ნუკი კოშკელიშვილის მეუღლემ ერთ დროს ეთერში აჭარული ხაჭაპურის გამოცხობაც სცადა. ახლა კი, არც მეტი, არც ნაკლები, ქართულ ენაზე დაწერილი პოსტით მიულოცა ქართველ დედებს მათი დღე.
ეს მოულოდნელი და სასიამოვნო ამბავი აღმოჩნდა ბენ ჩაიმის ქართველი გამომწერებისთვის. „ინსტაგრამზე“ პოსტს ქართველი ქალები გამოეხმაურნენ და მას ასეთი დასაფასებელი ჟესტისთვის მადლობას უხდიდნენ.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ბენმა გადაწყვიტა, ქართლის დედის ფოტო გამოექვეყნებინა და მისალოცი ტექსტი სწორედ ამ ფოტოს დაურთო.
ფაქტია, რომ ეს მილოცვა ერთგვარი სიურპრიზი გამოვიდა და იგრძნობა, რომ ქართველების მიმართ მოდელის მეუღლე უდიდესი პატივისცემითაა გამსჭვალული:
"მინდა ყველა ქართველ დედას დედის დღე მივულოცო. დედობაზე მეტად ქალს არაფერი ამშვენებს, ყველაზე ლამაზები ხართ ქალბატონებო დღეს. გილოცავთ! იყავით ბედნიერები. დედობა რთული საქმეა და თქვენ ყველა საუკეთესოს იმსახურებთ!".
იქვე იხილავთ ქართველების სახალისო და გულთბილ კომენტარებსაც:
„ძაან საყვარელია ეს ჩვენი სიძე, მადლობა დიდი“, "ეს ბიჭი ქართველია მგონი", "ორივე უსაყვარლესები და თბილები ხართ. ნუკი, გილოცავ დედის დღეს. ულევ ბედნიერებას იმსახურებ, იმდენად ბუნებრივი, გულწრფელი და საყვარელი ხარ".
შეგახსენებთ, რომ ნუკი კოშკელიშვილი და ბენ ჩაიმი ნიუ-იორკში ცხოვრობენ, მზრუნველი, თბილი ოჯახი აქვთ და ჰყავთ უსაყვარლესი პატარა ბიჭი - ოლივერი.