების დღე პრეზიდენტს ჰქონდა. გაახსენდა, თვითონაც როგორ ბრწყინავდა იმ საღამოს და გაეღიმა.
ჯონ კენედის გარემოცვამ ჩათვალა, რომ მერილინი განგებ დათვრა მაშინ შამპანურით და რუსული არყით, რადგან სცენაზე მისი გამოსვლა ხუთჯერ თუ ექვსჯერ გადაიდო. მართლა ასე იყო, შეგნებულად გავიდა ყველაზე ბოლოს.
სამაგიეროდ, როგორ შეხვდა მთელი დარბაზი?! მხოლოდ იმის გამო კი არა, რომ ჟან ლუისის შეკერილი გასაოცარი კაბა ეცვა, 2500 მბზინავი ძვირფასი ქვით მოოჭვილი. თან ისე ვიწრო იყო სამოსი, რომ იძულებული გახდა, შიშველ სხეულზე ჩაეცვა. ვერავინ მიხვდა, მერილინის გამოსვლა წინასწარ იყო დადგმული თუ მართლაც ექსპრომტად გამოუვიდა. სამაგიეროდ, თვითონ იცის...
რამდენ ხანს ფიქრობდა ამაზე... განახორციელა თავისი ჩანაფიქრი. როგორ შეეცვალა სახე ჯონს, წამოწითლდა. ისე, ლამაზად კი შეასრულა სიმღერა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო, როცა "მისტერ პრეზიდენტი" ჩაურთო. აი, ასე:
Happy birthday to you
Happy birthday to you
Happy birthday Mr President
Happy birthday to you.
მთელი გრძნობა ჩააქსოვა სიმღერაში. ამას ყველა მიხვდა. თვითონ ჯონმაც კი, მადლობის გადასახდელად რომ ავიდა სცენაზე, ხუმრობით თქვა: "როცა ასეთი ალერსიანი ხმით გილოცავენ დაბადების დღეს, უკვე შეიძლება პოლიტიკიდან წასვლა".
მას, ალბათ, ეგონა, მონროს მათ ურთიერთობაზე რამე წამოსცდებოდა. რა სისულელეა... ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ თქვა პრესკონფერენციაზე. პრეზიდენტის მამას რომ ინფარქტი მოუვიდა, თანაგრძნობა გამოუცხადა კენედებს და დააყოლა, დიდი ხანია, ჯონთან ვმეგობრობ და თავი მათი ოჯახის წევრად მიმაჩნიაო. აი, სწორედ მაშინ მიიღო პრეზიდენტმა საბოლოო გადაწყვეტილება... მაგრამ არა ისეთი, როგორიც მერილინს სურდა. მან მოსალაპარაკებლად მონროს თავისი ძმა, რობერტი გამოუგზავნა.
ჰოდა, როცა მიხვდა, რომ ჯონთან ყველაფერი დამთავრდა, რომანი რობერტთან გააბა.
არც უმცროსი კენედი გამოდგა ცუდი საყვარელი, მაგრამ არც მან ისურვა მერილინის შვილის მამა გამხდარიყო. ამიტომაც მორიგი, რიგით მეცამეტე აბორტის გაკეთება მოუწია. ეს უკანასკნელი იყო. და საერთოდ ყველაფერი, რაც ახლა მის ცხოვრებაში ხდებოდა, უკანასკნელი იყო, მათ შორის, ეს დაბადების დღეც...
15 საათი და 30 წუთი
საინტერესოა, როგორ მოიგონებენ მას სიკვდილის შემდეგ? რომ არ დაივიწყებენ, ამაში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ ილაპარაკებენ არა მის კინოკარიერაზე, არამედ მის მამაკაცებზე. მერე რა? სასიყვარულო ფრონტზე მაინც ხომ ჰქონდა წარმატებები?
