ცოტა ხნის წინ ცნობილმა დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა AMBEBI.GE-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. როგორც თავადვე გვითხრა, ის უკვე წლებია, რაც ანნა-მარია ხოდელი გახლავთ (რამდენიმე წელია, გვარ-სახელი ოფიციალურად შეიცვალა). ინტერვიუმ საზოგადოების, მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია. რესპონდენტთან საუბრისას კიდევ რამდენიმე თემას შევეხეთ, რომელიც აღნიშნულ ინტერვიუში, თემატიკიდან გამომდინარე, ვერ მოხვდა. დიალოგის იმ ეპიზოდებს ახლა შემოგთავაზებთ.
ერთ დროს პოპულარული დიზაინერი, გარემოებების გამო, წლებია ფაქტობრივად ჩამოცილებულია თავის საქმიანობას, ჩვენს კითხვაზე, აქვს თუ არა ურთიერთობა სხვა დიზაინერთან, რესპონდენტის პასუხი ასეთია:
- ღმერთმა მომცა იმის ბედნიერება და ჩვენი ცხოვრება ისე დალაგდა, რომ დიდ დღესასწაულებზე, მათ შორის, შობას, აღდგომას ქაშვეთის ტაძარში მაკა ასათიანთან მიწევს შეხვედრა... მასზე ორი წლით უფროსი ვარ, მაგრამ მე და მაკა ერთად გავიზარდეთ. ისე მოხდა, რომ თხილამურებზეც ერთ სპორტსკოლაში დავდიოდით, სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად ერთ პედაგოგთან ვემზადებოდით. ასპარეზზე 2 წლით ადრე გამოვედი, მაგრამ ჩვენებებს ერთად ვაწყობდით. რთული გზა გავიარეთ, სანამ მოდა, როგორც საზოგადოების ესთეტიკის ნაწილი ფეხს მოიკიდებდა. დღეს როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ისევ ის პატარა გოგოები ვართ, როცა დიზაინერობაზე ვოცნებობდით და სამომავლოდ კოშკებს ვაგებდით... ახლა ერთმანეთს ვეუბნებით კიდეც, - ჩვენს სფეროში ისევ ხომ არ დავბრუნდეთ?! მაკა აზრი ასეთია - ჩვენ უკვე გავაკეთეთ! მეც ვეთანხმები, - გავაკეთეთ, რაც შევძელით...
- მართლაც კარგად მახსოვს თქვენი საოცარი ჩვენებები... დღესასწაულივით იყო...
- ის სიყვარული, რაც მოდის სამყაროსთან გვაკავშირებს, ჩვენში იმდენად ცოცხალია და იმდენად გვაბედნიერებს, რომ ხვდები, იმ ეპოქის გზა, მუდამ ცოცხალი იქნება. რასაც ვერ ვიტყვი სხვა დიზაინერებზე, ვისთან ერთადაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავიარე... ყველას ვეხმარებოდი, ჩვენებებს ვაწყობდი, უანგაროდ, უსასყიდლოდ აქაც და საზღვარგარეთაც... თუმცა ახლა ასეა, - არავინ მკითხულობს... ადრე მწყინდა, ახლა მიხარია... ალბათ ეშინიათ, სადმე არ გამოვჩნდე... არაფერია... მთავარია, შენს თავთან იყო მართალი. რა კარგია, რომ კარიერის გზაზე, პიროვნული ღირსებისა და პატივისცემის მიღმა, კოლეგა აღმომაჩნდა, რომელთან ერთადაც, აი, ასე წარმატებულად გავიარე გზა. ამისთვის ვმადლობ ღმერთს.
წაიკითხეთ სრულად