მომღერალი ნუცა ბუზალაძე რუსულ კონკურსში Ну-ка, все вместе! მეორედ გამოჩნდა, რაც ყველასთვის მოულოდნელობა იყო. ჟიური ისევ აღაფრთოვანა და ფინალშიც გადავიდა. ნუცამ უიტნი ჰიუსტონის "queen of the night" ისე შეასრულა, რომ ჟიურის ყველა წევრი ფეხზე წამოდგა და მათგან საუკეთესო შეფასებებიც დაიმსახურა.
ნუცა ახლა ალბანეთში, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალში იღებს მონაწილეობას. ქართველ მომღერალს AMBEBI.GE ალბანეთში დაუკავშირდა:
- ნუცა, მეორედ როგორ მოხვდი ამ შოუში?
- დიდი ხანია ვიცოდი, რომ ამ შოუში მივიღებდი მონაწილეობას. გასულ წელს, ამ კონკურსის დასრულებიდან სამ თვეში, პროდიუსერმა დამირეკა და მითხრა: - შენთვის ასეთი პრეცედენტი დავუშვით, შოუში უნდა დაგაბრუნოთ, მაგრამ ეს სიურპრიზად უნდა დარჩეს, ყველას გვაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნებათ ჟიურის წევრებსო. ამ სიურპრიზმა ნამდვილად გაამართლა. ჩემი შოუში დაბრუნება პირადად პროდიუსერის გადაწყვეტილება იყო. ერთადერთი ვარ, ვისთვისაც ასეთი პრეცედენტი დაუშვეს. მოსკოვში რომ ჩავედი, ჩემი მეგობრები, ჟიურის წევრები მეუბნებოდნენ: - შენ მოსკოვში ხარ და არ გვნახულობო? არადა, არ მქონდა უფლება, მენახა და ვინმესთვის მეთქვა.
- ნუცა, რამდენად რთული გადასაწყვეტი იყო, ამ კონკურსში მეორედ მიგეღო მონაწილეობა?
- ძალიან რთული იყო მეორედ გავსულიყავი. წინა კონკურსზე ყველამ ნახა, რომ უსამართლობა მოხდა და მეუბნებოდნენ, რომ პირველი ადგილი ჩემი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან ვინერვიულე, თუმცა შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ კიდევ უნდა მეცადა და გავსულიყავი. ყველა შანსი, რომელიც გეძლევა, ბოლომდე უნდა გამოიყენო. ზოგადად ასე ვარ, ნებისმიერ შანსს ბოლომდე მივყვები. ჟიურის შეფასება იყო საუკეთესო, მაგრამ ყველაზე კარგი იყო მომენტი, როდესაც პირველად გავედი და მათი სახეები დავინახე, მათი შეძახილები გავიგონე - შოკში იყვნენ.
- ფინალში როგორი მოლოდინი გაქვს?
- რომ გითხრათ, ასი პროცენტით გავიმარჯვებ-მეთქი, ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. შეიძლება არც კი გავიმარჯვო, რადგან შესაძლოა უსამართლობა ისევ განმეორდეს, თუმცა ჩემი მხრივ, შევეცდები, მაქსიმალური გავაკეთო. ჩემი ემოციური მდგომარეობა ახლა ყველაზე მაღალია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანისგან მივიღე პოზიტივი, სიყვარული და სავსე ვარ ამ სიყვარულით და ბედნიერებით. ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ამ პროექტს, არა მხოლოდ ქართველები, არამედ რუსები, სომხები, ალბანელები, ყაზახები. ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტმა აქამდე მომიყვანა.
- ნუცა, კონკურსზე სულ ახლახან იმყოფებოდი და უკვე ალბანეთში ხარ, ფესტივალზე...
- ახლა ვარ ალბანეთში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფესტივალზე “magic song 2021”. ხარისხით დაახლოებით "ევროვიზიის" მსგავსი ფესტივალია. ძალიან პროფესიონალური გუნდი მუშაობს ამ ფესტივალზე, უმაღლესი ხარისხის გადაღებები აქვთ. ფაქტობრივად, ჩემს სიმღერაზე კლიპი გადაიღეს.
იხილეთ სრულად