გუშინ მეგან მარკლი 40 წლის გახდა. ეს დღე მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ბოლო რამდენიმე წელია, რაც ექცევა, ამას კი თავისი მიზეზები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მეგანს ხშირად ადარებენ კონკიას, მის ამბავს სულაც არ ჰქონია ზღაპრული დასასრული; პირიქით, მას შემდეგ, რაც პრინც ჰარის ცოლი გახდა, მეგანი არაერთ სკანდალში გაეხვა. ალბათ, სამეფო ოჯახში ჯერ არ ყოფილა ქალი, რომელსაც ასე დევნიდნენ და ავიწროებდნენ.
პირველი, რის გამოც მეგანს იწუნებდნენ, მისი კანის ფერია. მედიის კრიტიკა იმდენად გასცდა საზღვრებს, რომ სამეფო ოჯახმა ხალხს მოუწოდა, შეეწყვიტათ რასისტული განცხადებების გაკეთება. შემდეგი უთანხმოება სამეფო ოჯახის წევრებთან პირველ ვახშამს უკავშირდება, როცა ერთ-ერთ სტუმარს გულსაბნევად ჩალმიანი აფროამერიკელის გამოსახულება ჰქონდა. მეგანი განაწყენდა, თუმცა, ცხადია, კვლავ ის გაამტყუნეს და ბრალი უმეცრებაში დასდეს. როგორც აღმოჩნდა, გამოსახულება არა შავკანიან მონას, არამედ ვენეციელ ვაჭარს აღნიშნავდა.
ქეით მიდლტონსა და მეგან მარკლს შორის დაძაბულობა იყო ქორწილის რეპეტიციის დროსაც. გამოცემა „ინსაიდერი“ წერდა, რომ ქეითმა მეგანი ცრემლებამდე მიიყვანა. მიზეზი კი ის გახდა, რომ ქეითი, სამეფო პროტოკოლის მიხედვით, ითხოვდა, პატარძლის პატარა თანაშემწეებს, რომელთა რიგებში ქეითისა და პრინც უილიამის გოგონაც იყო, სცმოდათ წინდები, მეგანი კი ფიქრობდა, რომ სიცხის გამო ეს აუცილებელი არ იყო. საბოლოოდ, თანაშემწეები წინდების გარეშე გამოჩნდნენ, ქეითსა და მეგანს შორის კი ურთიერთობა არ გამოსწორებულა. ტრადიციულად, სამეფო ოჯახის ყველა პატარძალმა ბრიტანელი დიზაინერის საქორწილო კაბა უნდა მოირგოს, მეგანმა ამ ტრადიციასაც უღალატა და ფრანგული მოდის სახლის, Givenchy-ს კაბა ჩაიცვა.
მედიაში წერენ, რომ მეგან მარკლს რთული ხასიათი აქვს. სანამ ის ბრიტანეთში ცხოვრობდა, მისგან სამი მსახური და ერთი მცველი გაიქცა. „თაიმსმა“ გამოაქვეყნა ნაწყვეტები ჯასონ კნაუფის წერილიდან, რომელიც მუშაობდა სასექსის პრესმდივნად და ჩიოდა, რომ ჰერცოგინიამ გააძევა ორი თანამშრომელი, ამით კი"შეარყია სხვათა სანდოობა". სასახლის კიდევ ერთი თანამშრომელი, სამანტა კრაუტერსი კი ამბობდა, რომ ჰერცოგინია მუდმივად აწამებდა თანამშრომლებს, აყენებდა მათ შეურაცხყოფას და ამცირებდა.
მეგანს პრობლემები საკუთარ ოჯახთანაც ჰქონდა. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ მან მამამისი ქორწილში არ დაპატიჟა და შვილიშვილებთან კონტაქტიც აუკრძალა. არ გაჩუმებულა არც მეგანი 80 წლის ბიძა, რომელიც ამბობდა, რომ მისთვის წარმოუდგენლად ბევრი აქვს გაკეთებული, უმადური მეგანი კი ახლა არც კი ინტერესდება მისი ჯანმრთელობით.
ეს ტალღა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც მეგანმა საბავშვო წიგნი გამოაქვეყნა. მედია წერდა, რომ წარმოუდგენელია მან აღწეროს მამის გრძნობები, როცა თავად სამი წელია, მამამისთან არც კი დაურეკავს.
ალბათ, ყველაზე ხმამაღალი სკანდალი მეგანის ირგვლივ ჰარისთან ერთად სასახლის დატოვება იყო. 2020 წლის მარტში მათ უარი თქვეს ტიტულზე და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდნენ. წყვილმა ეს ყველაფერი ფინანსური დამოუკიდებლობის გამო გააკეთა. ჰარის შეეძლო შეეცვალა გადაწყვეტილება და ერთი წლის ვადაში სასახლეში დაბრუნებულიყო, თუმცა, როგორც ჩანს, მან არჩევანი ცოლის სასარგებლოდ გააკეთა.
დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია წყვილის ვიზიტმა ოპრა უინფრის შოუში, სადაც მეგანმა და ჰარიმ არაერთ საკითხზე გულახდილად ისაუბრეს. მათ შორის, შვილის კანის ფერზე, სამეფო ოჯახის ნაბიჯზე, როცა პატარა არჩის ტიტული არ მიანიჭეს, ერთმანეთთან ურთიერთობასა და სამომავლო გეგმებზე.
მეგან მარკლის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებების მიუხედავად, მას ბევრი აფასებს, როგორც ყველაზე მებრძოლ და გამბედავ ქალს, რომელიც მოძველებული ტრადიციებისა და არაფრისმომცემი წესების წინააღმდეგ წავიდა. მეგანი ახლა სათავეში უდგას არაერთ კეთილ და სასარგებლო საქმეს, მათ შორის, საკუთარ დაბადების დღეზე მან ისაუბრა კამპანიაზე, რომელიც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი ქალების დახმარებას ისახავს მიზნად. კამპანიის ფარგლებში, 40 წარმატებული ქალი 40 წუთს დაუთმობს გაჭირვებული ქალების დახმარებას. მეგან მარკლის თქმით, ეს პროექტი საჭიროა იმისათვის, რომ წაახალისოს გოგონები, "აღადგინონ ეკონომიკური სიძლიერე". „მხოლოდ შეერთებულ შტატებში 2 მილიონზე მეტმა ქალმა და ათეულობით მილიონმა ადამიანმა მთელ მსოფლიოში დაკარგა სამსახური კორონავირუსის გამო. მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ და დავუთმობთ 40 წუთს ერთმანეთის დახმარებას, აუცილებლად შევქმნით სიკეთის ტალღას“ - ამბობდა მეგანი. მეგანი იწყებს კამპანიას ჰოლივუდის მსახიობ მელისა მაკარტისთან ერთად. ქალებს, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო, ეხმარებიან ადელი, ამანდა გორმანი, სოფი გრეგუარ ტრუდუ, სტელა მაკარტნი და სხვები. სხვათა შორის, სამეფო ოჯახის წევრები განზე არ დგანან და მხარს უჭერენ მეგანის კამპანიას. პრინცესა ევგენიმ პირობა დადო, რომ ჩაერთვება და დაეხმარება ქალებს სამსახურში დაბრუნებაში.