23 წლის მომღერალი, თამამად შეიძლება ითქვას, იმ ადამიანების რიცხვშია, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა, აქტიურად არიან ჩაბმულნი სხვადასხვა საკონკურსო შოუში მონაწილეობის მიღებით, სიმღერებისა და მუსიკალური კლიპების ჩაწერით. მას მაყურებელი 16 წლიდან იცნობს, თუმცა მისი მუსიკალური გზა 5 წლის ასაკიდან აითვლება, ანსამბლ "მართვეს" წევრობით. ნუცას ანგარიშზე არაერთი ქართული და საერთაშორისო მუსიკალური პროექტია, რომლებიც მომღერალმა წარმატებით გაიარა.
პარალელურად, ყოველთვის ცდილობს გამოიყურებოდეს კარგად, რასაც დიეტებისა და ვარჯიშის მეშვეობით მიაღწია, თუმცა მისი ვიზუალის ევოლუციას თუკი გადახედავთ, მომღერლის გარეგნობას ქირურგიული ჩარევებიც თვალნათლივ ეტყობა.
როგორც თავად მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, მისი ცვლილება მხოლოდ ასაკის მატებით, ვარჯიშითა და სწორი კვებით არის განპირობებული:
"მაყურებელმა საკმაოდ ადრე გამიცნო. 16 წლიდან… რეალურად, ასაკის ზრდასთან ერთად საკმაოდ იცვლები, ჩემმა ევოლუციამ კი ყველას თვალწინ გაიარა. ძალიან მიყვარს ვარჯიში. დავიწყე კრივით, შემდეგ კი ცეკვა და ფიტნესიც დავამატე. ფიზიკურად ძალიან ვარ დატვირთული. თავიდან კვებითაც ვუწყობდი ხელს, მაგრამ ახლა ნაკლებად. ვიკვებები ჯანსაღად, ხორცით, თევზითა და ბოსტნეულით. ასე უფრო მიმარტივდება ფორმაში ყოფნა".
ბოლო პერიოდში მომღერალი სოციალურ ქსელში აქტიურობითაც გამოირჩევა და ხშირად უზიარებს გამომწერებს გემოვნებიანი ჩაცმის სტილს:
"ყოველთვის მინდოდა, ისეთი ჩაცმის სტილი მქონოდა, როგორიც ახლა მაქვს, თუმცა, როცა წონაში გაქვს მომატებული, რაღაცები არ გიხდება. თანაც, როცა მოგზაურობას იწყებ, გემოვნება ძალიან გეცვლება. ნახულობ ბევრ ქვეყანას, სხვადასხვა სტილის ადამიანს, ეცნობი ამა თუ იმ კულტურას. გემოვნება შემეცვალა და სხვანაირი ჩაცმულობა მომწონს. მოგზაურობამ მხოლოდ ჩემს ჩაცმის სტილზე არ იმოქმედა, ბევრი რამ გადავაფასე. ვფიქრობ, ახლა სხვანაირი აზროვნება მაქვს, რაც ძალიან მომწონს. ამ ბოლო დროს უფრო მეტად სისადავე მომწონს, ყველაფერში, მათ შორის, ჩაცმულობაშიც."
ნუცასთვის გასული წელი დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. მან თავისი საოცნებო სახლი შეიძინა, სადაც დედასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად.
"დიდი ხანი ვოცნებობდი ასეთ ბინაზე. იურმალაში მოვიგე თანხა და არ მეყო საოცნებო ბინის საყიდლად. ახლა, როცა ეს სახლი მოვაწყვე, სუფთა ჰაერზე, კერძო სახლზე ვოცნებობ. ახალ სახლში დედაჩემთან ერთად ვარ ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ არის დღეები, მარტო ყოფნა მინდა. ვფიქრობ ხოლმე ზოგჯერ, იქნებ სადმე უცხო ქვეყანაში გავემგზავრო და ვიცხოვრო. მინდა ამ გამოცდილების მიღება, როგორ გავაკეთებ ყველაფერს ახლობლების დახმარების გარეშე. ისეთი ხასიათი მაქვს, შეიძლება უცებ გადავწყვიტო. ხშირ შემთხვევაში არ ვნანობ და ბოლოს ყველა გადაწყვეტილება მომწონს!"
წყარო:fortuna