39 წლის მომღერალმა ბრიტნი სპირსმა სასიხარულო სიახლე საკუთარ „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. მან ბრილიანტის ბეჭდით ფოტოები 27 წლის რჩეულთან ერთად გადაიღო. ბრიტნიმ და სემ ასგარიმ ურთიერთობა 2017 წლის დასაწყისში გაასაჯაროეს, თუმცა პირველად რამდენიმე თვით ადრე ბრიტნის ერთ-ერთ კლიპის, Slumber Party-ის გადაღებაზე შეხვდნენ. მას შემდეგ, ირანელი ფიტნესინსტრუქტორი, სემ ასგარი მომღერლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და თანამებრძოლი გახდა.
ბრილიანტის ბეჭდის ფოტო და ვიდეო წყვილმა სოციალურ ქსელში გუშინ, 12 სექტემბერს გაავრცელა. „არ მჯერა!“ - წერდა ბრიტნი სპირსი. როგორც სემმა განმარტა, რჩეულს Roman Malayev-ის მიერ ბეჭედი აჩუქა. მანამ, სანამ ფოტოებსა და ვიდეობს ნიშნობის შესახებ ბრიტნი გამოაქვეყნებდა, სემმა „ინსტაგრამსთორიში“ დაწერა: „ყველაზე დიდი სიახლე... ვეღარ ვითმენ, რომ არ გაგიზიაროთ“.
სასიამოვნო სიახლეს წყვილის მეგობრებისა და გულშემატკივრების მხრიდან მართლაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი პირველი, ვინც მათ მიულოცა, ბრიტნის მეგობარი, პერის ჰილტონი იყო. „გილოცავ, სიყვარულო! ბედნიერი ვარ შენ გამო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში!“ - დაწერა ახალდაქორწინებულმა პერისმა. ბრიტნისა და სემის სიხარული გაიზიარეს Jersey Shore-ის ვარსკვლავმა ჯენი ფარლიმ, დიზაინერმა ქრისტიან სირიანომ, კაიტლინ ბრისტოვმა, კეშამ, ბრენდონ ფრანკელმა და კიდევ ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა.
ხმაური გამოიწვია პარასკევს სემის მიერ გაზიარებულმა ფოტოებმაც. მან „ინსტაგრამსთორიში“ გამოაქვეყნა ბეჭდის ორი ფოტო, მეორეში კი ნათლად ჩანდა, რომ მბზინავ თვალში წყვილის ოთხფეხა მეგობრის სახელი, Lioness იყო ამოტვიფრული. ფოტოები სემმა მალევე წაშალა და თქვა, რომ მისი ანგარიში გატეხეს, ეს ყველაფერი კი ფოტოშოპით იყო გაკეთებული. მოგვიანებით, ბრიტნის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებით, ნათლად გამოჩნდა, რომ სემმა უბრალოდ იცრუა და სიახლე დამალა.
ექპერტის, აჯაი ანანდის თქმით, ბეჭედი, რომელიც სემ ასგარიმ ბერიტნი სპირსს აჩუქა, დაახლოებით, 70 ათასი დოლარი ღირს. ბეჭდის დიზანი დახვეწილი და მოკრძალებულია, მასში ხაზგასმულია ტრადიციები და ელეგანტურობა. ეჭვები, იმის შესახებ, რომ სემი ბრიტნისთვის ბეჭდის ყიდვას აპირებდა, ამ თვის დასაწყისში გაჩნდა, როცა ის ერთ-ერთ საიუვილერო მაღაზიაში შენიშნეს. პაპარაცებმა დააფიქსირეს, როგორ არჩევდა სემი სამკაულს. ტაბლოდები წერდნენ, რომ სემი სულ უფრო ჩქარობდა ბრიტნისთვის ცოლობის შეთავაზებას და ამისთვის საჭირო დროს ელოდებოდა. „სემი ოცნებობს, რომ ერთ დღეს მამა გახდეს, ბრიტნის კი ძალიან უნდა კიდევ ჰყავდეს შვილები...“.
წყვილი ერთმანეთს საქმიან გარემოში შეხვდა, ხოლო ურთიერთობის შესახებ საზოგადოებას 2017 წელს, გაცნობიდან რამდენიმე თვეში გაუმხილეს. 2018 წლის თებერვალში, ბრიტნიმ შეყვარებულთან ერთად ყოფნის ერთი წლის თავი აღნიშნა და „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა: „მე ერთ წელზე მეტია, რაც ამ კაცთან ერთად ვარ. ყოველ დღე ის შთამაგონებს, რომ ვიყო უკეთესი ადამიანი და ეს თავს ყველაზე იღბლიან ადამიანად მაგრძნობინებს“ - წერდა მომღერალი.
ჭორები ბრიტნისა და სემის ნიშნობის შესახებ 2019 წლიდან ვრცელდება. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა მათ გამოჩენამ კვენტინ ტარანტინოს ფილმის პრემიერაზე, სადაც მომღერალს ბრილიანტის ბეჭედი ეკეთა, თუმცა მარცხენა ხელზე.
სემის მიმართ საზოგადოების კეთილგანწყობა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ბრიტნიმ საჯაროდ ისაუბრა, თუ როგორ უჭერდა მას საყვარელი მამაკაცი მხარს ყველაზე რთულ დროს, მაშინ, როცა მამის წინააღმდეგ სასამართლოში იბრძოდა. როგორც ცნობილია, ბრიტნი წლების განმავლობაში მამის, ჯეიმი სპირსის მეურვეობის ქვეშ იყო. გახმაურებული სასამართლოების დროს მედია აქტიურად წერდა, რომ მომღერალი მამას ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა. როგორც მან განმარტა, არ ჰქონდა შვილის ყოლის უფლება, აიძულებდნენ ფსიქოტროპული და ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებას. ერთადერთი, რაც მას უნდა გაეკეთებინა, იყო ის, რომ ემუშავა და უფრო მეტი ფული გამოემუშავებინა. ბრტინის ფინანსებსა და, მთლიანად, ცხოვრებას, მისი მამა განაგებდა. აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსმა მეურვეობაზე უარი თქვა, თუმცა კონკრეტულად როდის შეწყვეტს ის კონტქრაქტს, უცნობია. სასამართლო დასრულებული არ არის და დავა კვლავ მიმდინარეობს.
გავლენიანი გამოცემა Page Six წერდა, რომ სემს ბრიტნის მამის, ჯეიმი სპირსის მიმართ ცუდი დამოკიდებულება აქვს: „სემს სძულს ფაქტი, რომ ბრიტნის გადაწყვეტულებების მიღება დამოუკიდებლად არ შეუძლია. ის გულწრფელად ამბობს, რომ ჯეიმი შვილზე არ ზრუნავს! სემსა და ბრიტნის უკვე დიდი ხანია, რაც დაქორწინება სურთ, თუმცა იციან, რომ მეურვეობის პირობებში ამას ვერ მოახერხებენ“ - განმარტა Page Six-მა.