26 წლის მომღერალი, მუსიკოსი და მსახიობი ლუკა ჩიქოვანი იტალიელმა რეჟისორმა ჯოვანი ტროილომ ფილმ „Power of Rome“-ის გადაღებებზე იმპერატორ აუგუსტუსის როლზე მიიწვია. ლუკა 6 წლიდან დედამ მილანში საცხოვრებლად გადაიყვანა, მისი პოპულარობა კი ცნობილი პოპ-მომღერლების - ჯასტინ ბიბერის, შონ მენდესის, ედ შირანის „ქავერების“ ჩაწერით დაიწყო. მომღერლის მუსიკალური კარიერის განვითარება სწორედ „იუთუბით“ იღებს სტარტს, რის შემდეგაც მან მოახერხა სადებიუტო სიმღერის, «Tempo al Tempo»-ს მეშვეობით „აითიუნსში“ მოხვედრაც.
ლუკას ცხოვრებაში კინო 2018 წელს შემოიჭრა, მაშინ, როცა ალიჩე რორვახერის მიწვევით ფილმ „Lazzaro felice“-ში გადაიღეს. მისი სამსახიობო კარიერის დაწყება და წარმატება მუსიკალურ არხზე „MTV“-ის ეთერში მოხვედრამ განაპირობა, სადაც რეჟისორმა შენიშნა და მიიწვია ქასთინგებზე. შემდგომ იყო ახალგაზრდა მომღერლის კინოკარიერაში მოკლემეტრაჟიანი ფილმი „Revenge Room“, რომელიც, როგორ თვითონ ინტერვიუში განაცხადა, „საკმაოდ ღრმა აზრის მატარებელი პროექტია და განკუთვნილია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე მშობლებისთვის, რათა გაზარდოს მათი მგრძნობელობა იმ ახალი მედიარეალობის მიმართ, რომლის წინაშეც ინტერნეტმა დაგვაყენა და რომელსაც ხშირად ჩვენი პირადი ცხოვრება ეწირება. ბოლო დროს ინტერნეტში არცთუ იშვიათად ვრცელდება გოგონების პიკანტური ფოტო თუ ვიდეომასალა, რომელსაც ძირითადად შურისძიების მიზნით, ყოფილი შეყვარებულები ავრცელებენ. ფილმში ჩემი გმირი, 18 წლის დავიდეც, ყოფილ შეყვარებულზე ბრაზდება, მსგავსი ტიპის ფოტოებს მეგობრებს უგზავნის და ეს ფოტოები ღია ინტერნეტსივრცეში ხვდება. თავდაპირველად, დავიდე უარყოფითი პერსონაჟია, მაგრამ ერთხელაც ის ბნელ ოთახში, ერთგვარ გაურკვევლობაში იღვიძებს და ხვდება საულს, სულიერ გზამკვლევს. ირთვება 15-წუთიანი წამზომი, რა დროშიც ჩემმა პერსონაჟმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი ცოდვები და მოინანიოს. ფილმი საკმაოდ მეტაფორულია და ბიბლიურ და სპირიტუალურ პასაჟებს შეიცავს.” ფილმი ვენეციის ბიენალეზე იყო პრემიერით წარდგენილი.
ამჟამად მსახიობის გული თავისუფალია. როგორც მისი პირადი "ინსტაგრამგვერდიდან" ირკვევა, უყვარს მოგზაურობა, მთა, თავგადასავლები, მუსიკა და კინო.
ლუკას მილანური წარმატება კი საზოგადოებამ მისი პირადი "ინსტაგრამგვერდიდან" შეიტყო: „როგორც იქნა, შემიძლია ხმამაღლა ვთქვა! მე ვითამაშებ იმპერატორ აუგუსტის როლს ახალ ფილმში „რომის ძალაუფლება“ @ skyitalia-სთვის, რომელიც რომის იმპერიის ისტორიას მოგვითხრობს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვითამაშო დიდებული აუგუსტუსის როლი. იმედი მაქვს, რომ ყველა დადებითად შეაფასებს ჩემს არაჩვეულებრივ როლს. ჩემთვის დიდი პატივია ვიმუშაო ისეთ დიდებულ რეჟისორთან, როგორიცაა ჯოვანი ტროილო და ვითამაშო ედოარდო ლეოსთან ერთად.“
ამ ეტაპზე ლუკა პარალელურად ორ ახალ იტალიურ, კინემატოგრაფიულ და სატელევიზიო პროექტზე მუშაობს. იმედოვნებს, რომ მალე გამოსცემს ახალ მუსიკალურ ექსპერიმენტულ ალბომს, რომელზეც ორი წელია მუშაობს და ნეირომეცნიერულ კვლევაზეა დაფუძნებული, რაც მუსიკის სიხშირეების ნეირონულ აქტივობაზე ზეგავლენას ეხება.