ტელეწამყვანი და მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე გადაცემას „ბაიასთან" სტუმრობდა, სადაც საკუთარი კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. წამყვანის კითხვაზე, როგორია ლამაზი ქალის ხვედრი, მან უპასუხა: „ლამაზზე მეტად, გამბედავს ვიტყოდი საკუთარ თავზე, იმიტომ, რომ ბევრად მეტი გავბედე, ვიდრე იმ სხვა ცნობილმა ქალებმა, ვისაც ამდენი წელია ვხედავთ ეკრანებზე, სცენაზე, ქუჩაში... მე გავბედე, ვიყო ის, ვინც ვარ; ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს, სტერეოტიპების, საზოგადოებისა და ხალხის აზრის მიუხედავად“.
ალექსანდრამ ოჯახზეც ისაუბრა და თქვა, რომ მამა მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო: „მშობლებში ძალიან გამიმართლა. ის, რომ მამა აფასებდა თავისუფლებას, იუმორს, სილაღეს, მეც გადმომყვა. მამას ყველაზე მეტად უნდოდა, რომ ვყოფილიყავი ცნობილი, წარმატებული მოდელი. როგორც კი გარდაიცვალა, ყველა მეუბნებოდა, რომ მხოლოდ მის გამო უნდა გამეგრძელებინა კონტრაქტი. მე, ცხადია, წავედი პარიზში, თუმცა იქ არაფერი გამომივიდა, რადგან არ ვიყავი შესაფერის ფორმაში და მამა იყო ახალი გარდაცვლილი და ცუდად ვიყავი. თვითონ ცოტა მკაცრად იყო გაზრდილი, მაგრამ მან გაბედა, რომ ჩემთან ახლო ურთიერთობა ჰქონოდა. მე მინდოდა მეთქვა ჩემი საიდუმლოებები, გამემხილა, რომ შეყვარებული ვიყავი... 18-ის გავხდი და ერთ კვირაში გარდაიცვალა მამა. ამის შემდეგ მთელი სახლი გავყიდეთ, არაფერი დაგვრჩა. ახალი წლის ღამე იყო, ნაძვის ხეც კი არ გვქონდა სახლში. დამირეკა ქალმა და მითხრა, რომ სამორინეში კვირაში ორ დღეს თუ ვიმუშავებდი 1000 ლარად შოუს წამყვანად. დავთანხმდი და 6 წლის განმავლობაში ვმუშაობდი იქ“.
ალექსანდრამ პირადი ცხოვრების დეტალებიც გაიხსენა: „ძალიან ვინანე, როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე და პირველი სიყვარული დავკარგე. მაგრამ ცხოვრებაში ხომ ასეა, რასაც კარგავ, აუცილებლად იღებ უკან. ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა კაცი, რომელიც იყო უკარგესი, უთბილესი, ფანტასტიკური ოჯახის შვილი. შეგვიყვარდა ერთმანეთი და დავოჯახდით, 20 წლის ვიყავი. რამდენიმე როლსა და ფილმზე უარი ვთქვი, რადგან მის ქართულ სტერეოტიპებში არ ჯდებოდა, თუმცა ორ წელიწადში დავასრულე ეს ურთიერთობა. კომპლექსი მაქვს, რომ არ ვიყო უტვინო. არ მომწონდა ეს სტერეოტიპი, რომ მოდელია და შტერია. ჩემს თავს ვუმტკიცებ ამას“.