ბოლო დროს სოციალურ ქსელებში აქტუალურად განიხილება ქანიე ვესტისა და კიმ კარდაშიანის კონფლიქტი, რომლის შესახებაც მომღერალი საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" პოსტავს და საკუთარი ფანებისა და ამერიკელი ხალხისგან მხარდაჭერას ითხოვს.
საქმე ისაა, რომ ქანიეს სურს თავისი უფროსი ქალიშვილის "ტიკ-ტოკის" ექაუნთის დახურვა, რადგან მისი აზრით, 8 წლის ნორსი საზოგადოების მხრიდან შესაძლო ბულინგის მსხვერპლად სწორედ დედამ, კიმ კარდაშიანმა აქცია.
რეპერი უკვე რამდენიმე დღეა ამტკიცებს, რომ მას საკუთარ შვილებთან ურთიერთობის საშუალება არ ეძლევა და ყველა გზას იყენებს ამის შესაცვლელად. ქანიეს სხვადასხვა მენტალური დაავადების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მისი ფანებისათვის უცხო არც აქამდე იყო, თუმცა ამჯერად საკითხის კიდევ უფრო აქტუალურად განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქანიემ საკუთარ პოსტზე ყურადღების მიქცევის მიზნით ბარაკ ობამა მონიშნა.
პოსტში საუბარია იმაზე, რომ რეპერს საკუთარი შვილის, ჩიკაგოს დაბადების დღეზე მისვლის უფლებას არ აძლევდნენ, რადგან მისამართს არავინ ეუბნებოდა. ბარაკ ობამას გარდა, მან პოსტზე ასევე მონიშნა კარდაშიანების ოჯახის წევრები, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და ჰილარი კლინტონიც.
ფანები რეპერს პოსტების წაშლისა და მშვიდ გარემოში დასვენების, შემდგომ კი მისი ახალი ალბომის გამოშვებისკენ მოუწოდებენ. საუბარია იმაზეც, რომ ქანიე თავად ქმნის სკანდალს საკუთარი ცხოვრების გარშემო და მიზეზი სწორედ ის ალბომია, რომელსაც მაისის თვეში ელოდებიან.