რჩევებიდან სტერეოტიპების დამსხვრევამდე.
„წიგნი ხანგრძლივ ცხოვრებასა და სხეულზე“
კამერონ დიასი და სანდრა ბარკი
- თავიდან კამერონმა დაწერა „წიგნი სხეულზე“, რომელიც უფრო მეტად ბიოლოგიის წიგნს მოგაგონებდათ, თუმცა ყველაზე გასაგები ენით დაწერილს. მასში დიასი საუბრობს ყველაფერზე, რაც ჯანმრთელობას და ორგანიზმის სწორად მუშაობას ეხება: ამინომჟავები, ვიტამინები, ორგანოები, სპორტი, სექსი, სწორი კვება. წიგნი გამოშვებისთანავე ბესთსელერი გახდა. შესაბამისად, მსახიობმა მეორე ნაწილზე მუშაობა გადაწყვიტა. „წიგნი ხანგრძლივ ცხოვრებაზე“ - წიგნი დაბერების პროცესსა და თანმდევ მოვლენებზეა: მენოპაუზით დაწყებული, ჭაღარითა და ნაოჭებით დასრულებული. კამერონი განიხილავს ყველაფერს სიმსუბუქით და ყველა ქალს მოუწოდებს სტერეოტიპების დამსხვრევისკენ, უბრალოდ საკუთარი ასაკითა და ცხოვრებით ტკბობისკენ.
„მითი სილამაზეზე, სტერეოტიპები ქალების წინააღმდეგ“
ნაომი ვულფი
- ბევრ ქვეყანაში ეს წიგნი ბესთსელერი გახდა. ის შინაგან სილამაზეზე მოგითხრობთ, რომელიც ფიზიკურზე ბევრად მნიშვნელოვანია. წიგნი სტერეოტიპებისა და სტანდარტების დამსხვრევაზეა, კომპლექსებთან ბრძოლაზე, შინაგანი თავისუფლების გზაზე. „მითი სილამაზეზე“-ს ავტორი დიქტატორს უწოდებს და სთხოვს ქალებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დროულად დაამსხვრიონ არსებული მითები.
„ნამდვილი სილამაზე, ცხოვრება საკუთარ თავთან და ბუნებასთან ჰარმონიაში“
ჯესიკა ალბა
- მშვენიერი საჩუქარი და ლამაზი წიგნი თაროსთვის, რომლის ფურცლებზეც ჰოლივუდელმა ლამაზმანი მოჰყვა თავის ისტორიას, თუ როგორ მოხვდა კინოფილმის გადაღებაზე, დღეს კი საკუთარ კომპანიას, Honest Beauty-ს მართავს, დაკავებულია შვილის აღზრდით და სახლის ინტერიერით. ჯესიკა სწავლობს კედლების საღებავების შემცველობას, სავარძლების სახეობებს, ეტიკეტებს საბავშვო საკვებ პროდუქტებსა და კოსმეტიკურ საშუალებებზე - შედეგი კი აღწერილი აქვს თავის წიგნში. თუკი ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტეთ, აუცილებლად წაიკითხეთ ალბას წიგნი.
„წიგნი ბუნებრივ სილამაზეზე, შენი პირადი ბიუთი-კურატორი გვინეტ პელტროუ“
გვინეტ პელტროუ
- კიდევ ერთი წიგნი ჰოლივუდელ ლამაზმანზე. გვინეტის გზაც ჯესიკას გზას ჰგავს: ისიც გადასაღები მოედნიდან დღეს საკუთარ კომპანიას, Goop-ს მართავს. წიგნის უმეტეს ნაწილში საუბარია სწორ კვებაზე - მსახიობი მკითხველებს უზიარებს საყვარელი სალათების რეცეპტებს, დესერტებს და ჰყვება, რამდენად მნიშვნელოვანია, ესა თუ ის ინგრედიენტი იყოს თქვენს კვების რაციონში. ასევე საუბრობს იოგაზე, კოსმეტიკურ საშუალებებზე და თავის მოვლის უნივერსალურ და ყველაზე მარტივ რჩევებს გასცემს.
„როგორ მოვატყუოთ ასაკი“
ენტონი იუნი
- ეს წიგნი პლასტიკური ქირურგის დაწერილია, რომელიც საუბრობს პლასტიკური ქირურგიის უარყოფაზე. ექიმი ენტონი იუნი ამერიკის შეერთებული შტატებიდან 16 წელი აგროვებდა თავისი კოლეგების საიდუმლოს (დერმატოლოგებით დაწყებული, ქირურგებით დასრულებული), რაც საბოლოო ჯამში ერთ წიგნში მოათავსა. ის საუბრობს ყველაფერზე - კანის სწორი მოვლით დაწყებული, მაკიაჟით, ვიტამინებით, აპარატურული პროცედურებით და ესთეტიკური ქირურგიით დასრულებული.