მანანა ბერიკაშვილი ძმის, ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალ „სარკესთან" საუბრობს:
„პროგნოზი სახარბიელო არ არის. ჩვენ, ალბათ, ის ზურიკო ვეღარ დაგვიბრუნდება, მაგრამ გვაქვს იმედი, ღვთის წყალობით. ზურიკოს მართლაც რომ ჭიანჭველისთვის არ დაუდგამს ფეხი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო ბერიკაშვილია, ყველაზე მაგარი მთელ ჩვენს მოდგმაში. ალბათ, არ გაგვწირავს ღმერთი და ყველაფერი კარგად და ისე იქნება, როგორც საჭიროა.
გული არ აწუხებდა და არც რაიმე სანერვიულო ჰქონია. არც რაიმე წინაპირობა არსებობდა, რომ ასეთი რამ დაემართებოდა, მეხის გავარდნა იყო ეს ყველაფერი ჩვენთვის.
სპექტაკლზე იყო იმ დღეს… საერთოდ უთქმელია, შეიძლება თავს კარგად ვერ გრძნობდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. წუწუნა არ იყო და არც თავის დაავადებაზე დაუჩივლია ოდესმე, ცხოვრობდა, როგორც ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ადამიანი…“ - ამბობს მანანა ბერიკაშვილი.
როგორც ცნობილია, მსახიობს ცოტა ხნის წინ მოულოდნელად გული გაუჩერდა. ამის შესახებ საზოგადოებას მისმა დამ, მანანა ბერიკაშვილმა აცნობა. ზურა ამ დროისთვის მკურნალობას გადის და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ზურა ბერიკაშვილი ლეგენდარული ქართველი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის ვაჟია. გივი ბერიკაშვილი 1933 წელს კოლაგში, გურჯაანის რაიონში დაიბადა, 2017 წლის 10 აპრილს კი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. 4 წლის იყო, როდესაც მამა ჭლექით გარდაეცვალა, 27 წლის ასაკში. დედასაც გულის თანდაყოლილი მანკი ჰქონდა.
„მე რომ გავჩნდი, გივი უკვე გივი იყო. ბავშვობისას ქუჩაში რომ გამოვყავდი, მივხვდი, რომ ყველა რაღაც სხვანაირი დამოკიდებულებით უყურებდა. სპექტაკლები სამი წლიდან მახსოვს, ჯერ კიდევ რუსთავის თეატრში მუშაობდა...
დედაჩემს ექიმთან არ მივყვებოდი, გვერდში მამა თუ არ მყავდა. თუ სადმე გასაყოლი იყო, გივის გარეშე არაფერს ვაკეთებდი. პატარაობიდან ვიცოდი, რომ ჩემი იმედი იყო.
მერე უკვე ცოტა აღარ მსიამოვნებდა, რადგან 15 წუთის მისასვლელ ადგილას მივდიოდით 2 საათი, ყველასთან გაჩერდებოდა, ისაუბრებდა, ყველას მოუსმენდა, რაღაცას ჩაიწერდა, რა უჭირდა ხალხს. ახლაც კი გივის სული ბევრ რაღაცაში მეხმარება.
ქუჩაშიც, ნებისმიერ სიტუაციაში რომ გავივლი, მეუბნებიან – ვაიმე, ვაიმე, როგორი მამა გყავდაო. თან მერიდება.
ასეთი საჩუქარი გაგონილი არ გექნებათ: ერთხელ, ახალ წელს, სახლში მოვედი, ვიქეიფე. პირველი რიცხვია, საღამოს სუფრა გაშალეს და ცალკე დევს ერთი შამპანური და ბევრი 10-თეთრიანი დიდი პარკით. დედაჩემს ვკითხე, რა მოხდა-მეთქი? ლიფტის მომსახურების ბიჭებმა მიულოცეს გივის ახალი წელი და ეს აჩუქეს, დახურდავებაზე რომ არ ეწვალაო. ამას რომ ვყვები, არ მიჯერებენ ხოლმე“, - იხსენებდა ზურა ბერიკაშვილი მამაზე, გივი ბერიკაშვილზე.