ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი რამდენიმე თვეა, რაც მიმდინარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ სხდომები დახურული არ არის, ყოფილი ცოლ-ქმრის ურთიერთობის არაერთი დეტალი გასაჯაროვდა. ჩოგბურთელთან იმისთანების შესახებ ნეკა დოროყაშვილმა ლელა წურწუმიას გადაცემაშიც ისაუბრა:
„გავიცანი ბიჭი, რომელიც პირველად დგამდა ნაბიჯებს კარიერაში და უნდოდა წარმატებული ყოფილიყო. ძალიან მალე მოხდა ყველაფერი. ის ძირითადად ტურნირებზე დადიოდა და ჩვენი კომუნიკაცია ონლაინ, სკაიპით შემოიფარგლებოდა. მაშინ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. პერიოდულად საქართველოში ჩამოდიოდა. კაფეში ვხვდებოდით ერთმანეთს და ბევრს ვსაუბრობდით. თავის გეგმებზე მესაუბრებოდა, უნდოდა წარმატებული ჩოგბურთელი ყოფილიყო.
სიმართლე გითხრათ, მასზე ბევრი ინფორმაცია არ მქონდა. ვიცოდი ის, რასაც თვითონ მიყვებოდა. ფაქტობრივად, არც მის ოჯახის წევრებზე მქონდა ინფორმაცია. ახლანდელი გადმოსახედით, საერთოდ არ ვიცოდი, რა ხდებოდა, ვის მივყვებოდი, უბრალოდ შემიყვარდა. მაშინ დაახლოებით 19 წლის ასაკში ვიყავით. ერთი მეოცნებე ბიჭი და ერთი მეოცნებე გოგონა შეხვდნენ და შეუყვარდათ ერთმანეთი. წელიწად-ნახევარში გადავწყვიტეთ დაქორწინება“ - აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.
დოროყაშვილმა ამერიკაში ჩასვლის პერიოდიც გაიხსენა:
„2018 წელს ამერიკის ღია პირველობაზე ჩავედი. მანამდე კონფლიქტი იყო, თუმცა ბოდიშების შემდეგ ბილეთი ამიღო და ჩავედი მის საგულშემატკივროდ. ახალი ჩოგნებით უნდა ეთამაშა და ჩავუტანე. იქ ყოფნის პერიოდში დაიძაბა სიტუაცია, კონფლიქტი მოხდა და მივიდა ამ სიტუაციამდე. იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებდი, რატომ ავიღე ტელეფონი და ჩავრთე. ერთადერთი, რაც გავიაზრე, ის, რომ უცხო კონტინენტზე ვიყავი, მქონდა ჩემი განადგურების შიში. შემეშინდა, იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა მოვეკალი. ვფიქრობდი, ხომ შეიძლება ვინმემ ნახოს ჩანაწერი, რა დამემართა, სად ვიყავი ბოლო მომენტში“, – ამბობს ნეკა დოროყაშვილი.