ვენსან კასელი მეუღლეს, ტინა კუნაკს, ვალენტინობის დღესასწაულს ულოცავს.
,,და ცხოვრება გრძელდება ასე...’’ - წერს მსახიობი საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" გამოქვეყნებულ თავისი და ტინას ფოტოებზე.
ფრანგი კინოვარსკვლავი მოდელზე 2018 წლის აგვისტოში დაქორწინდა. მანამდე იგი ქორწინებაში მონიკა ბელუჩისთან იმყოფებოდა, რომელსაც 2013 წელს დაშორდა და საერთო ქორწინებიდან 2 შვილი, დევა და ლეონი ჰყავს.
ვენსანისა და ტინას ურთიერთობა ძალიან მალე იქცა ტაბლოიდების განხილვის თემად. ხალხი მოდელს მონიკას ადარებდა და მის მიმართ აგრესიულ კომენტარებს არ იშურებდა. ვენსანის ყოფილი მეუღლის გარდა, განხილვის თემად წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობაც ითვლებოდა - მაშინ, როდესაც კასელი 51 წლის გახლდათ, კუნაკის ასაკი მხოლოდ 21 წელი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ვენსანის ფანები მისი და მონიკას შერიგებას აანონსებდნენ, 2-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ტინამ და ვენსანმა ქორწილი საფრანგეთში გადაიხადეს და მათი ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ჭორებს მალევე მოუღეს ბოლო.
ქორწინებიდან მეორე წელს წყვილს ქალიშვილიც შეეძინა. სიახლე ტინამ სოციალურ ქსელებში წარწერით ,,ამაზონი დაიბადა’’ გაავრცელა.
ვენსანისა და ტინას წყვილის მიმართ სიმპათიების ჩამოყალიბებას მსახიობის უფროსი ქალიშვილის, დევას დამოკიდებულებამაც შეუწყო ხელი, რომელსაც დედინაცვალთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს და როგორც მისი "ინსტაგრამიდან" ჩანს, მამასთან და ტინასთან ერთად ხშირად ატარებს თავისუფალ დროს.
ელენე ასათიანი