რამდენიმე დღის წინ, მსახიობი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი გახლდათ, სადაც მან მის შესახებ გავრცელებულ ჭორებს მოჰფინა ნათელი და სააშკარაოზე ისეთი თემებიც გამოიტანა, რაც ნუკის შესახებ საერთოდაც არ ვიცოდით.
ისაუბრა იმაზე, თუ როგორ არ შედგა მისი ამერიკული ოცნება და რატომ ვერ აიწყო კარიერა იქ. ამერიკისგან განსხვავებით, ნუკის იმედებს მისი მეუღლე ამართლებს. დაოჯახების შემდეგ წყვილი ყოველთვის ერთად მოიხსენიება და რა გასაკვირია, რომ ქართველმა მაყურებელმა მსახიობის მეორე ნახევარი კარგად გაიცნო, თუმცა, როგორც ნუკი ამბობს, გულშემატკივარს შორის არაერთხელ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცოლ-ქმრის ცხოვრებაში შეჭრას და მათი ურთიერთობის არევას ცდილობენ. თურმე ბენი ქართველი გოგონებისგან ხშირად იღებს უცნაურ ეს-ემ-ესებს, რაც წყვილის ჩხუბის მიზეზი ხდება:
„ჩემს მეუღლეს ქართველი უცნობი ადამიანებისგან დღეში 55-ჯერ მოსდის მესიჯები „ფეისბუქსა“ და“ინსტაგრამზე“. შეიძლება ეს გადაცემაც უკუღმა გადაუთარგმნონ და ესეც გახდეს ჩვენი ჩხუბის მიზეზი, რადგან ჩემს ნათქვამს გამუდმებით არასწორად უთარგმნიან.
შეიძლება შორიდან ჩანს, რომ ჩვენი იდეალური ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ასე არაა. ხალხო, როდესაც იწერებით რაღაცებს, მერე ვჩხუბობთ. ვეუბნები, რატომ დაუჯერე-მეთქი; ის მეუბნება, აბა, რატომ მომწერესო.
ვიცი ისიც, რომ ქართველი გოგონები ეფლირტავებიან. ბენი მეუბნება ხოლმე, ამ „რაღაცაშვილს“ იცნობ? ნახე, რა მომწერა... საოცარ ფოტოებსაც უგზავნიან“, - ამბობს ნუკი.