პირველი ქმარი ბეისბოლის მოთამაშე ჯო დი მაჯიო იყო. მერილინს უყვარდა ქმარი, თუმცა ისე არა, როგორც თავისი პირველი მამაკაცი - მსახიობი ჯონ კეროლი. აი, მასზე კი ყურებამდე იყო შეყვარებული, მაგრამ ის ცოლიანი იყო და ოჯახის დანგრევას, მიუხედავად მონროს დაჟინებული მოთხოვნისა, არ აპირებდა. მაშინ ადგა და სხვა გზას მიმართა:
დაიბარა ჯონის ცოლი და სთხოვა, შენი ქმარი მე დამითმეო. სწორედ იმ დროს, როცა ორი მეტოქე გაცხარებული კამათობდა, კარი კეროლმა შემოგლიჯა და მერილინი კინწისკვრით გაისროლა გარეთ.
შემდეგ მის ცხოვრებაში დი მაჯიო გამოჩნდა. სიგიჟემდე უყვარდა მამაკაცს, მაგრამ ისეთი ეჭვიანი იყო...
უნდოდა, ცოლს მსახიობობაზე უარი ეთქვა და ოჯახისთვის მიეხედა. მერილინი მის გადარწმუნებას ცდილობდა, ამიტომაც ერთხელ გადასაღებ მოედანზე წაიყვანა. იმ დღეს სწორედ იმ ცნობილ სცენას იღებდნენ, მეტროს სავენტილაციო მილიდან ჰაერი რომ უბერავს და მონროს კაბას უფრიალებს...
მსახიობის შიშველი ფეხები ასობით ადამიანმა დაინახა. სპორტსმენისთვის ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა ყოფილიყო? ადგა და განქორწინებაზე განცხადება შეიტანა...
ასე დამთავრდა მათი ოთხწლიანი ოჯახური თანაცხოვრება.
მონროს განქორწინება ნაკლებად ანაღვლებდა. მალევე მისი ცხოვრების "მთავარი მამაკაცი" ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ჯონ კენედი გახდა. ისინი უახლოესი მეგობრები გახდნენ. მამაკაცი არაფერს უმალავდა ქალს, თუმცა ჟაკლინთან განქორწინება აზრადაც არ მოსვლია.
მონროსთან დაქორწინება ხომ საერთოდ... ქორწინება ყოველთვის შეცდომააო, იტყოდა ჯონი. და არც შვილი გააჩენინა მერილინს...
16 საათი და 55 წუთი
როცა არც მასთან გამოუვიდა არაფერი, ადგა და დრამატურგ არტურ მილერს მისთხოვდა. სწორედ იმ პერიოდში ჯონ კენედის ქალიშვილი შეეძინა. მერილინი დაფაცურდა, სიგიჟემდე მოუნდა, თვითონაც დაორსულებულიყო, ვაჟი გაეჩინა, რომელიც მომავალში კენედის ქალიშვილს შეირთავდა ცოლად და ერთხელ და სამუდამოდ დაუნათესავდებოდა ყოფილ საყვარელს... ახლა უკვე აღარ ეიმედებოდა, რომ პირველი ლედი გახდებოდა. ამ ოცნებას საბოლოოდ შეეშვა.
დღემდე უსიამოვნოდ ახსენდება ქორწილის დღე. ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც მთელი სისწრაფით მოქროდა და მოწყვეტით დაამუხრუჭა მანქანა ეკლესიასთან, თავის შემაგრება ვერ შეძლო, საქარე მინიდან გადმოვარდა და... ქვაფენილზე დაენარცხა... გოგონამ მერილინის ხელში დალია სული. პატარძლის კაბა სისხლის ლაქებით დაისვარა...
არც მილერთან გაუმართლა. ერთხელ, როცა არტური მივლინებიდან ბრუნდებოდა, ხელში ჩაუვარდა ჟურნალი. მის გარეკანზე საკუთარი ცოლის ფოტო იყო გამოტანილი, რომელიც მსახიობ ივ მონტანს ტუჩებში კოცნიდა...
