ადამიანებს ამ თემაზე საუბარი ხშირად არ შეუძლიათ. ზოგს ეშინია საზოგადოების დამოკიდებულების, ზოგს რცხვენია, ზოგისთვის კი განსაკუთრებით მტკივნეულია გახსენება. ცნობილი ქალები საკუთარ ისტორიას გულწრფელად ჰყვებიან და სხვებს გამოცდილებას უზიარებენ.
2017 წელს ტეს ჰოლიდეიმ დაწერა წიგნი საკუთარი წარმატების რთულ გზასა და გამოწვევებზე. 350 გვერდში plus-size მოდელმა გაამხილა, თუ როგორ აკრიტიკებდნენ ჭარბი წონის გამო. ცალკე თავი დაეთმო იმას, თუ როგორ გახდა გოგონა გაუპატიურების მსხვერპლი. ტესი იმ დროს მხოლოდ 20 წლის იყო და ერთი წლის შვილს, რეინს ზრდიდა. ერთხელ გადაწყვიტა, ბავშვი ბებიასთან დაეტოვებინა, თავად კი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე წავიდა.
ტესი არასოდეს გრძნობდა მამაკაცების ყურადღების ნაკლებობას. იმ საღამოსაც მასთან ორი ახალგაზრდა ბიჭი მივიდა. სასიამოვნო საუბარი, მსუბუქი ფლირტი, უამრავი კოქტეილი... გოგონამ ვერც კი შეამჩნია, როგორ აღმოჩნდა საძინებელში ახალი ნაცნობების გარემოცვაში.
რაც ამ ფაქტს შემდეგ მოჰყვა, ტეს ჰოლიდეი დიდხანს ცდილობდა დაევიწყებინა და სამუდამოდ წაეშალა საკუთარი ცხოვრებიდან. გარდა ამისა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იღებდა გონორეის საწინააღმდეგო პრეპარატს, რომლითაც ერთ-ერთმა მოძალადემ დააინფიცირა.
"გაუპატიურება ჩემი ყველაზე ბინძური საიდუმლო იყო, რომელსაც ჩემთვის ვინახავდი, ვიდრე არ მივხვდი, რომ ამის გამო არ უნდა შემრცხვენოდა." - ამბობს ტესი.
19 წელი ოცნების, ახალი გეგმების დასახვისა და ახალგაზრდობით ტკბობის დროა. თუმცა სწორედ ამ ასაკში გახდა დამწყები მომღერალი ლედი გაგა ძალადობის მსხვერპლი.
მომღერალმა მომხდარის დეტალები არ გაახმაურა, მხოლოდ აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში მიზეზს საკუთარ თავში ეძებდა და თავს, როგორც ბევრი მსხვერპლი, მომხდარში დამნაშავედ თვლიდა. "ვლანძღავდი ჩემს თავს და ვფიქრობდი, რომ თავად მოვახერხე ძალადობის პროვოცირება ჩემი გარეგნობითა თუ ქცევით", - თქვა ლედი გაგამ რადიოწამყვან ჰოვარდ სტერნთან ინტერვიუს დროს.
მომღერალმა აღიარა, რომ გაუპატიურების შემდეგ წლების განმავლობაში ვერ მოვიდა გონს და ვერ გააცნობიერა, თუ რა გაუკეთა მას ამ მამაკაცმა (იყო ჭორები, რომ ის ცნობილი პროდიუსერი იყო). შედეგად ლედი გაგა ყველაფერს მალავდა და დარდისა თუ სტრესის დაძლევას ალკოჰოლის დახმარებით ცდილობდა. ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან მომღერალი მისმა მეგობარმა, ცნობილმა მუსიკოსმა ტონი ბენეტმა გადაარჩინა, რომელთანაც ლედი გაგამ ჯაზ-ალბომი ჩაწერა.
პამელა ანდერსონის ბავშვობასა და ახალგაზრდობას არ შეიძლება მარტივი და უდარდელი ეწოდოს. მამამისი ბევრს სვამდა, დედა კი მიმტანად მუშაობდა ორ სამსახურში, რათა ოჯახზე ეზრუნა. შედეგად, ბავშვებს დიდ ყურადღებას ვეღარ უთმობდა. არც იცოდა, რა ხდებოდა საკუთარი ქალიშვილის ცხოვრებაში. როცა პამელა 6 წლის იყო, ბიძამ იძალადა, ხოლო 12 წლის ასაკში უფროსი ძმის მეგობარმა გააუპატიურა.
სამი წლის შემდეგ, 15 წლის ასაკში, პამელა ანდერსონი მისი მეგობრის მიერ ორგანიზებული ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. "მან გადაწყვიტა, რომ ეს სასაცილო იქნებოდა", - განმარტა მსახიობმა, რომელსაც ამ ყველაფრის შემდეგ მხოლოდ ერთი რამ სურდა - თვითმკვლელობა. საბედნიეროდ, მომავალმა ვარსკვლავმა იპოვა ძალა და ყველა პრობლემას გაუმკლავდა.