ცოტა ხნის წინ სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლიმ მე-40 დაბადების დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნა. საიუბილეო თარიღის მისალოცად მამამ, თომას მარკლმა, მას სიმბოლურად 40 ვარდი გაუგზავნა. მეგანმა ეს საჩუქარი არ მიიღო.
4 აგვისტოს ჰერცოგინიამ დაბადების დღე, როგორც თავად განმარტა, უახლოესი და ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში აღნიშნა. წვეულებაზე 65 სტუმარი იყო დაპატიჟებული, თუმცა მათ შორის არცერთი იყო მეგანის ნათესავი. დიდი ხანია, რაც მეგან მარკლმა არა მხოლოდ სამეფო, არამედ საკუთარ ოჯახზეც უარი თქვა. როგორც ტაბლოიდები წერენ, ამის მიზეზი მეგანის მამის, თომას მარკლის განცხადებები გახდა.
„მას შემდეგ, რაც რამდენიმე კრიტიკული განცხადება გავაკეთე იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა სამეფო ოჯახმა მეგანი, ჩემი შვილი ტელეფონის ზარზეც კი აღარ მპასუხობს. მე ამის მოთმენა არ შემიძლია. მათ უნდათ, რომ ჩუმად ვიყო და არაფერი ვთქვა, მაგრამ გაჩუმებას არ ვაპირებ. მეგანი ჩემ გარეშე ვერაფერს მიაღწევდა, ის ჩემი დახმარებით გახდა ჰერცოგინია“ - ამბობდა თომას მარკლი რამდენიმე წლის წინ.
ამის შემდეგ მეგან მარკლიმ გაწყვიტა ნათესავებთან ურთიერთობა და როგორც ჩანს, არც აპირებს, რომ დაძაბულობა განმუხტოს. მიუხედავად ამისა, თომას მარკლი იმედს არ კარგავს. მან შვილს დაბადების დღეზე 38 წითელი და ორი ყვითელი ვარდი გაუგზავნა წერილით: „ბედნიერ დაბადების დღესა და ნათელ მომავალს გისურვებ“. როგორც მედიაში წერენ, ორი ყვითელი ვარდი მეგანის შვილებს, არჩისა და ლილიბეტს განასახიერებს. მიუხედავად ამისა, როგორც თომასი ამბობს, მეგანს მშობლებისთვის საჩუქრისა და მილოცვისთვის მადლობა არ გადაუხდია.
მეგანი განსაკუთრებით გაანაწყენა განცხადებამ, რომელშიც თომას მარკლი ამბობდა, რომ მისი შვილი და სიძე ცუდი მშობლები არიან და შვილების აღზრდაში უპატიებელ შეცდომებს უშვებენ. „როდესაც ჩემს შვილებს ვუყურებ, წარმოუდგენლად მიმაჩნია, მივაყენო მათ ისეთი ტკივილი, როგორიც მამაჩემმა მომაყენა მე“ - ამბობდა ჰერცოგინია ერთ-ერთ ინტერვიუში.
მეგანის და, სამანტა მარკლი, მხარს უჭერს მამას, თომასს და ამბობს, რომ მეგანის ხასიათი ქორწინების შემდეგ მკვეთრად შეიცვალა: „არ გაქვს უფლება, ასე მოექცე მამას, რომელმაც შენთვის ყველაფერი გააკეთა. არ შეიძლება მისი გრძნობებით თამაში“ - ამბობდა სამანტა საჯარო მიმართვაში. მის ამ განცხადებას, ცხადია, მეგანის მხრიდან კომენტარი არ მოჰყოლია.