ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნი რამდენიმე დღის წინ საზოგადოების ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა. ის სოციალურ ქსელში გამომწერებს, განსაკუთრებით კი - ქალბატონებს, მიმართავდა, რომ ექიმის პირველივე დიაგნოზს არ ენდონ და აუცილებლად გადაამოწმონ. მსახიობმა "ინსტაგრამზე" ისაუბრა საკუთარ მძიმე გამოცდილებაზე, რომელიც მცდარი დიაგნოზის დასმას და არასწორ მკურნალობას მოჰყვა.
სტოუნს არ დაუსახელებია მისი პირველადი დიაგნოზი და არც ის, თუ რა სახის "არასწორი პროცედურა" ჩაუტარდა, მაგრამ გულშემატკივრებს ამშვიდებდა, რომ ახლა ყველაფერი კარგადაა.
როგორც 64 წლის მსახიობი აცხადებდა, მას ორჯერ მოუწია ანესთეზიის გაკეთება, მაგრამ ტკივილები მაინც უმწვავდებოდა. ამიტომ გადაწყვიტა, რომ სხვა ექიმთანაც მისულიყო და, როგორც აღმოჩნდა, არასწორი დიაგნოზი ჰქონდა დასმული. მას სინამდვილეში "დიდი ზომის ფიბროიდული კარცინომა ჰქონდა, რომელიც აუცილებლად უნდა ამოკვეთილიყო".
"განსაკუთრებით ქალბატონებს მივმართავ: ნურავის ააგდებინებთ თავს! სხვა მოსაზრებასაც მოუსმინეთ, ამან შესაძლოა, სიცოცხლე შეგინარჩუნოთ!“ - წერს ის.
როგორც ცნობილია, 2001 წელს მსახიობს მკერდში "უზარმაზარი (კეთილთვისებიანი) სიმსივნური წანაზარდების" მოსაცილებლად ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. მკერდის რეკონსტრუქციის ოპერაციის შემდეგ სტოუნმა აღმოაჩინა, რომ ექიმმა მას დიდი ზომის მკერდის იმპლანტები ჩაუსვა, მის დაუკითხავად, რაზეც მსახიობი აღშფოთებული იყო.
მას შემდეგ შერონ სტოუნს ინსულტიც აქვს გადატანილი, რამაც მის კარიერაზე უარყოფითი გავლენა იქონია და, როგორც თვითონ ჰყვება, 7 წლის განმავლობაში უჭირდა სამუშაოს პოვნაც.
ბავშვობა
ჰოლივუდის მომავალი ვარსკვლავი პენსილვანიის შტატის ქალაქ მიდვილში 1958 წლის 10 მარტს დაიბადა. შერონის მშობლები 4 შვილის განათლებას დიდ ყურადღებას უთმობდნენ.
როგორც თავად მსახიობი იხსენებს, ბავშვობაში იგი საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო, უყვარდა წიგნების კითხვა, თეატრი და ცხენით ჯირითი. სტოუნს ძალიან უყვარდა ცხენები და სკოლის გამოსაშვებ საღამომდე ცოტა ხნით ადრე, ჯირითისას, დაზიანებაც მიიღო. ამის გამო ყელზე მას ნაიარევიც ჰქონდა.
გოგონა მაღალი ინტელექტით გამოირჩეოდა. მან სკოლა ვადაზე ადრე დაასრულა და ხელოვნების უნივერსიტეტშიც ჩააბარა.
17 წლის ასაკში მომავალი მსახიობი დამატებით „მაკდონალდსშიც“ მუშაობდა. მალე სამოდელო სააგენტოს შეთავაზება მიიღო და საცხოვრებლად პარიზსა და მილანში გადავიდა. მისი სიმაღლე 174 სმ იყო. სწორედ ამ სიმაღლის გამო იგი პოდიუმზე ხშირად არ ჩნდებოდა, თუმცა, როგორც ფოტომოდელი, ძალიან მოთხოვნადი იყო.
პარიზში სტოუნი პიერ კარდენის წამყვან მოდელად იქცა. მან გოგონას „თეთრი ვარდი“ უწოდა. 1980-იანი წლების დასაწყისში შერონის ფოტოები ისეთი ჟურნალების გარეკანს ამშვენებდა, როგორებიცაა: „ვოგი“, „ელი“ და „ფლეიბოი“.