მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე მიიჩნევს, რომ დედობა ქალისთვის ტრანსფორმაციის დიდი შანსია და თვითონ ბევრად უფრო დაიხვეწა შვილთან ურთიერთობისას. რას ასწავლის ალექსანდრა შვილს, როდის უჩნდება სირცხვილის განცდა და რამდენად გულჩვილია, ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.
- "სანამ დედა გავხდებოდი, მეგონა, საკუთარ თავზე ყველაფერი ვიცოდი. ჩემი გულის საზღვრები გამოკვეთილი იყო და რა მშვენიერია, როცა ხვდები, რომ ზღვარი იშლება. ჩემი სიყვარული უსაზღვროა" (უმა თურმანი).
- ნებისმიერი ახალი გამოცდილება და სიტუაცია განსაკუთრებულია ადამიანისთვის, განურჩევლად იმისა, დადებითია ის თუ უარყოფითი. მით უფრო, როცა ხარ ქალი და დედობრივი ინსტინქტი მძაფრად არის შენში.…დედობა - ეს არის ტრანსფორმაციის, უფრო მეტად გაკეთილშობილებისა და სრულფასოვან ქალად ქცევის შანსი. ჩემს შემთხვევაში დედობამ ბევრი რამ შეცვალა, შვილის გამო რაღაც-რაღაცები გადავაფასე. მისთვის კარგი დედა და შესაფერისი პარტნიორი რომ ვყოფილიყავი, დავიწყე ფსიქოლოგიის შესწავლა, მოთმინების გამომუშავება... როგორც პიროვნება, ბევრად დავიხვეწე და ეს მისი დამსახურებაა, სწორედ ის არის ამ ყველაფრის სტიმული. მთავარია, იცოდე, როგორ მიუდგე შვილს ისე, რომ მისი სამყარო არ დააზიანო. ვასწავლი, რომ არ არსებობს ფიქრებსა და ოცნებებში ზღვარი, შეუძლია წარმოიდგინოს ყველაფერი, რაც მისთვის სასურველია, არ არსებობს ამ მხრივ ლიმიტი; ვეუბნები, რომ არაფერია შეუძლებელი და რასაც მოინდომებს, ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბევრს იშრომებს.
- "შეგიძლიათ ჰკითხოთ ქალს, თუ რატომ ტირის, მაგრამ არასოდეს ჰკითხოთ, თუ რა ატირებდა, რადგან ის უკვე აღარ ახსოვს" (ალექსანდრე დიუმა).
- აქცენტი ჩვენს ემოციურობასა და მგრძნობიარობაზეა. მართალია დიუმა, რას ერჩით, ტირილი, ცრემლები არის გაწმენდა არასასურველი ემოციებისგან. ძალიან გულჩვილი ვარ, ფილმზეც კი შემიძლია ვიტირო.…
- "ერთი ქალი არასდროს აღიარებს მეორის მშვენიერებას" (გოტფრიდ ლესინგი).
- სწორედაც რომ ლამაზებს არ უჭირთ და აღიარებენ ერთმანეთის სილამაზეს. ჩემთვის უმეტესად, ლამაზ ქალებს უთქვამთ კომპლიმენტები. უშნოებს არ უყვართ ლამაზები და შურიანობას აბრალებენ მათ. საერთოდ, ასეთი სტერეოტიპია, რომ ლამაზები არიან აუცილებლად შურიანები.…
- "ქვრივად დარჩენა სჯობია ზარმაცი კაცის ყოლასა" (ადიღეური აფორიზმი).
- ასეა. მამაჩემი ზარმაც ხალხს ვერ იტანდა და პატარაობაში მიკვირდა, რატომ არ სცემდა მათ პატივს. თვითონ ძალიან ენერგიული იყო, წუთითაც არ გაჩერდებოდა უსაქმოდ, ოჯახისთვის შრომობდა პატიოსნად. გავიზარდე და მივხვდი, მამა მართალი იყო. ზარმაცი ქმარი თუ გყავს, მაშინვე უნდა ადგე და წამოხვიდე, აბა, საკუთარი თავიც უნდა ინახო და კიდევ, ზარმაცი კაციც?!. ქართველი ქალების ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ ისაა, ასეთი კაცების რჩენის ვალდებულებას რომ იღებენ.
- "ყველაზე მხიარული ადამიანები ყველაზე სევდიანები არიან" (კონფუცი).
- ამაში მით უფრო ვრწმუნდები, რაც მეტ იუმორისტს ვიცნობ ან ვეცნობი მათ ცხოვრებას. ყველა მათგანი რეალურად ისეთი ტრაგიკულია, ვერ წარმოიდგენთ. იუმორით გადაირჩინეს თავი, ეს არის მათთვის ნიღაბი, საფარველი.
- "მხოლოდ ორ რამეს ვინანებთ სიკვდილის წინ – რომ არ გავცემდით ბევრ სიყვარულს და არ ვმოგზაურობდით ბევრს" (მარკ ტვენი).
- აუცილებელია, გასცე ბევრი სიყვარული და სიკეთე, თუ გინდა, ოდესმე ასმაგად დაგიბრუნდეს და უკან მიიღო შენ მიერ გაცემული დადებითი ენერგია.
- "სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით, არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და არც უბედურნი - აღარაფერი ვიქნებოდით. ვინღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი, ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და ჰაერიც აღარაფერი არ იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს" (გურამ დოჩანაშვილი).
- ალბათ ყველას გვეშინია სიკვდილის, თან ინტერესი გვკლავს, რა ხდება იქ - სამყაროში არსებული ეს ბალანსი თუ დაირღვა, ის სხვა რამეებიც - სიკეთე და ბოროტება, ბედნიერება და უბედურება - დაკარგავს…ფასს.