ბრიტნი სპირსის მამა ჯეიმი სპირსი თანახმაა, უარი თქვას შვილის მეურვეობაზე. ამის შესახებ მან სასამართლოში ხუთშაბათს განაცხადა. მომღერალი თავისუფლებისთვის წლებია, რაც იბრძვის და ეს მისთვის დიდი გამარჯვებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმი სპირსი არ ეთანხმებოდა შვილის მიერ წაყენებულ ბრალდებებს და თვლიდა, რომ მეურვეობის შეჩერების ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა, მან ამ გადაწყვეტილებით აღიარა, რომ ბრიტნის ცხოვრებაში უხეშად ერეოდა. სასამართლოზე მისმა წარმომადგენელმა კი თქვა, რომ ჯეიმი მეურვეობის ახალი ფორმის შემუშავებას გეგმავს:
„მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის მანძილძე ჯეიმი სპირსი არაერთხელ გახდა დაუსაბუთებელი თავდასხმის სამიზნე, ის თვლის, რომ შვილთან საჯარო ბრძოლას, მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მეურვეობის შეწყვეტა ჯობს. ჯეიმი გაასაჩივრებს დაუსაბუთებელ შუამდგომლობას მისი მოხსნის შესახებ და ის, ასევე, იმუშავებს სასამართლოსა და შვილის ახალ ადვოკატთან მეურვეობის ახალ ფორმაზე გადასვლისთვის“ - ნათქვამია განცხადებაში.
ჯეიმი სპირსი შვილის, პრიტნი სპირსის მეურვედ 2008 წელს დაინიშნა. მასთან ერთად მომღერალს მეურვეობას უწევდა ადვოკატი ენდრიუ უოლეტი, თუმცა მან ამ ყველაფერზე უარი 2019 წელს თქვა და მას შემდეგ ბრიტნის ფინანსებსა და ცხოვრებას მთლიანად ჯეიმი განაგებდა. თავად ჯეიმი ამტკიცებდა, რომ ყველაფერს შვილის კეთილდღეობისთვის აკეთებდა, თუმცა, როგორც ბრიტნიმ სასამართლოზე თქვა, მას საკუთარი ნების წინააღმდეგ წასვლას, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებისა და სხვა მედიკამენტების მიღებას აიძულებდნენ. ყველაზე მტკივნეული მომღერლისთვის შვილის გაჩენის აკრძალვა აღმოჩნდა.
ბრიტნის ადვოკატი მეთიუ როზენგარტი ამბობს, რომ მომღერალმა მამის მეურვეობისგან გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვა და მისი სასამართლოს წესით დასჯაც კი სურდა სასტიკი მოპყრობის გამო. ბრიტნის სურვილს იზიარებდნენ მისი დედა, ლინ სპირსი და ჯოდი მონტგომერი. ბრიტნიმ ამის შესახებ საჯაროდ პირველად 2021 წელს განაცხადა და თქვა, რომ მას თავისუფლად დასვენებისა და გადაადგილების უფლებაც კი არ ჰქონდა:
„მათი ადგილი ციხეშია, მე არ მინდა, რომ მონა ვიყო“ - ამბობდა სასამართლოზე ის. როგორც მან განმარტა, წინა ადვოკატი აფრთხილებდა, რომ მის ასეთ განცხადებებს მდგომარეობის გართულება და მისი კვლავ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა შეიძლება მოჰყოლოდა, მაგრამ მომღერალს გადაწყვეტილი ჰქონდა, საკუთარი ისტორია მთელი სამყაროსთვის მოეყოლა. გარდა იმისა, რომ ბრიტნი სპირსს მამა გაუთავებელ ვარჯიშს, ტურნეების მოწყობას, რაც შეიძლება მეტი თანხის გამომუშავებას აიძულებდა, ამყოფებდა მას მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, უკრძალავდა შვილის ყოლას და დასვენებასაც კი. ის მომღერლის შემოსავალს საკუთარი მიზნებისა და სიამოვნებისთვისაც ხარჯავდა. გარდა ამისა, ჯეიმი სპირსი ყოველთვიურად იღებდა $16 000-ს მეურვეობის საქმეში.
სოციალურ ქსელში ბრიტნი სპირსს უამრავი მხარდამჭერი გამოუჩნდა და მალევე შეიქმნა მოძრაობა #FreeBritney. დღეს კი მომღერალი თავისუფალია. ამის სადემონსტრაციოდ მან საკუთარ „ინსტაგრამზე“ სიმბოლური ფოტო განათავსა, რასაც გულშემატკივრების მხრიდან უამრავი კომენტარი მოჰყვა. ბრიტნის წარმატება სოციალურ ქსელში 570 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიზიარა.