კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი
„ჩვენი მთავარი სიმდიდრე ჩვენი შვილებია. ამიტომ, რაც მეტი გვეყოლება, მით უკეთესი“ - ამბობდა კანიე უესტი ერთ-ერთ ინტერვიუში. მან აღიარა ისიც, რომ წყვილს შვიდი შვილის ყოლა სურდა. ცხადია, შეძლებული მშობლები შვილებს გაცილებით მეტ სიურპრიზს უკეთებენ, თუმცა კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი ამ მხრივ განსაკუთრებით გულუხვები არიან. მათ ერთ-ერთ ქალიშვილს, ნორტის, დაბადების დღეზე მაიკლ ჯექსონის შავი ხავერდის ქურთუკი აჩუქეს. ნივთი დახურულ აუქციონზეა შეძენილი და მისი ზუსტი ღირებულება ცნობილი არ არის. გარდა ამისა, კანიე და კიმი შვილებს ძვირად ღირებული ბრენდების აქსესუარებითა თუ სამოსით ხშირად ანებივრებენ.
ბიონსე და ჯეი ზი
წყვილის უფროსი ქალიშვილი ბლუ აივი დაბადებიდან განებივრებულია ძვირად ღირებული საჩუქრებით. ის ჯერ კიდევ რამდენიმე თვის იყო, როდესაც მას 15 000 დოლარის ღირებულების სვაროვსკის თვლებით გაფორმებული სავარძელი აჩუქეს. გარდა ამისა, მან მშობლებისგან 618 000 დოლარად შეფასებული ოქროს სათამაშო ცხენიც მიიღო. ბიონსე და ჯეი ზი დღემდე აგრძელებენ შვილებისთვის ზღაპრული სამყაროს შექმნას ძვირფასი და ძვირად ღირებული ნივთების საშუალებით.
ქარდი ბი და ოფსეტი
წყვილმა შვილს მეორე დაბადების დღეზე რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ღირებულების ჩანთა აჩუქა. ამას გულშემატკივრების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა, თუმცა მომღერალი არ გაბრაზებულა და განაცხადა, რომ მას უყვარს მდიდრული ცხოვრება და სურს, მისი შვილიც ასე გაიზარდოს. ძვირად ღირებული ჩანთა კი პრობლემას არ წარმოადგენს.
ფილიპ კირკოროვი
ფილიპ კირკოროვის შვილები, მარტინი და ალა-ვიქტორია, სოციალურ ქსელში ნამდვილი ვარსკვლავები არიან. ისინი ხშირად ჩნდებიან მამასთან ერთად წვეულებებზე და ზოგჯერ უფრო მეტ ყურადღებასაც კი იმსახურებენ, ვიდრე თავად ფილიპი. მიუხედავად იმისა, რომ კირკოროვი შვილების აღზრდას დიდ ყურადღებას უთმობს, არც მათ განებივრებაზე ამბობს უარს და ბავშვებს უკვე შეუძლიათ იამაყონ არაერთი ცნობილი ბრენდის სამოსის კოლექციონერობით.