Victoria's Secret-ის ანგელოზი, წარმატებული ამერიკელი მოდელი ბელა ჰადიდი ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელს პალესტინელი ხალხის უფლებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. ბელას მისი და, ასევე ცნობილი მოდელი ჯიჯი ჰადიდი და ძმა, ანვერიც შეუერთდნენ. 24 წლის ბელამ საკუთარ „ინსტაგრამზე“ არაერთი პოსტი გამოაქვეყნა და საჯაროდ დაგმო ისრაელის პოლიტიკა.
ბელა ჰადიდი ნახევრად პალესტინელია. მისი მამა, მოჰამედ ჰადიდი დაიბადა და ცხოვრობდა პალესტინაში მანამ, სანამ 1947-49 წლების ომის დროს ოჯახთან ერთად ქვეყნიდან გაქცევა არ მოუწია. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების პარალელურად, ბელა ჰადიდი აქტიურად აქვეყნებს პოსტებს ისრაელ-პალესტინის ურთიერთობისა და პალესტინელი ხალხის მხარდაჭერის შესახებ: „ეს არ ეხება რელიგიას და არც სიძულვილის გაღვივებისკენ მოგიწოდებთ. ეს ეხება პალესტინელების ეთნიკურ წმენდას, ოკუპაციასა და აპარტეიდს, რომელსაც ისრაელი უკვე წლებია, ახორციელებს! მე ვდგავარ ჩემი პალესტინელი და-ძმების გვერდით და მაქსიმალურად დავიცავ მათ. აქ ვარ იმიტომ, რომ ვთქვა - პალესტინა რეალურად არსებობს და პალესტინელ ხალხს აქვს არსებობის უფლება. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ერთად, როგორც ერთი ოჯახი!“ - წერს ბელა ჰადიდი „ინსტაგრამზე“. მოდელმა მონაწილეობა მიიღო ნიუ-ორკში პალესტინის მხარდამჭერ აქციაშიც.
ბელა ჰადიდის პოსტებს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა ისრაელის სახელმწიფო. მათ დაწერეს, რომ მოდელს ამ განცხადებებისა და საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს.
ბელა ჰადიდმა „ინსტაგრამზე“ ბებიისა და ბაბუის ქორწილის ფოტოც გააზიარა, რომელიც ნაზარეთში, პალესტინაშია გადაღებული. „მე მიყვარს ჩემი ოჯახი. მე მიყვარს ჩემი წარსული. მე ძლიერად ვიდგები იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ უკეთესი სამყარო. ისინი ვერასდროს წაშლიან ჩვენს ისტორიას“ - წერს ბელა.
სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი ჰადიდების განცხადებებს უარყოფითად შეხვდა. „კიდევ ერთი ანტისემიტიზმის მხარდამჭერი ცნობილი ადამიანი“, „არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ეცდებით ჩვენ დახოცვას, ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ დავრჩებით ისრაელში“ - წერენ გამომწერები. ამ კომენტარებს ჯიჯი ჰადიდი გამოეხმაურა და დაწერა, რომ ის ანტისემიტიზმის მომხრე არ არის, მისი მიზანი მხოლოდ პალესტინელი ხალხის უფლებების დაცვაა. ეს მოწოდება გაიზიარა ჯიჯი ჰადიდის მეგობარმა ბიჭმა, ცნობილი მუსიკალური ბენდის, One Direction-ის ყოფილმა წევრმა ზეინ მალიკმა: „მე ვდგავარ პალესტინელი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერ მათ. ეს უნდა დასრულდეს. თავისუფლება პალესტინას“ - დაწერა მომღერალმა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>