მომღერალ ელენე ფოჩხუას ცხოვრებაში არაერთხელ იდგა რთული პერიოდი, ისეთი, როცა არ ემღერებოდა, არ ეღიმებოდა და თითქოს ცხოვრება დასრულდა. თუმცა ეს პერიოდები გადალახა, გაუჭირდა, მაგრამ ისევ ამღერდა, ისევ გაიღიმა და ისევ თავიდან დაიწყო ცხოვრება. ათი წლის წინ მეხივით გავარდა მისი ძმის, გიორგი ფოჩხუას გარდაცვალების ამბავი – 25 წლის ნიჭიერი მსახიობი მოკლეს. ელენესთვის ეს ყველაზე დიდი ცხოვრებისეული დარტყმა იყო. როგორც მომღერალი ამბობს, ის თავის ძმას სულ ესაუბრება და ახლა, როცა 18-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ოჯახი დაენგრა, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ძმის გვერდში დგომა.
ელენე ფოჩხუა: ძალიან ცელქი, აუტანელი, მავნე და გიჟი ბავშვი ვიყავი. სულ ბიჭებთან ვთამაშობდი. ბავშვობიდან მინდოდა, მომღერალი გამოვსულიყავი. დავიჭერდი დეზოდორს ხელში, ვითომ მიკროფონი იყო, ვმღეროდი და ჩემი ძმა კი გაიძახოდა, მე მსახიობი უნდა გამოვიდეო და იყო ერთი ამბავი სახლში. ბებიას უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ რომ გავიზარდე, მიხვდნენ, ჩემგან ექიმი არ დადგებოდა და მხოლოდ მიკროფონის ჭერა და სიმღერა მინდოდა. ასე რომ, მე და გიორგი უფრო ერთი ჭკუის ვიყავით და უფრო ვუგებდით ერთმანეთს.
– გიორგის გარდაცვალებამდე თუ გქონდა წინათგრძნობა?
– სანამ გიორგი გარდაიცვლებოდა, არ ვიცი, რატომ, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ სახლში საშინელი ტრაგედია ტრიალებდა, ჭირისუფალი იჯდა... დღემდე არ ვიცი, ეს რატომ გავიფიქრე. ზოგადად, სიზმრები მიხდება. სისხლი თუ დამესიზმრა, ვიცი სისხლითა და ხორცით ახლობელი გარდამეცვლება. სწორედ ასეთი სიზმარი დამესიზმრა წინა ღამით, სანამ ჩემი ძმის გარდაცვალებას გავიგებდი: თავიდან ბოლომდე სისხლში ვიყავი ამოსვრილი და მეორე საღამოს გავიგე ეს საშინელი ამბავი.
– თუ გესიზმრება და რას გეუბნება?
– დიდი ხანია, გიორგი აღარ დამსიზმრებია. არადა, მინდა, მოვიდეს. სხვათა შორის, ადრე მესიზმრა, ვისხედით და ვეხვეწებოდი, მითხარი, რა მოხდა, ვინ მოგკლა-მეთქი. მომიბრუნდა და მითხრა: კარგი, გეტყვიო. იწყებდა ამბის მოყოლას და ამ დროს დარეკა ტელეფონმა და ზარმა გამაღვიძა. ვერ მოასწრო საკუთარი მკვლელის ვინაობის თქმა.
– გიორგი 25 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. უკვე ათი წელი გავიდა, ის ისევ 25 წლის არის, ჩვენ კი წლები გვემატება. როგორ გგონია, ახლა როგორი იქნებოდა?
– ძალიან მალე გავიდა ათი წელი გიორგის გარეშე. ვიცი, ძალიან კარგად იქნებოდა თავის პროფესიაში, რადგან დიდი გეგმები ჰქონდა, კიევში აპირებდა წასვლას, სარეჟისოროზე უნდა ესწავლა. ზუგდიდის თეატრს არ ჰყავდა რეჟისორი და თქვა: მოდი, ამ ყველაფერს კიევში ვისწავლი კარგად და ჩემს ქალაქში ჩამოსული, თეატრს მივხედავო. ჩემთვის ის სულ 25 წლის დარჩება და მეც რომ მივალ იქ, ისევ ახალგაზრდა პატრონად და ზურგად დამხვდება. ათი წლის წინ დადგა პერიოდი, როცა არ მემღერებოდა, მეგონა, არასოდეს გავიღიმებდი და ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ამ ტკივილს შვილების ხათრით გავუძელი. ერთი სული მქონდა, ზუგდიდიდან თბილისში ჩამოვსულიყავი. მეგონა, სახლში რომ შემოვიდოდი, აქ დამხვდებოდა. რომ გავაღე კარი და რეალობას თვალი გავუსწორე, მივხვდი, ტყუილი იმედები მქონდა და კიდევ უფრო მეტკინა...გაგრძელება