კინოვარსკვლავის მორიგი ქორწინებაც ტრადიციული ფინალით დაგვირგვინდა - არტური თავის პიესებს მიუბრუნდა, ივ მონტანი მეუღლეს, სიმონა სინიორეს შეურიგდა, ხოლო მერილინ მონრო კვლავ მარტო დარჩა.
ახლა 36 წლისაა და სულ მარტოა. რობერტთან ხომ არ სცადოს სერიოზული ურთიერთობის აწყობა? არა, არ ღირს. აჯობებს, ეს გვარი დაივიწყოს. უნახავს მერილინს, როგორ იცის უსიამოვნების დამახსოვრება ჯონმა. ერთხელ რესტორანი დაახურვინა მხოლოდ იმიტომ, რომ მის მფლობელს ჯონისთვის სადღესასწაულო ტორტის მირთმევა დაავიწყდა...
აი, ასეთი შურისმაძიებელი პრეზიდენტია. თუმცა მონრო მას ყოველთვის ღვიძლ მამასთან აიგივებდა. რასაც ის ეტყოდა, იმას აკეთებდა. მამობრივი სითბო ხომ არასდროს გამოუცდია. არც კი უნახავს თვალით.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა სამსახიობო კარიერას იწყებდა, მოისურვა მასთან შეხვედრა, მამამ კი მდივნის პირით შემოუთვალა, აჯობებს, ეს ქალბატონი ჩემს ადვოკატს დაუკავშირდესო. მერე კი... როცა სუპერვარსკვლავი გახდა და დაინვალიდებულმა მამამ თვითონ მოისურვა მასთან შეხვედრა, სამაგიერო ზუსტად მისივე სიტყვებით გადაუხადა - "აჯობებს, იგი ჩემს ადვოკატს დაუკავშირდეს"...
17 საათი და 28 წუთი
ბოლო დროს ჯონის თავი ისე უჭირავს, თითქოს მას საერთოდ არ იცნობს. მსახიობი მერილინ მონრო მისთვის აღარ არსებობს. იქნებ ასეცაა? ფილმში გადაღებაზე უარი უთხრეს, გიჟს კინოში არაფერი ესაქმებაო. ამ სიტყვებმა ორმაგი დარტყმა მიაყენა.
იგი უპატრონო ბავშვთა სახლში იზრდებოდა, რომლის გვერდით მდებარეობდა ფსიქიატრიული საავადმყოფო. ამ ორ შენობას ერთი საერთო მოედანი ჰქონდა. როგორც კი რომელიმე პაციენტი მოედანზე შემოაბიჯებდა, ყველა ფანჯრიდან ისმოდა შეძახილები: "გაეთრიე, ეს ადგილი გიჟებისთვის არ არის!" ახლა კი იგივე სიტყვები მისი მისამართით ითქვა... ამაზე საშინელი ფრაზა ცხოვრებაში არ მოუსმენია.
იქნებ მართლა გიჟია? მოდი, ამაზე ჯობია, ხვალ იფიქროს, ხვალ გასცეს პასუხი ამ შეკითხვას. დღეს კი... დღეს მისი დაბადების დღეა. უნდა აღნიშნოს. რამდენი სტუმარი ჰყავს მოწვეული? ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი...
პროლოგი
უკანასკნელ შეკითხვაზე მერილინ მონრომ პასუხი ორი თვის შემდეგ მიიღო - 4 აგვისტოს. ვარდისფერმა "მეგობრებმა" არ უღალატეს. მორგი, სადაც მონროს სხეული დაასვენეს, სწორედ იმ ფსიქიატრიული საავადმყოფოს შორიახლოს მდებარეობდა...
p.s.
მერილინ მონროზე 600 წიგნია დაწერილი...
ცოტაა...
სვეტა კვარაცხელია
ჟურნალი "ბომონდი"